ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘არმიას’ სენსაციური ქამბექი

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ პლეი ოფში ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა. ‘ლელოს’ და ‘ხვამლს’ მოწინავე კვარტეტში მოხვედრა არ გაჭირვებიათ. ‘აიამ’ საშინაო მარცხის მიუხედავად, ‘აკადემიას’ 2 მატჩის ჯამური შედეგით აჯობა.

‘არმიას’ წარმატება ‘ბათუმი1’-თან კი ჯერჯერობით მიმდინარე პირველობის ყველაზე დიდ სენსაციად იქცა. ზუსტად 10 წლის წინ მოპოვებული ტიტულის შემდეგ ‘არმია’ პოდიუმისთვის პირველად იბრძოლებს. მოწინავე კვარტეტში განსაკუთრებულ ინტერესს ჩემპიონ ‘ლელოსა’ და ვიცე-ჩემპიონ ‘აიას’ დაპირისპირება იწვევს. პრინციპულ მეტოქეთა გზები ამჯერად სატიტულო შეხვედრამდე გადაიკვეთა.

ჩემპიონმა ‘ლელომ’ პირველი მატჩის მსგავსად 62-ქულიანი სხვაობით მოიგო და პაატა მაისურაძემ ამჯერზეც გუნდის წამყვან მოთამაშეთა დიდი ნაწილი დაასვენა. მესამე მასივის მშობლიურ არენაზე, ‘ლელომ’ „ვერცხლის“ ლიგის მეორე ადგილოსან ‘აია’-1-ს პირველ ტაიმში 7 ლელო დაუდო, რასაც მეორე ნახევარში კიდევ 4 ლელო წაუმატა.

მატჩის დებიუტში ‘ლელოს’ კვაჭმა დავით ხიზანიშვილმა მიჯრით წყვილი ლელოს გატანა მოახერხა.  პირველ ტაიმში „დუბლი“ ასევე ჩემპიონის ფრთა საბა ვერულაშვილმა და შუამარბმა დათა ახვლედიანმა შეასრულეს. კლასში არსებული უდიდესი სხვაობის მიუხედავად, რიონისპირელები ბოლომდე იბრძოდნენ და მატჩის ბოლო წუთზე მოლის ჩაქცევისთვის მსაჯმა მათ სასარგებლოდ საჯარიმო ლელო დანიშნა, რამაც ნიკოლოზ ლაღაძის ბიჭები ამჯერად „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან იხსნა – 69:7.

„აია არენაზე“, ‘აია’-‘აკადემიას’ შეხვედრა თბილისური დაპირისპირებისგან განსხვავებით, გუნდების მეტი დისციპლინითა და თამაშის ხარისხით გამოირჩა. პირველი მატჩი რიონისპირელებს 11-ქულიანი სხვაობით ქონდათ მოგებული და საშინაო მატჩის დებიუტში, ჰავბეკ გიორგი ლომთაძის გატანილი ჯარიმითა და ფრთა საბა ციბაძის დადებული ლელოთი 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. „მხატვრებმა“ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, რასაც ტაიმის მიწურულს სტუმართა მარბიელ დავით აქუბარდიას გარდასახული ლელო მოჰყვა.

მეორე ტაიმში ‘აიას’ მგეზავ თეიმურაზ ძოძუაშვილის გატანილ წყვილ ჯარიმას, ბესიკ ჩინჩალაძის ბიჭებმა 2 გარდასახული ლელო (მარქაფადან ჩართული კვაჭი ტატო ბესელია და მგეზავი დემეტრე დევდარიანი) დაუპირისპირეს. დევდარიანმა სამივე გარდასახვა გამოიყენა და 5 წუთით ადრე ‘აკადემია’ 7-ქულიანი სხვაობით დააწინაურა.

„მხატვრები“ უპირატესობას განსაკუთრებით შერკინებასა და დერეფანში ფლობდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე რიგმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა სტუმრებს საერთო გამარჯვების მომტანი ლელოს გატანა არ დაანება. მართალია, მატჩი ‘აკადემიამ’ 21:14 მოიგო, თუმცა 2 მატჩის ჯამურმა შედეგმა – 35:31 ნახევარფინალის საგზური ‘აიას’ არგუნა.

