Rugby World Georgia | საერთაშორისო ფესტივალი გორში და გამარჯვებული „ქართველი ბარბაროსები“ მონაკოში

პირველი ქართულ-ინგლისური სარაგბო გამოცემის – Rugby World Georgia-ს ორგანიზებითა და საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორობით, 19 აპრილს გორის სარაგბო სტადიონზე საერთაშორისო სარაგბო ფესტივალი გაიმართა და გამარჯვებული გუნდი პრინცესა შარლენის ფონდის მიერ ორგანიზებულ მონაკოს საერთაშორისო სარაგბო ფესტივალზე გაემგზავრა, რომელიც 22 აპრილს ჩატარდა.

 

Rugby World Georgia საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზებას იწყებს

„ჩვენი მიზანი რაგბის პოპულარიზაცია და ბავშვთა რაგბის განვითარებაა, რაც პირდაპირ პასუხობს ქართული რაგბის ამჟამინდელ გამოწვევებს. განვითარებისთვის კი მეტი თამაში და განსხვავებული გამოცდილებაა საჭირო. სწორედ ამიტომ, ვამყარებთ კონტაქტებს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნების რაგბის კავშირებთან, გუნდებთან და ვიწყებთ საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზებას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, რათა ჩვენი ბავშვები ადრეული ასაკიდან მიეჩვიონ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან თამაშს და ეს წნეხი აღარ ქონდეთ მაშინ, როდესაც ასაკობრივ ნაკრებებში მოხვდებიან“ – ამბობს Rugby World Georgia-ს გამომცემელი დავით სამსონიძე.

საფესტივალო რაგბი საქართველოში რეგიონული პრინციპით ტარდება. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გუნდები მარტიდან ივნისამდე და სექტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე ოთხ ასაკობრივ ჯგუფში თამაშობენ – 9, 11, 13 და 15-წლამდე. დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდებს, იშვიათი, პირადი ინიციატივების გარდა, ერთმანეთთან თამაში მხოლოდ 15-წლამდელთა ასაკში უწევთ, როდესაც ჩემპიონატი იმართება და მასში გუნდები შეზღუდული რაოდენობით მონაწილეობენ (შესარჩევი ეტაპი რეგიონული პრინციპით ტარდება).

მეორე მიმართულება, რომელიც გაძლიერებას საჭიროებს 7-კაცა და ქალთა რაგბია, რაც ასევე წარმოადგენს ჟურნალის ინტერესს და პირველი ფესტივალიც შესაბამისად დაიგეგმა. სამწუხაროდ, ამ ჯერზე ქალთა ტურნირის ჩატარება ვერ მოხერხდა და პირველ ეტაპზე Rugby World Georgia-ს ეგიდით 20-წლამდელთა (2003-2005 წლებში დაბადებულები) 7-კაცა და 13-წლამდელთა (2010-2012 წლებში დაბადებულები) ფესტივალი გაიმართა.

20-წლამდელებში „ყოჩები“, 13-წლამდელებში „ქართველი ბარბაროსები“

Rugby World Georgia-ს გორის საერთაშორისო ფესტივალი რაგბის კავშირის პარტნიორობით ჩატარდა. მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტის მერია, გორის საკრებულო, გენერალური სპონსორი კი TOYOTA CAUCASUS-ი. ფესტივალის საპატიო სტუმარი გახლდათ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი.

20-წლამდელთა 7-კაცა რაგბის ფესტივალში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა: ქუთაისის „აია“, „ბათუმი“, თბილისის გუნდები – „აკადემია“, „ხვამლი“ და „არმია“, ბოლნისის „ყოჩები“, კიკეთის „იუნკერები“ და ალვანის „თუშები“ (რომელმაც შარშან გაზაფხულზე ბელგიაში საერთაშორისო ტურნირი მოიგო).

გუნდები ორ 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ და სამ-სამი თამაში გამართეს, რის შემდეგაც ფლეი ოფებში ყველა ადგილი გათამაშდა. პირველ ჯგუფში ქუთაისის ‘აიამ’ სამივე თამაში მოიგო, „აკადემიამ“ მეორე ადგილი დაიკავა, „ხვამლმა“ მესამე, „არმიამ“ კი მეოთხე. მეორე ჯგუფში, დასკვნით ტურში, „ყოჩებმა“ „ბათუმს“ ანგარიში ბოლო წუთზე გაუთანაბრა (17:17), მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა (მეტი გატანილი ლელო) და პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო „იუნკერებმა“ და „თუშებმა“ შესაბამისად მესამე და მეოთხე ადგილი დაიკავეს.

პარალელურად, მეორე მოედანზე მიმდინარეობდა 13-წლამდელთა ფესტივალის ჯგუფური ეტაპი, რომელშიც ასევე 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას და ისინიც ორ 4-გუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ. წვეული გუნდი იყო აზერბაიჯანი, რომელთან ერთადაც ჯგუფში „სამტრედია“, „ყაზბეგი“ და „მართვე“ (თბილისი) მოხვდნენ, მეორე ჯგუფში კი წვეულმა გუნდმა „ქართველმა ბარბაროსებმა“, გორის, ხაშურისა და ლენტეხის გუნდებმა ითამაშეს.

