‘შავი ლომის’ კვაჭი შალვა მამუკაშვილი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში გუნდს მაღალი დონის თამაშები ელის და ეს გუნდის წევრებს 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებაში დაეხმარება.
რაგბი ევროპის სუპერ თასის ორგზის ჩემპიონი ‘შავი ლომი’ ურუგვაიში შაბათს გამთენიისას მიემგზავრება. გუნდი სამხრეთ ამერიკაში თვეზე ოდნავ მეტხანს დარჩება და ამერიკის სუპერ ლიგის გუნდებთან ხუთ თამაშს გამართავს.
„ამ ტურნეს მიზანია, რომ გუნდი და მისი თითოეული წევრი საუკეთესო ფორმაში იყოს. ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს მაღალ დონეზე თამაშის დრო დაუგროვდებათ, დანარჩენებს კი აქვთ შანსი ტესტ-მატჩებთან მიახლოვებული რაგბი ითამაშონ, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ვეთამაშებით სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ფრენჩაიზებს, სადაც ამ ქვეყნების ეროვნული ნაკრებების 80-90%-ია ბაზირებული, რაც მათ ხარისხზე მეტყველებს. ვეცდებით მაღალი დონის თამაშები ვაჩვენოთ და ყველა მატჩში გავიმარჯვოთ“ – ამბობს მამუკაშვილი, რომლის ანგარიშზე 97 სანაკრებო კეპი და 12 ლელოა.