ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ჩემპიონი უპირატესობას მეთოდურად ზრდის

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში, მე-10 ტურის შემდეგ ‘ლელომ’ ლიდერობა განიმტკიცა. ჩემპიონმა მდევარ ‘ხვამლთან’ სხვაობა 7-ქულამდე გაზარდა.  მუხიანელებმა, დიდ დიღმელთა მსგავსად პირველობაზე 9 შეხვედრა მოიგეს, თუმცა პაატა მაისურაძის ბიჭებმა მეტოქეზე 7-ით მეტი ბონუს-ქულა აიღეს (სეზონის მანძილზე 7-პრემიალური, 1-ნუგეში).

‘აია’ პრემიალური ქულით მოგების შემდეგ ‘ბათუმს’ ქულებით გაუტოლდა, თუმცა უკეთესი პირისპირ ბალანსით აჭარლები ცხრილში მესამე პოზიციას ინარჩუნებენ. ბათუმელები და რიონისპირელები მუხიანელებს 6 ქულით ჩამორჩებიან. მორიგ ტურში უდაოდ გამორჩეული ‘ბათუმისა’ და ‘აიას’ შეხვედრა იქნება, რომელიც აჭარის დედაქალაქში გაიმართება.

‘აკადემიამ’ მეხუთე ადგილი გაიმყარა, გასავარდნ ზონაში მყოფ ‘არმიას’ 12 ქულით მოწყდა და პლეი ოფისკენ მძლავრი ნაბიჯი გადადგა.

პლეი ოფის ვაკანტური, მე-6 საგზურისთვის ბრძოლას ‘კოლხი რაინდები’, ‘არმია’ და ‘არმაზი’ აგრძელებენ. მეექვსე ადგილზე მყოფი კოლხები „არმიელებს“ 1 ქულით, ქვემო ქართლელებს კი კვლავინდებურად 4 ქულით უსწრებენ. ხსენებული სამეულიდან განვლილ ტურში საცხრილო ქულის (/ნუგეშის) აღება მხოლოდ ‘არმიამ’ მოახერხა.

პირველობის ლიდერი ‘ლელო’ ფოთის ‘კოლხი რაინდებს’ მესამე მასივში დაუხვდა. მართალია, კოლხებმა ჩემპიონთან ვერც მეორე შეხვედრაში მოახერხეს სამატჩო ქულების აღება, თუმცა სტუმრებმა ლიდერს პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაუმართეს და ფავორიტი ფრთა ნიკა ლობჟანიძის გარდასახულ ლელოს დააჯერეს.

მეორე ტაიმში კი ‘ლელოს’ უპირატესობა გამოიკვეთა. ანგარიშში სხვაობა მასპინძელთა კვაჭმა დავით არჩვაძემ მოლით დადებული ლელოთი გაზარდა. პაატა მაისურაძის ბიჭებმა ტემპს უმატეს და ოვალის სწრაფი გათამაშებით კოლხებს კიდევ 4 უპასუხო ლელო დაუდეს. ფრთა ლუკა შუბითიძემ „დუბლი“ შეასრულა. მატჩის ბოლო ლელოს ავტორმა ლობჟანიძემ პირად აქტივს ასევე წყვილი ლელო შემატა – 36:0.

‘ხვამლი’-‘ბათუმის’ ტურის გამორჩეული შეხვედრა მუხიანში გაიმართა. პირველ ტაიმში მეტოქეებმა 1-1 ლელოს გატანა მოახერხეს და შესვენებაზე საყაიმო ანგარიშზე წავიდნენ. სტუმართა ფრთა მურმან ყურშუბაძის დადებულ ლელოს ‘ხვამლის’ კვაჭ გიგი კოშაძის საპასუხო ლელო მოჰყვა. ბათუმელთა შუამარბმა ანრი დევაძემ ზუსტ გარდასახვასთან ერთად 2 ჯარიმაც გაიტანა და მეორე ტაიმის დებიუტში საკუთარი გუნდი 3-ქულიანი უპირატესობით დააწინაურა.

‘ხვამლის’ ბორჯღალოსანი დამრიგებლის რატი ურუშაძის შეტანილმა დროულმა კორექტივებმა მუხიანელთათვის სასურველი შედეგი გამოიღო. დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, ‘ხვამლმა’ ოვალზე კონტროლი დააწესა და მატჩის დარჩენილ მონაკვეთში 12 უპასუხო ქულა მიითვალა. მასპინძელთა ბურჯმა ომარ ძამაშვილმა და ფრთა აჩი თოთიაურმა 2 ლელოს გატანა მოახერხეს. მასპინძელთა შუამარბ ნიკა ნათენაძის ბოლო ზუსტმა გარდასახვამ ‘ბათუმი’ სამატჩო ქულის გარეშე დატოვა – 22:13.

„აია არენაზე“, პირველობის აუტსაიდერმა მარნეულის ‘არმაზმა’ მასპინძელ ‘აიას’ ბრძოლა მხოლოდ მეორე ტაიმში გაუმართა. პირველი ნახევარი რიონისპირელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ფრთების: საბა ციბაძისა და საბა ჭეიშვილის, მარბიელ საბა ნებიერიძისა და შუამარბ გიგა ლორთქიფანიძის 4 უპასუხო ლელოს წყალობით გიგი თოდუას ბიჭები შესვენებაზე 24-ქულიანი სხვაობით წავიდნენ.

მეორე ტაიმში ჭეიშვილმა „დუბლი“ გაიფორმა, ‘აიას’ კაპიტანმა და ჰავბეკმა თეიმურაზ ძოძუაშვილმა კი დადებულ ლელოს, 2 ზუსტი გარდასახვაც დაურთო. ქვემო ქართლელებმა ბოლომდე იბრძოლეს, კვაჭ ლუკა ბაკურაძისა და შუამარბ დავით არავიაშვილის გატანილი ლელოებით მატჩის მიწურულს ანგარიშში ჩამორჩენა მცირედით შეამცირეს – 36:12.

‘არმია’-აკადემიას’ დედაქალაქურ დერბის „რაგბი ჭალამ“ უმასპინძლა. შეხვედრამ უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. მეტოქეებმა მთლიანობაში 3-3 ლელო გაიტანეს და 2-2 გარდასახვა გამოიყენეს. „არმიელთა“ მხრიდან მარბიელმა ნიკოლოზ ჩხორთოლიამ „დუბლი“ შეასრულა, „მხატვართა“ კვაჭი გიორგი აღნიაშვილი ასევე წყვილი გატანილი ლელოთი გამოირჩა.

‘არმია’ ხაზში უკეთ გამოიყურებოდა, გია ჯავახიშვილის ბიჭები მატჩის დებიუტსა და მეორე ტაიმის შუაწელს ანგარიშში 2-გზის დაწინაურდნენ, თუმცა „მხატვრებმა“ მორკინალთა კარგი თამაშის წყალობით გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შეძლეს. შეხვედრის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე ‘აკადემიას’ შუამარბ დემეტრე დევდარიანის ხელსაყრელი პოზიციიდან გატანილმა ჯარიმამ ბესიკ ჩინჩალაძის შეგირდთა რთული გამარჯვება დააფიქსირა – 22:19.