შაბათს, 6 მაისს “ავჭალაში” დიდი ფინალებია!
15:00 საათზე, პირველი ლიგის ფინალია: არწივები – არმია,
19:00 საათზე დიდი 10-ის დაგვირგვინებაა: ხარები – ბათუმი.
შინაური ჩემპიონატის ფინალურ დღეს პირველი ლიგის ფინალი გახსნის. რიგით მე-2 რანგის ფინალი ძალზედ საინტერესოა, რადგან წელს ორივე გუნდი ლეგიონერებითაა გაძლიერებული: ოზურგეთის არწივებს 9 უცხოელი მორაგბე ყავს – 5 სამხრეთ აფრიკელი, 4 ფიჯელი; ხოლო არმიას 6: 3 სამხრეთ აფრიკელი, 3-იც ფიჯელი. წელს მათ შორის 3 რკენა გაიმართა და სამივეში არწივებმა იმარჯვა – ოზურგეთში 28:24, თბილისში 39:17 და შესარჩევ ფინალში 29:23. ოზურგეთის არწივები 2009 წელს დაარსებული კლუბია და ის არასდროს ყოფილა დიდი 10-ში (უმაღლეს ლიგაში), ხოლო არმია (უწინ უნივერსიტეტი) დიდი 10-ის პრიზიორი 5-ჯერაა: 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო. ამიტომ უფრო საინტერესოა, შეძლებს თუ არა გურული კლუბი ისტორიაში პირველად დიდ-10-ში აღზევებას, თუ არმია დაიბრუნებს ძველ დიდებას; თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, მათ შორის წაგებულს კიდევ 1 შანსი ექნება ელიტაში ასასვლელად: თუ 2 მატჩის ჯამში აჯობებს დიდი 10-ის მე-9 ადგილოსან აკადემიას; ასე რომ, შესაძლებელიც კია გაისად ორივე გუნდი ელიტაში ვიხილოთ .
დიდი 10-ის ფინალი ჩემპიონატის შესაშური დაგვირგვინება იქნება: 4 გზის ჩემპიონი ბათუმი ტიტულის დაცვას 1 გზის ჩემპიონ რუსთავის ხარებთან ეცდება. წელს ურთიერთშეხვედრებში ხარები ლიდერობს, ჯერ ბათუმში იმარჯვა 29:5, შემდეგ კი შინ 20:12. მათ შორის ფინალი 2019 წელს შედგა, სადაც ბათუმმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 36:11, ოღონდ იმ სეზონშიც ორივე რეგულარული გათამაშების ურთიერთშეხვედრა ხარებმა მოიგო, ამიტომ საინტერესოა – გამეორდება ისტორია, თუ დაარღვევს ხარები უიღბლო ტრადიციას?
რუსთავის ხარები (უწინ აზოტი) პირველად და ჯერჯერობით ბოლოს ჩემპიონი 30 წლის წინ – 1993 წელს გახდა, ოღონდ მაშინ ფინალი არ გამართულა. ვერცხლი 1994 და 2019 წლებში აიღეს, ბრინჯაოს კი 1997 და 2022 წელს შეწვდნენ.
ბათუმის ბათუმი (უწინ კი დათვები), საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ზედიზედ მე-4 ფინალს თამაშობს: წინა 3-იდან 2 მოიგო და 1-ში დამარცხდა. მათი მთლიანი მონაგარი კი ასე გამოიყურება – 4 ოქრო: 1999, 2002, 2019, 2022; 5 ვერცხლი: 1998, 2001, 2009, 2017, 2021 და 1-იც ბრინჯაო: 2004 წელს.
წლევანდელი სეზონი ხარებმა ოდნავ უხეიროდ დაიწყო: პირველი 3 მატჩიდან 2 წააგეს (ორივე გასვლაზე – ქუთაისში), მაგრამ მას შემდეგ კარგ ფორმაში შევიდნენ და ზედიზედ 8 თამაში მოიგეს: აქედან 5 რკენაში “სინს” ფლობდნენ და პირველ ადგილზეც გამაგრდნენ. შემდეგ ოდნავი ჩავარდნების გამო პირველი ადგილი დათმეს, მაგრამ მაინც გავიდნენ მეეორეზე, რაც ჩვენთან-მოქმედ ავსტრალიურ პლეი-ოფში დიდ უპირატესობას აძლევს გუნდს – თუ იყოჩაღე და შესარჩევ ფინალში იმარჯვე, ჩემპიონობამდე 1 ნაბიჯი გაშორებს; ხარებმა კი ეს შეძლეს, გასვლაზე დაამარცხეს პირველ-ადგილოსანი ლელო 27:16 და ფინალში მეტოქეს დასვენებული დახვდნენ.
განსხვავებული წელი გამოუვიდა ბათუმს. 2022 წელს ბათუმი პირველი ქართული კლუბი იყო, რომელმაც ევროპის “ზე თასზე” ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ევროპის და შინაური პირველობის თამაშები ერთმანეთს რომ ემთხვეოდა, კლუბმა პრიორიტეტად “ზე თასი” აირჩია და დიდ-10-ში ახალგაზრდულ შემადგენლობას ათამაშებდა. “ზე თასზე” ნაჩვენები დამაკმაყოფილებელი შედეგის შემდეგ (2 მოგება, 4 წაგება), ყველას გასაკვირად ბათუმი არასტაბილურად ასპარეზობდა, ზოგ თამაშს დიდი ანგარიშით იგებდა, ზოგს კი ბრძოლაში მაგრამ მაინც აგებდა. თუმცა კლუბმა მოახერხა ბოლო ძალების მოკრება და რეგულარული ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა. პლეი-ოფში კი სულ სხვა ბათუმი ვიხილეთ, დაძაბულ ბრძოლებში ჯერ სახლში 1/3 ფინალში დაამარცხა ყოჩები, შემდეგ კი გასვლაზე გასავარდნ ფინალში ძლია აიას, ხოლო წინასწარ ფინალში ასევე გასვლაზე დამაჯერებლად მოუგო ლელო.
ამჯერად, დასვენებული და მოტივირებული რუსთავი დიდი 10-ის ფინალში დაუხვდება ოდნავ გადაღლილ, მაგრამ გამოცდილ მოქმედ ჩემპიონ ბათუმს, ამ ჯახის გამოტოვებას კი არ გირჩევთ.
ფინალზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ აქ: tkt.ge/didi10