პირველი ტესტ-მატჩი

რაგბიში განსაკუთრებულ ინტერესს საერთაშორისო ტესტ-მატჩები იწვევს. ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება ის მოვლენაა, რომელიც მილიონობით ადამიანის ყურადღებას იპყრობს, სანაკრებო ტურნირების აუდიტორია კი მილიარდ მაყურებელს სცდება. 

ამ ტრადიციას საფუძველი 152 წლის წინ ჩაეყარა. პირველი საერთაშორისო თამაში ინგლისსა და შოტლანდიას შორის 1871 წლის 27 მარტს, ედინბურგში, „რეიბარნ ფლეის“-ზე შედგა და მას 4 ათასი მაყურებელი დაესწრო. 

შოტლანდიელებმა მეტოქე პრესის მეშვეობით გამოიწვიეს. ყოველკვირეული გამოცემა The Scotsman-ის (სხვა ვერსიით Bell’s Weekly) 1870 წლის 8 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა წერილი, რომელსაც ხუთი შოტლანდიური კლუბის კაპიტანი აწერდა ხელს. წერილის თანახმად, შოტლანდიელები ინგლისის საუკეთესო გუნდს 20-20-ზე სათამაშოდ იწვევდნენ. იმხანად, წესების თანახმად, გუნდი სწორედ 20 მორაგბისგან (დღევანდელი 15-ის ნაცვლად) შედგებოდა.

ინგლისელებს თეთრი კვართები და შორტები ეცვათ, მკერდს კი წითელი ვარდი უმშვენებდათ. შოტლანდიელებს ყავისფერი კვართები და თეთრი, კრიკეტის შორტები ემოსათ. ინგლისს ფრედერიკ სტოუქსი წვრთნიდა, შოტლანდიას – ფრენსის მონკრიფი. მსაჯები შოტლანდიელი ჰელი ჰატჩინსონ ალმონდი და ინგლისელი უორდი იყვნენ. 

იმ დროს ლელოს გატანის შემდეგ აუცილებელი იყო გარდასახვის გატანა და ეს ითვლებოდა ერთ ქულად. ტაიმი 50 წუთი გრძელდებოდა (ჯამში 100 წუთი) და მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში გამარჯვებული ის გუნდი ხდებოდა, რომელსაც უფრო მეტი გარდაუსახავი ლელო ჰქონდა გატანილი. თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარი იყო, შეხვედრა ფრედ სრულდებოდა. 

მატჩის დღეს კარგი ამინდი გამოვიდა და სტადიონზე მაყურებელი მრავლად მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქომაგობა მასპინძლების მხარეს იყო, ინგლისი აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. სტუმრებს უფრო მძიმე და მსხვილი ბიჭები ყავდათ.

პირველმა 50-მა წუთმა თანაბარ ბრძოლაში, უქულოდ ჩაიარა. მეორე ტაიმში თამაში გაიშალა და ანგუს ბიუკენენი გახდა პირველი მორაგბე, რომელმაც საერთაშორისო თამაშში პირველი ლელო გაიტანა, უილიამ კროსმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა და ბურთი ძელებსშუა გაატარა. დარჩენილ დროში ორივე გუნდმა შეძლო თითო-თითო ლელოს გატანა, მაგრამ დარტყმები არაზუსტი იყო და პირველი საერთაშორისო მატჩი შოტლანდიის გამარჯვებით დასრულდა – 1:0 (დღევანდელი დათვლით 7:0, ან 12:5).

საპასუხო შეხვედრა 1872 წელს ლონდონში, „კენინგტონ ოვალზე“ გაიმართა და ის ინგლისელების გამარჯვებით დასრულდა.

ასე დაიწყო საერთაშორისო შეჯიბრებები რაგბში, რასაც შემდგომში ისეთი ტურნირების დაარსება მოყვა, როგორებიც „შინაური პირველობა“ (ექვსი ერის წინამორბედი, რომელშიც თავიდან მხოლოდ ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია და უელსი თამაშობდნენ), სამი ერი (ამჟამად 4 ერი) და მსოფლიო თასი.