ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელომ’ მდევრებთან ქულათა სხვაობა გაზარდა

საშეჯიბრო რეგლამენტით გათვალისწინებული 3,5-თვიანი პაუზის შემდეგ ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში პირველობა მოწინავე კვარტეტში მყოფი გუნდების გამარჯვებით განახლდა. პრემიალური ქულა მხოლოდ ‘ლელომ’ მოიპოვა, რითაც ჩემპიონმა და ლიდერმა მდევრებთან: ‘ხვამლთან’ და ‘ბათუმთან’ უპირატესობა შეასაბამისად 6 და 8 ქულამდე გაზარდა.

‘აიამ’ მეოთხე პოზიცია გაიმყარა და მეხუთე ადგილოსან ‘აკადემიას’ 9 ქულით აღემატება. ცხრილის ბოლო 3 ადგილზე მყოფი გუნდებიდან, ‘კოლხი რაინდებმა’ და ‘არმაზმა’ ნუგეშ-ქულა აიღეს, რის შემდეგ პლეი ოფის ზონაში მყოფმა კოლხებმა ‘არმიას’ 2 ქულით გაუსწრო, აუტსაიდერ მარნეულელებთან კი კვლავ 4-ქულიან „ჰანდიკაპს“ ინარჩუნებს.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’-‘ლელოს’ შეხვედრა ჩემპიონის სრული უპირატესობით წარიმართა. პაატა მაისურაძის ბიჭებმა პირველ ტაიმში 22 უპასუხო ქულა დააგროვეს. ლიდერის წარმატებას სათავე კაპიტან ლუკა საღინაძის ლელომ დაუდო. ფავორიტმა მთლიანობაში 7 ლელო გაიტანა. „დუბლით“ მეორე ტაიმში შუამარბი დათა ახვლედიანი გამოირჩა, „მხატვართა“ მარცხს კი წერტილი მარქაფადან ჩართული ჰავბეკის ნიკოლოზ ხმელიძის ლელომ დაუსვა. ‘აკადემია’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს მეორე ნახევარში მხტომელ ნიკოლოზ დარჩიას დადებული ლელოთი გადაურჩა – 41:7.

ვაზისუბანში, ‘არმაზი’-‘ხვამლის’ შეხვედრა ფიცხელი ბრძოლით აღინიშნა. ბრინჯაოსმედალოსანი მუხიანელები, მღლეტელ ნიკა თექთურმანიძისა და კვაჭ გიორგი კოშაძის გატანილი ლელოთა წყალობით (გარდასახვები ზუსტად ფულბეკმა გიგა ყიფშიძემ შეასრულა) შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. ქვემო ქართლელები არ შედრკნენ და კვაჭ ლუკას ბაკურაძისა და ჰავბეკ ნიკა კოზანაშვილის დადებული ლელოებით მეორე ტაიმის შუაწელს ანგარიშში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირეს. ‘არმაზის’ შუამარბ დავით არავიაშვილს 1 გარდასახვა გაუცუდდა.

შეხვედრის დასკვნითმა ნაწილმა ორმხრივ იერიშებში ჩაიარა. ლელოს გატანა ჯერ ‘ხვამლის’ ფულბეკმა გიგა ყიფშიძემ მოახერხა, ვინაც გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. მასპინძელთა რამდენიმე მძლავრი მიძალება ლელოთი კვაჭმა ლუკას ბაკურაძემ დააგვირგვინა, არავიაშვილმა კი ზუსტი გარდასახვით ბორის აბაშიძის შეგირდებს პოზიტიური შედეგის დაფიქსირების იმედი ჩაუსახა. მატჩის დარჩენილ 3 წუთში რატი ურუშაძის ბიჭებმა თავი კარგად დაიცვეს და ‘ხვამლმაც’ მორიგი რთული გამარჯვება მოიპოვა – 21:19.

აჭარის დედაქალაქში გამძვინვარებულმა სტიქიამ ‘ბათუმი’-‘არმიას’ შეხვედრას თავის მსახვრელი ხელი დაატყო. ქარიშხალნარევმა კოკისპირულმა წვიმამ და მოედნის დამძიმებულმა გრუნტმა თამაშის ხარისხი საგრძნობლად დააკნინა. ამის მიუხედავად, შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში ბათუმელეთა კარგად და სწრაფად გაშლილ შეტევას ფრთა ანრი ხოზრევანიძის გატანილი ლელო მოჰყვა. მართალია, მასპინძელთა შუამარბ ანრი დევაძეს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა მეორე ტაიმში სწორედ დევაძის გატანილი ჯარიმით გიორგი სვინტრაძის ბიჭებმა სეზონში მე-7 გამარჯვება მოიპოვეს და თან „არმიელები“ საცხრილო ქულის გარეშე დატოვეს – 8:0.

„პარკი არენაზე“, მასპინძელმა ‘კოლხი რაინდებმა’ ქუთაისის ‘აიას’ დიდი ბრძოლა გაუმართა და შეხვედრის მიწურულს შუამარბ გიორგი კარანაიას დადებული ლელოთი (გარდასახვა ალიკა აბულაძემ ზუსტად შეასრულა) მნიშვნელოვან ნუგეშ-ქულას გამორჩა – 13:7. მეორე ნახევარში კოლხები უკეთ ირჯებოდნენ და რიონისპირელებს უპირატესად ზრუნვა პოზიტიური შედეგის შენარჩუნებაზე მოუხდათ, რაც მატჩის დასკვნით ნაწილში წარმატებით განახორციელეს.

პირველ ტაიმში კი უპირატესობას ‘აია’ ფლობდა. გიგი თოდუას ბიჭები დაცვაში საიმედოდ და რაციონალურად ირჯებოდნენ, რითაც 13 უპასუხო ქულის აღება შეძლეს. სტუმართა მღლეტელ ლუკა ნარსიას დადებული ლელო კაპიტანმა თემურ ძოძუაშვილმა გარდასახა და ძელებს შუა 1 ჯარიმაც გაატარა. ფულბეკმა საბა შარვაშიძემ კი ასევე გატანილი ჯარიმით თანაგუნდელთა უპირატესობა გაამყარა.

მორიგ ტურში, განსაკუთრებულ ინტერესს მუხიანაში ‘ხვამლი’-‘ბათუმის’ დაპირისპირება იწვევს.