ჭაბუკთა ბ ლიგა | სტუმრებმა მცირე სხვაობით იმარჯვეს

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები უაღრესად დაძაბული გამოდგა და ორივე ფინალისტის ვინაობას საპასუხო შეხვედრები გამოავლენს.

„აია არენაზე“, პრინციპული მეტოქეების ‘აიასა’ და ‘ლელოს’ შეხვედრა ანშლაგის თანხლებით ჩატარდა. ვიცე-ჩემპიონმა ‘აიამ’, ჩემპიონს სეზონში ერთადერთი მარცხი ქუთაისში მინიმალური სხვაობით აგემა, ჯგუფური ეტაპის მეორე წრეში კი ‘ლელომ’ საკუთარ არენაზე დამაჯერებელი რევანში აიღო. პლეი ოფის პირველ ეტაპზე ჩემპიონმა რიონისპირელთა მეორე გუნდთან (’აია’-1) „წაივარჯიშა“, ‘აიამ’ კი „ბეწვის ხიდზე“ გაიარა და საშინაო მარცხის მიუხედავად, ‘აკადემიას’ 2 მატჩის ჯამური შედეგით, 4-ქულიანი სხვაობით აჯობა.

პირველი ტაიმი სტუმართა კარნახით წარიმართა. ‘ლელო’ დაცვაში საიმედოდ ირჯებოდა და რიონისპირელები მგეზავ თეიმურაზ ძოძუაშვილის გატანილ წყვილ ჯარიმას დააჯერა. პაატა მასურაძის შეგირდთაგან კი ლელოს დადება მარბიელმა მიხეილ შიოშვილმა და ფულბეკმა ნიკოლოზ ხალვაშმა მოახერხეს. მგეზავმა გიგი სირბილაძემ 1 გარდასახვა გამოიყენა და შესვენებაზე ჩემპიონი 6-ქულიანი უპირატესობით წავიდა – 12:6. ‘ლელო’ უამრავ ეფექტურ ბოჭვას ასრულებდა, მოლს კარგად აყალიბებდა და სტატიკაში სრულად დომინირებდა.

მეორე ნახევარში ‘აიამ’ ტემპს უმატა და თან მასპინძელთა ხაზიც უკეთ ათამაშდა. ჯერ ძოძუაშვილმა ჯარიმა ზუსტად დაარტყა, რასაც რიონისპირელთა მარბიელ ლუკა გაბუნიას დადებული ლელო მოჰყვა. ძოძუაშვილმა ზუსტი გარდასახვით თანაგუნდელები ანგარიშში პირველად დააწინაურა. ‘ლელომ’ თავის მხრივ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და კაპიტან ლუკა საღინაძის გარდაუსახავი ლელოთი მინიმალური უპირატესობა დაიბრუნა.

მართალია, ძოძუაშვილის მორიგი გატანილი ჯარიმით ‘აია’ კიდევ ერთხელ დაწინაურდა, თუმცა ჩემპიონის მორკინალთა აქტიურობას ჰავბეკ ნიკოლოზ ხმელიძის გარდაუსახავი ლელო მოჰყვა. მატჩის მიწურულს ძოძუაშვილმა ანგარიშის გამთანაბრებელი ჯარიმა გაიტანა, თუმცა სტუმრებმა ბოლო მიძალებით მეტოქის 22-მეტრიანთან ჯარიმა გამოიმუშავეს. „გაწითლებულ“ დროზე გიგი სირბილაძეს ხელსაყრელი პოზიციიდან გამარჯვების მომტანი 3 ქულის აღება არ გაჭირვებია. პირველი რაუნდი ‘ლელომ’ 25:22 მოიგო.

‘არმია’-‘ხვამლის’ ნახევარფინალს კი „რაგბი ჭალამ“ უმასპინძლა. ბრინჯაოსმედალოსანმა მუხიანელებმა რეგულარული სეზონი სტაბილურად, მაღალ დონეზე ჩაატარეს, მეორე ადგილი დაიკავეს და 1/4-ში „ვერცხლის“ ლიგის გამარჯვებულ რუსთავის ‘ხარებს’ ორივე შეხვედრა მოუგეს. „არმიელებმა“კი პლეი ოფისკენ გზა სეზონის მიწურულს უშუალო კონკურენტების ძლევის შედეგად გაიკაფეს, რომლის პირველ ეტაპზე სტუმრად ‘ბათუმი’-1-თან ურთულესი ქამბექით მოპოვებული გამარჯვება სეზონის მთავარ სენსაციად იქცა. მართალია, რეგულარულ სეზონში ‘ხვამლმა’ ‘არმიას’ ორივე შეხვედრა მოუგო, თუმცა რატი ურუშაძის ბიჭებმა ხსენებულ მატჩებში წარმატებას ბოლო წუთებზე მიაღწიეს.

1/2-ური შეხვედრა ორმხრივი იერიშებით დაიწყო. „არმიელები“ აქცენტს დინამიურ თამაშზე აკეთებდნენ, ბეკები მარჯვედ ჩაუქობდნენ და ოვალს სწრაფად შლიდნენ, თუმცა მუხიანელთა მორკინალებთან გამკლავება უჭირდათ. ‘ხვამლი’, კვაჭ გიგი კოშაძის მოლით დადებული გარდასახული ლელოთი დაწინაურდა. „არმიელებმა“ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და 2-გზის იხეირეს. ‘არმიამ’ ჯერ ანგარიში კაპიტან დავით ბარბაქაძის გარდასახული ლელოთი გაათანაბრა, ფრთა შოთა შენგელიას გარდაუსახავი ლელოთი კი 5-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა. ტაიმის მიწურულს მუხიანელ მორკინალთა მორიგი მიძალება ლელოთი კვლავ გიგი კოშაძემ დაასრულა, ფულბეკ გიგა ყიფშიძეს გარდასახვა გაუცუდდა და პირველი ტაიმი ფრედ 12:12 დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში ყიფშიძის 40 მეტრიდან გატანილი წყვილი ჯარიმით ‘ხვამლი’ 6 ქულით დაწინაურდა. მატჩის ბოლო 10 წუთში ხელი „არმიელთა“ მორკინალებმაც გამოიღეს და მათ აქტიურობას ფრთა გიორგი გიაშვილის დადებული ლელო მოჰყვა, რომლის გარდასახვა ფულბეკ რაულ ჩორგოლაშვილს არ გაჭირვებია. შეხვედრის დარჩენილმა წუთებმა მუხიანელთა იერიშებში ჩაიარა და გიგი კოშაძის შესრულებული „ჰეთ-თრიკით“, ხვამლმა’ მატჩი 23:19 მოიგო. აღსანიშნავია, რომ „გაწითლებულ“ დროზე „არმია’ ძალუმად უტევდა, თუმცა მეტოქის 10-მეტრიანთან ოვალის წინ ვარდნის გამო, მატჩის ანგარიში უცვლელი დარჩა.