ბორის ზიბზიბაძის სამძიმარი

69 წლის ასაკში გამოჩენილი მორაგბე და ღვაწლმოსილი სპეციალისტი ბორის ზიბზიბაძე („ბენიამიჩი“) გარდაიცვალა. ქუთაისის მკვიდრმა ბორის ზიბზიბაძემ პროფესიულ დონეზე თამაში შაკო ქურციკიძის თაოსნობით დაიწყო და 1974-86 წლებში წარმატებით იცავდა ‘აიას’ (იმხანად ‘სახმშენი’) ღირსებას. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ამპლუით მესამე ხაზელმა „ბენიამიჩმა“ რიონისპირელთა მთავარი გუნდის რიგებში საბჭოეთის პირველობებზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

მოქმედი სპორტსმენის კარიერის დასრულებისთანავე ბორის ზიბზიბაძემ მწვრთნელობას მიჰყო ხელი და იმერეთში რაგბის განვითარებისა და მოზარდი მორაგბეების წვრთნა-დაოსტატების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. ბორის ზიბზიბაძის უშუალო ძალისხმევით სარაგბო კერები წყალტუბოსა და ხონში შეიქმნა. მშობლიურ ქუთაისში კი ამირან შავგულიძესთან ერთად, რაგბის კლუბი ‘აიეტი’ დაარსა, რომელმაც რიონისპირული რაგბის განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ბოლო პერიოდში „ბენიამიჩი“ ქუთაისის რაგბის სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობდა და ადგილობრივ მოზარდ მორაგბეებს თავის მდიდარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდა.

ბატონმა ბორისმა ზიბზიბაძეების დიდ სარაგბო დინასტიასაც დაუდო სათავე. „ბენიამიჩის“ სამივე ვაჟი მორაგბე გახლდათ, რომელთა შორის უფროსმა, თედო ზიბზიბაძემ გამოჩენილ ბორჯღალოსანთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ბორის ზიბზიბაძის ერთ-ერთი შვილიშვილი საფრანგეთში, პროფესიულ რაგბიში წარმატებით ასპარეზობს.

რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვავს ბორის ზიბზიბაძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ზიბზიბაძეების ოჯახს და სამძიმარს უცხადებს.