ბრინჯაოს მედალოსან ‘ხვამლს’, მცირე პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნებული რუსთავის ‘ხარები’ სტუმრად, რომელიც 12 ქულის სხვაობით ყავდა დამარცხებული. რატი ურუშაძის ბიჭებმა საპასუხო შეხვედრა კიდევ უფრო აღმავლობით წარმართეს და ქვემო ქართლელთა დიდი მცდელობის მიუხედავად, მეტოქე ამჯერზე “მშრალი“ და კიდევ უფრო სოლიდური ანგარიშით დაამარცხეს.

დაცვაში ხისტ, საიმედო თამაშთან ერთად, ‘ხვამლი’ სწრაფად და ორგანიზებულად მოქმედებდა. მატჩში გატანილი 6 ლელოდან დიდი ნაწილი კომბინაციურ სტილში, კარგად გათამაშებული ოვალით იქნა დადებული. მასპინძელთა წარმატებას სათავე პირველ ტაიმში ბურჯ ომარ ძამაშვილისა და კვაჭ ლუკა წიკლაურის ლელოებმა დაუდეს. მუხიანელებმა მეორე ტაიმში მონაგარს კიდევ 4 უპასუხო ლელო შემატეს. მასპინძელთა შუამარბმა ნიკა ნათენაძემ „დუბლი“ შეასრულა და მისმა მეორე ლელომ შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 36:0.

‘ბათუმმა’ რეგულარული სეზონი მესამე ადგილზე ჩაამთავრა, ‘არმიას’ სეზონის სამივე შეხვედრა მოუგო და თან პლეი ოფის საპასუხო საშინაო შეხვედრის წინ სოლიდურ, 14-ქულიან ჰანდიკაპსაც ფლობდა. როგორც განმეორებით შეხვედრაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, ხსენებულმა გარემოებამ აჭარლებს ცუდი სამსახური გაუწია და გიორგი სვინტრაძის შეგირდებმა სათანადო მობილიზება და შეხვედრის დალაგება მატჩის მიწურულამდე ვერ მოახერხეს.

მწირქულიანი პირველი ტაიმი მასპინძლებს ცუდს არაფერს უქადდა. ბათუმელთა შუამარბ ანრი დევაძის გატანილ წყვილ ჯარიმას „არმიელებმა“ ტაიმის ბოლო წუთებზე ფრთა ვაჟა ხეცურიანის დადებული ლელო შეაგებეს, რომელიც ფულბეკმა რაულ ჩორგოლაშვილმა გარდასახა და საკუთარ გუნდს შესვენების წინ მინიმალური უპირატესობა მოუპოვა.

მეორე ტაიმში „არმიელებმა“ სისწრაფეს უმატეს და მასპინძლებზე ზეწოლა გააძლიერეს. ჩორგოლაშვილის გატანილ ჯარიმას, „არმიელთა“ სასარგებლოდ დანიშნული საჯარიმო ლელო მოჰყვა და გია ჯავახიშვილის შეგირდები 11-ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ. აღნიშნულ ეპიზოდში კვანტის დადებისთვის ბათუმელთა მღლეტელი ანზორ ვადაჩკორია წითელი ბარათით იქნა გაძევებული. ‘არმია’ შეტევებს აგრძელებდა და კვაჭ გუკა კუმელაშვილის დადებული ლელოთი, რომელიც გარდასახა და 1 გატანილი ჯარიმაც ჩორგოლაშვილმა დაურთო, სტუმრები სასურველი, 15-ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ.

მატჩის კულმინაცია კი დასკვნითი 5 წუთი გამოდგა. კაცნაკლულმა ‘ბათუმმა“ მარბიელ გიორგი არძენაძის გარდასახული ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 8-ქულამდე შეამცირა. „არმიელთა“ შტურმმა კი ბოლო წუთზე სასურველი შედეგი გამოიღო. ფეხით ეფექტურად გადაკიდებულ ოვალს „არმიელები“ თავად დაეუფლნენ და სამსვლიანი კომბინაცია შუამარბმა ლაშა გოგოლაძემ ძელებს შუა დადებული ლელოთი დააგვირგვინა. ჩორგოლაშვილს გარდასახვა არ გაჭირვებია – 34:19. 2 მატჩის ჯამური შედეგით 47:46 გამარჯვება ‘არმიას’ დარჩა.

2-მატჩა ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ლელო (1) – აია (4)

ხვამლი (3) – არმია (6)

პირველი მატჩები წყვილებში უარეს-ნომრიანი გუნდების, ‘აიასა’ და ‘არმიას’ არენებზე გაიმართება