დიდი 10 | აია 35:10 ლოკომოტივი

ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘ლოკომოტივის’ წინააღმდეგობა დასკვნით ნახევარ საათში დაძლია, ოთხი გარდასახული ლელოთი 28 უპასუხო ქულა აიღო და ბონუსით, 35:10 გაიმარჯვა.

‘აიამ’ 2023 წელს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და კვლავ შეინარჩუნა „სარბიელის სინი“. ამასთან, ქუთაისელებმა 52 საცხრილო ქულა მოაგროვეს, მეორე ადგილზე აინაცვლეს და ლიდერ ‘ლელოსთან’ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს, მდევარ რუსთავის ‘ხარებს’ კი 4-ით გაასწრეს, თუმცა ამ გუნდებს რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა, მე-17 ტურის შეხვედრები ჯერ არ ჩაუტარებიათ.

გუნდებმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. პირველი 40 წუთი დაძაბული გამოდგა და რეფერის, იოსებ ჯაფარიძეს 4-ჯერ მოუწია ყვითელი ბარათის ჩვენება. ანგარიში უსწრაფესად, მე-11 წამზე გაიხსნა. გიორგი სინაურიძემ ‘აიას’ მიერ თამაშში შეყვანილი ბურთი მოხსნა და ლელომდე დაუბრკოლებლად ირბინა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახა. მე-3 წუთზე ნაპოლიონი მბეკევამ მაღალი ბოჭვისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და მისი დაბრუნების წინ ‘ლოკომოტივმა’ წონასწორობა აღადგინა. სტუმართა ძალისმიერი შეტევები ტალატალა ტოკამბაის საპასუხო ლელოთი და ლუკა სახელაშვილის გარდასახვით დასრულდა – 7:7.

შესვენებამდე ყვითელი ბარათი „ლოკომოტიველმა“ ნიკა დარჩიაშვილმა მიიღო, ტაიმის მიწურულს კი სინბინში წასვლა გიორგი სინაურიძეს (აია) და ნუგზარ გელაშვილს (ლოკომოტივი) მოუწიათ.

მეორე ტაიმის დებიუტში სახელაშვილმა ორი ჯარიმიდან ერთი გაიტანა და სტუმრები დააწინაურა, თუმცა დარჩენილ დროში 28 უპასუხო ქულა მიიღო. 51-ე წუთზე ‘აიამ’ 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შეუტია ის შოთა არეშიძის ლელოთი დასრულდა. 58-ე წუთზე მასპინძლების თანმიმდევრული შეტევის შემდეგ ირაკლი სიმსივემ 22-ში გაჭრა ხაზი და მასპინძლების უპირატესობა გაზადა. მალე ‘აია’ კიდევ ერთხელ დარჩა კაცნაკლული, ყვითელი ბარათით გივი ლეჟავა დაისაჯა.

მიუხედავად ამისა, კაცნაკლულმა მასპინძლებმა თავი დაიცვეს, 69-ე წუთზე კი სწრაფი ხელდახელ შეტევა განახორციელეს და დავით კვირიკაშვილმა გუნდის მეხუთე ლელო გაიტანა, შეხვედრის მიწურულს კი 5 ქულა საბა ერემეიშვილმა მიითვალა. გიორგი ბაბუნაშვილმა ოთხივე გარდასახა – 35:10. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა ლომიძე გახდა.