ორივე ასაკობრივ ჯგუფში, ფინალური მატჩები ბუნებრივსაფარიან მოედანზე გაიმართა. მთელი ფესტივალის მსვლელობისას მაყურებელთა განწყობაზე დიჯეი ზრუნავდა, ფინალების წინ იანგ მაიკმა სიმღერები თავისი რეპერტუარიდან შეასრულა.

20-წლამდელთა 7-კაცას ფინალი დაძაბული გამოდგა, „ყოჩებმა“ „აიას“ 19:14 აჯობა და გამარჯვებული გახდა. მესამე ადგილლზე „აკადემია“ გავიდა, რომელმაც „ბათუმი“ 22:21 დაამარცხა, მე-5 პოზიცია „ხვამლს“ ერგო (იუნკერებთან 21:7), მე-7 პოზიცია კი „არმიამ“ დაიკავა (თუშებთან 34:14).

13-წლამდელთა ფინალში „ქართველმა ბარბაროსებმა“ „სამტრედია“ 6:0 დაამარცხა; მე-3 ადგილისთვის „ყაზბეგმა“ „გორს“ 3:0 სძლია, მე-5 ადგილი „მართვემ“ დაიკავა (ხაშურთან 8:1), მე-7 ადგილოსნის გამოსავლენად კი დამატებითი დრო გახდა საჭირო და „ლენტეხმა“ აზერბაიჯანს 6:5 სძლია.

გამარჯვებულ გუნდებს სპეციალური თასები საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალურვაძემ, გორის საკრებულოს თავჯდომარემ დავით რაზმაძემ და TOYOTA CAUCASUS-ის წარმომადგენელმა თამარ ტვილდიანმა გადასცეს. 7-კაცა ნაკრების მაისურები გადაეცათ ტურნირის საუკეთესო მელელოვეებს – სანდრო ჟამუტაშვილი (13-წლამდე – ბარბაროსები) და ლუკა ბრეგაძე (20-წლამდე – აია). ისინი ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა – დავით კაჭარავამ და გიორგი ნემსაძემ დააჯილდოვეს. გამარჯვებულ გუნდ „ყოჩებს“ სპეციალური საჩუქარი გადასცა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ. ფესტივალის ყველა მონაწილეს გადაეცა ჟურნალ Rugby World Georgia-ს ახალი გამოცემა.

პირველი „ქართველი ბარბაროსები“ მონაკოს პრინცესას ტურნირზე

გორის 13-წლამდელთა ფესტივალის გამარჯვებული გუნდი „ქართველი ბარბაროსები“, მეორე დღეს მონაკოში გაემგზავრა, სადაც მონაკოს პრინცესას შარლენის ფონდის მიერ გამართულ საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.

მასში მსოფლიოს 20 ქვეყნის წარმომადგენელი თამაშობდა და ფაქტობრივად, 12-წლამდელთა ასაკში მცირე მსოფლიო თასის მსგავსი ტურნირი გამოვიდა. ზოგი ქვეყანა კლუბის სახით იყო წარმოდგენილი, ზოგიც ნაკრების. მონაკოში საქართველოს გარდა საფრანგეთის, სამხრეთ აფრიკის, ინგლისის, კოტ დივუარის, ეკვადორის, შვეიცარიის, მაროკოს, ლიხტენშტეინის და მონაკოს გუნდებმა ითამაშეს.

12-წლამდელთა ფესტივალი 7-კაცა რაგბიში გაიმართა და „ქართველმა ბარბაროსებმა“ ჯგუფურ ეტაპზე ლიხტენშტეინის, მაროკოსა და შვეიცარიის გუნდებს სძლიეს, ნახევარფინალში კოტ დივუარის წარმომადგენლები დაამარცხეს, ნახევარფინალში კი პარიზის გუნდს მოუგეს. ფინალში მათი მეტოქე სამხრეთ აფრიკის „ბლუ ბულსი“ იყო და გამარჯვება მეტოქეს დარჩა, რომლის შემადგენლობაში ფიზიკურად გამორჩეული მორაგბეები თამაშობდნენ.

„ქართველი ბარბაროსების“ გასამხნავებლად მონაკოში სპეციალურად ჩავიდნენ ვეტერანი ბორჯღალოსანი, რაგბის კავშირის გამგეობის წევრი მამუკა გორგოძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ლევან ღვაბერიძე.

მონაკოს პრინცესა შარლენის ფონდს ქართული რაგბისგან საჩუქრები გადაეცა.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ადრეულ ასაკში შეიგრძნეს საერთაშორისო, მაღალი დონის თამაშების ხიბლი, რაც განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და ამავდროულად, უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. წმინდა სპორტული აქტივობის გარდა, 20-ივე გუნდისთვის მოეწყო შემეცნებითი ტურები. მონაკოს პრინცესამ ბავშვებს პირად აუზში უმასპინძლა და სხვადასხვა ტიპის ცოდნა მიაწოდა, მეორე დღეს კი „ქართველი ბარბაროსებს“ მონაკოს ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს.