დიდი 10 | ყაზბეგი 19:22 აკადემია

თბილისის ‘აკადემიამ’ დიდი 10-ის მე-16 ტურში სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 22:19 სძლია და რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, საფლეიოფო ექვსეულში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

„მხატვრებს“ 30 ქულა აქვთ და კვლავ ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე რჩებიან, თუმცა მე-6 ადგილს 8 ქულა აშორებთ, მე-8 ადგილზე მყოფ ‘ხვამლს’ კი – 5. უფრო რეალურია, რომ ‘აკადემიამ’ ბოლოსწინა ადგილს თავი დააღწიოს და შესაბამისად, პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან გადათამაშება აირიდოს და ამისათვის ორივე დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს.

‘ყაზბეგს’ მცირედი სხვაობით ნუგეშის-ქულა ერგო, ჯამში 40 მოუგროვდა და მე-5 ადგილზეა, თუმცა ორივე დარჩენილი შეხვედრის გამართვა ლიდერებთან უწევს (‘ლელოსთან’ და ‘ხარებთან’) და საფლეიოფო ზონაში დასარჩენად გარჯა მოუწევს.

„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში ორივე გუნდი ბევრ შეცდომას უშვებდა და სადებიუტო წუთებში ამ შეცდომებს 3 ლელო მოყვა. მთლიანობაში, სტეფანწმინდელებმა უფრო მეტი შეცდომა დაუშვეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა. პირველ ტაიმში ბურთს ‘აკადემია’ აკონტროლებდა, შესვენების შემდეგ კი ‘ყაზბეგმა’ მოახერხა გარკვეული დროით ინიციატივის დაუფლება, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად გამოცდილება დააკლდა.

ანგარიში მე-6 წუთზე ‘ყაზბეგმა’ გახსნა – დათო აბდუშელიშვილმა სანდრო მარგიანს ფეხით მოგერიებისას დაუფარა და ლელო გაიტანა, ოთარ ტალახაძემ კი გარდასახა. თბილისელებმა მალევე ორი ლელოთი უპასუხეს და უპირატესობა მოიპოვეს. ‘აკადემიამ’ ბურთი თამაშში შეიყვანა და თავადვე მოიპოვა, არაზუსტი პასის შემდეგ სტეფანწმინდელებიც შეცდნენ, გიორგი მიქანაძემ ოფლოუდით გარღვევაზე გიორგი ჭუაძე გაიყვანა, რომელმაც ორი მბოჭავი ხელით ჩამოიშორა და ლელო ალამთან დაამიწა.

მე-12 წუთზე ‘აკადემიამ’ თავის ნახევარზე სწრაფად გაითამაშა ჯარიმა და ხელდახელ კონტრშეტევა წამოიწყო, შეცდომების სერიის შემდეგ მარცხენა ფრთაზე ჭუაძე გაიჭრა, ოფლოუდი ჯიმი ღამბაშიძემ ვერ აიღო, თუმცა ბურთს ფეხი წაკრა და ლელოში დაახტა. მარგიანმა გარდასახა. მალე ლუკა ივანიშვილმა მიხეილ ახობაძეს გააჭრევინა ხაზი, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ წინ პასი დააფიქსირა და ლელო სამართლიანად გააუქმა. 28-ე წუთზე მარგიანმა კარის წინიდან ჯარიმით 3 ქულა აიღო და ტაიმი სტუმრებმა 15:7 მოიგეს.

მეორე ტაიმი ‘ყაზბეგის’ შეტევებით დაიწყო და ტალახაძეს ჯარიმით შეეძლო ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ შორიდან დარტყმა გაუფუჭდა. შემდეგ ეპიზოდში სტეფანწმინდელებმა კარში დარტყმებზე უარი თქვეს და 51-ე წუთზე მოლი ლუკა ჩქარეულის ლელოთი დასრულდა. ‘აკადემიამ’ ტემპს მომენტალურად უმატა და 58-ე წუთზე ლელო გაიტანა, როდესაც ახობაძემ მარცხენა ფრთაზე ბურთი სისწრაფეში მიიღო ის ვეღარავინ შეაჩერა, მარგიანმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა.

‘ყაზბეგმა’ ბოლომდე იბრძოლა, ძალისმიერი თამაშით დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, რასაც 70-ე წუთზე ლევან ქუშაშვილის ლელო მოყვა, ხოლო საბა ნიკოლაშვილმა გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა. სულ ბოლოს სტეფანწმინედელები მოლით ეცადნენ გამარჯვების ლელოს გატანას, მაგრამ ბურთი კოტე ნახუცრიშვილმა წესების დაცვით აართვა და ‘აკადემიას’ 22:19 მოაგებინა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა ივანიშვილი გახდა.