სუპერ თასი | ‘შავი ლომი’ ფინალისთვის „შევარდენზე“ შეიკრიბა

‘შავი ლომი’ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და რაგბი ევროპის სუპერ თასის გადამწყვეტი მატჩისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

ჩვენი გუნდი მაისში მოპოვებულ ტიტულს 17 დეკემბერს 16 საათზე, „ავჭალაზე“ დაიცავს და მისი მეტოქე ‘თელავივ ჰითი’ იქნება. სუპერ თასი მეორედ თამაშდება და გადამწყვეტ შეხვედრას თბილისი პირველად უმასპინძლებს. პირველი გათამაშების ფინალი ლისაბონში გაიმართა და მაშინ ‘შავმა ლომმა’ პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ 17:14 დაამარცხა.

მომავალი ფინალისტები სუპერ თასის აღმოსავლეთ კონფერენციაში თამაშობდნენ და პირველ-მეორე ადგილი დაიკავეს. ‘შავმა ლომმა’ 4 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთში მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა. საგულისხმოა, რომ ფრე ქუთაისში სწორედ ‘ჰითთან’ დაფიქსირდა (25:25), ისრაელში კი მეტოქემ 24:18 იმარჯვა, თუმცა საბოლოოდ, 23 ქულით პირველ ადგილზე მაინც ‘შავი ლომი’ გავიდა, თელავიველები კი 19 ქულით მეორე ადგილს დასჯერდნენ.

4 დეკემბერს, ნახევარფინალში, ლევან მაისაშვილის შეგირდებმა „ავჭალაზე“ ესპანური ‘იბერიანსი’ ლამაზ სტილში, 41:9 დაამარცხეს, ‘ჰითმა’ კი ‘ლუზიტანუშს’ პორტუგალიაში 30:22 მოუგო და სწორედ ამ შეხვედრის შედეგმა არგუნა თბილისს ფინალური მატჩის მასპინძლობა.

„გარდა იმისა, რომ ფინალია, სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი თამაში გველის, რადგან ვხვდებით გუნდს, რომელთანაც წელს ერთი შეხვედრა დავთმეთ და ახლა რევანშის შესაძლებლობა გვექნება. ‘ჰითი’ პირველადაა ფინალში, თასის მოგების ასეთი შანსი არასდროს ქონია და დარწმუნებული ვარ მაქსიმალური მონდომებით ითამაშებს. მეტოქეს კუნძულელი და აფრიკელი, კარგი ინდივიდუალისტები ყავს. რაც მთავარია, ზუსტად ვიცით რა უნდა დავუპირისპიროთ მეტოქეს და ვეცდებით ჩვენი ნაფიქრი მოედანზე გადავიტანოთ“ – ამბობს მაისაშვილი და განაგრძობს:

„გასული კვირა ძირითადად აღდგენას დავუთმეთ, გვქონდა ვარჯიშებიც, ორშაბათიდან კი „შევარდენზე“ შევიკრიბეთ. გვაქვს მცირე ტრავმები და ხვალ-ზეგ გაირკვევა ვინ შეძლებს თამაშს და ვის მოუწევს ფინალის გამოტოვება“.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფინალს საკუთარ მოედანზე ვატარებთ. ამით მგზავრობასთან დაკავშირებულ სირთულეებს ავირიდებთ. სამწუხაროდ, ნახევარფინალურ შეხვედრაზე მაყურებლის დასწრება კრიტიკას ვერ უძლებდა, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ფინალის სანახავად ბევრი ქომაგი მოვა. ამ ბიჭების 55% სანაკრებო ბირთვს წარმოადგენს. ეს არის სანაკრებო ფრენჩაიზი, რომელიც მთელს ქვეყანას წარმოადგენს და მას მხადაჭერა ისევე ჭირდება, როგორც ნაკრებს“.