პირველი კლუბი, პირველი კავშირი

მე-19 საუკუნის დასაწყისში, ქალაქ რაგბიში აღმოცენებულმა ახალმა თამაშმა ინგლისში, განსაკუთრებით ლონდონში სწრაფად მოიკიდა ფეხი და დიდი პოპულარობა მოიპოვა. ის გასცდა მშობლიური სკოლის ფარგლებს და ბრიტანულ სასწავლებლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. 

1857 წელი რაგბის ისტორიაში ღირშესანიშნავი თარიღია, რადგან სასკოლო გართობიდან, ის „უფრესების თამაშად“ გადაიქცა. ამის მიზეზი ლონდონის ჰოსპიტალის ექიმები არიან, რომლებმაც პირველი სარაგბო კლუბი – Guy’s Hospital Rugby Football Club დააარსეს. 

პირველ წლებში ისინი ლონდონსა და მის შემოგარენში დაარსებულ კლუბებს ეთამაშებოდნენ, რომელთა რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდებოდა. ამან გააჩინა სტრუქტურა და ჩამოაყალიბა მორაგბეთა ერთობა, რაც სამომავლოდ რაგბის სულისა და ხასიათის განმსაზღვრელი გახდა. 

და მაინც, რაგბი რჩებოდა ლოკალურ გასართობად. კლუბების უმრავლესობას თამაშის საკუთარი წესები ჰქონდა, რომელიც განსხვავდებოდა სხვა კლუბის წესებისგან, ეს კი თამაშში გაურკვევლობებს ქმნიდა. ამიტომ, კლუბების ხელმძღვანელები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საჭირო იყო მმართველი ორგანოს შექმნა, რომელიც მოახდენდა წესების შეჯერებას და თამაშების სისტემატიზაციას. 

1871 წლის 26 იანვარს, 21 კლუბის წარმომადგენელი, ძირითადად ლონდონიდან, რესტორან „პოლ მოლში“ შეიკრიბა და სხდომის დასრულების შემდეგ ინგლისის რაგბის ფედერაცია დაარსდა. ახლად დაარსებული ორგანიზაციის პირველი პრეზიდენი ალფრედო სენტ-ჯორჯ ჰამერსლი გახდა, რაგბის სკოლის ყოფილი მოწაფე და გამორჩეული მოთამაშე. 

მისი ხელმძღვანელობით იმავე წელს გამოიცა რაგბის ოფიციალური წესები და დაიწყო როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო თამაშების ორგანიზება, რამაც რაგბი ყველასათვის საყვარელ სპორტის სახეობად აქცია.