მანდელიუში ორი გუნდით – ‘მერანი’ საერთაშორისო ფესტივალზე

თბილისის ‘მერანის’ 12 და 10-წლამდელთა გუნდებმა საფრანგეთში, მანდელიუში ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.

ეს არის ტრადიციული, რეგიონული საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ყოველი სეზონის ბოლოს იმართება. წელს ფრანგულ კლუბებთან ერთად მასში საქართველოს, მონაკოსა და კორსიკის გუნდებიც იღებდნენ მონაწილეობას. ჯამში ტურნირში 750-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

მანდელიუს ტურნირი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 10-წლამდე ‘მერანის’ გუნდისთვის. ჯგუფურ ეტაპზე მათ ხუთიდან ოთხი თამაში მოიგეს, მასპინძლებთან კი, რომლებიც ფავორიტებად ითვლებოდნენ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ნახევარფინალებისა და ფინალების წინ გრიგალი ამოვარდა, რასაც თან წვიმა და ჭექა-ქუხილი დაერთო და გადამწყვეტი თამაშები ვეღარ შედგა.

მეორე დღეს მასპინძლებმა ‘მერანი’ ამხანაგური მატჩის გასამართად გამოიწვიეს. თავიდან ქართველები დაწინაურდნენ, მაგრამ ფრანგებმა შეძლეს წონასწორობის აღდგენა და ეს შეხვედრაც 1:1 დასრულდა.

ტურნირი კარგად დაიწყო ‘მერანის’ 12-წლამდელთა გუნდმაც, მაგრამ დაუგეგმავ წინააღმდეგობას წააწყდა. საფრანგეთში, საფესტივალო ასაკში ბურთიანი მოთამაშე ვალდებულია არიდებაზე ითამაშოს, პირდაპირი კონტაქტი აკრძალულია და ამის გამო ხშირად ვჯარიმდებოდით. ამ ასაკში საფრანგეთში დაშვებულია შერკინებაში მიწოლაც, რაც ერთგვარი სიურპრიზი იყო. საბოლოოდ, ‘მერანის’ 12-წლამდელებმა 11-გუნდიან ტურნირში მე-4 ადგილი დაიკავეს.

‘მერანის’ ბავშვებს შეხვდნენ და წარმატებული თამაში მიულოცეს ქალაქის მერმა და ადგილობრივი კლუბის პრეზიდენტმა. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს კანის, მანდელიუსა და ანტიბის ღირშესანიშნაობები. კლუბისთვის ეს მეექვსე გასვლაა მანდელიუს, მონაკოსა და ნიცას ტურნირებზე.