8 აპრილს, საქართველოს დროით 22 საათზე ‘შავი ლომი’ სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე პირველ თამაშს გამართავს. რაგბი ევროპის სუპერ თასის ორგზის მფლობელი, სამხრეთ ამერიკის სუპერ ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერს, არგენტინულ დოგოს XV-ს შეხვდება.
‘შავი ლომი’ ურუგვაიში, მონტევიდეოში 5 დღის წინ ჩავიდა და მომავალი თამაშისთვის „ჩარუაზე“ ემზადება, სადაც მომავალი შეხვედრა გაიმართება.
„მონტევიდეოში ჩვენს საჭიროებაზე მაქსიმალურად მორგებული პირობები გვაქვს. სასტუმროსთან ახლოსაა სტადიონი და მგზავრობაში დრო არ იკარგება. ერთადერთი მცირედი დისკომფორტი ისაა, რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვვარჯიშობთ, თუმცა საფარი მაღალი ხარისხისაა, თამაშებიც ამ მოედანზე გვექნება და არც ეს წარმოადგენს პრობლემას“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.
რადგან თამაში ამხანაგურია, გუნდები შეთანხმდნენ, რომ მარქაფაში 8-ის ნაცვლად 10-10 შემცვლელი ეყოლებათ, თუმცა ‘შავი ლომის’ განაცხადში 24 მორაგბეა. ქართული ფრენჩაიზისთვის ეს პირველი შეხვედრაა 2022 წლის 17 დეკემბრის შემდეგ, როდესაც მან სუპერ თასის ფინალში ‘თელავივ ჰითი’ 29:17 დაამარცხა.
„სამხრეთ ამერიკულ ტურნეს განვიხილავთ როგორც სასელექციო ეტაპს 2023 წლის მსოფლიო თასის წინ. მნიშვნელოვანია, რომ იმ მორაგბეებს, რომლებიც რაგბი ევროპის ჩემპიონატში ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყვნენ, თუმცა თამაში არ მოუწიათ, სათამაშო დრო მივცეთ. შეთანხმების საფუძველზე ორივე გუნდს 10-10 შეცვლა უნდა გვყავდეს, მაგრამ ტრავმების გამო ლიმიტირებულები ვართ, რამდენიმე მოთამაშეს დასვენება ჭირდება და ამის გამო განაცხადში 24 მოთამაშე გვყავს“ – აღნიშნავს მაისაშვილი.
‘დოგოს XV’-ის შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებენ ბურჯები დავით აბდუშელიშვილი და ნიკა პატარაია, ასევე კვაჭი თენგიზ ზამთარაძე. მეორე ხაზში თორნიკე აქუბარდია და მიხეილ ბაბუნაშვილი შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში სანდრო მამამთავრიშვილს, მიხეილ გაჩეჩილაძეს და ლუკა ივანიშვილს ვიხილავთ.
ღერძს თენგიზ პერანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი შეადგენს, ცენტრში ლაშა ლომიძესა და თორნიკე კახოიძეს ვიხილავთ, ფრთებზე ოთარ ლაშხი და მირიან მოდებაძე დადგებიან, ფულბეკი კი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელიც მერაბ შარიქაძის არყოფნაში კაპიტნის სამკლავურს მოირგებს.
მეორე ტაიმში გუნდს გააძლიერებენ მორკინალები – შალვა მამუკაშვილი, გოგა ქადარია, ნიკოლოზ ხატიაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი და გიგა ჯულუხაძე, ხოლო ხაზში გიორგი მარგალიტაძეს, დემე თაფლაძეს, გიორგი ბაბუნაშვილს და სოსო მათიაშვილს ვიხილავთ.
‘შავი ლომისა’ და ‘დოგოსის’ მატჩის პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი რაგბი TV-ზე 22 საათზე დაიწყება.
მეტოქე
‘დოგოს XV’ 6 თამაშიდან 5 მოგებით და 26 ქულით, სამხრეთ ამერიკის სუპერ ლიგას ლიდერობს. გუნდმა გაიტანა 23 ლელო და 186 ქულა, თავად კი 17 ლელო და 124 ქულა მიიღო. არგენტინელებმა 6 ბონუს-ქულა აიღეს და ერთით უსწრებენ მეორე ადგილზე მყოფ ‘პენაროლს’.
‘დოგოსმა’ პირველ ტურში პარაგვაის ‘იაკარე’ 30:24 დაამარცხა, მერე ბრაზილიურ ‘კობრასს’ 31:14 აჯობა, მესამე ტურში ‘პენაროლთან’ 35:41 დამარცხდა, ბოლო სამ ტურში კი ჩილეს ‘სელკნამს’ (24:10), არგენტინულ ‘პამპასს’ (29:11) და აშშ-ს ‘რეპტორსს’ (37:24) სძლია.
სამხრეთ ამერიკული ტურნე
8 აპრილი. მონტევიდეო. ჩარუა (22:00 საქ.დრო)
შავი ლომი (საქართველო) – დოგოს XV (არგენტინა)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (კაპ.), 14. მირიან მოდებაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ნიკა პატარაია, 4. თორნიკე აქუბარდია, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. გიგა ჯულუხაძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. დემე თაფლაძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი, 24. სოსო მათიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ქორი ბრაუნი, მერაბ კვირიკაშვილი