პირველი ლიგა | პირველი წრე გურულებმა დამაჯერებლად მოიგეს

რაგბის კავშირის გამგეობამ გაითვალისწინა რა კლუბების დიდი უმრავლესობის თხოვნა, საქართველოს ჩემპიონატის რეფორმა 1 წლით გადაავადა, თუმცა პირველი ლიგის მიმდინარე პირველობის ფორმატში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. ლიგაში მონაწილე  გუნდების თხოვნის საფუძველზე, დიდი 10-ის მსგავსად, გაისად გაზაფხულზე რანგით მე-2 დივიზიონშიც, ლიგის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ე.წ. ავსტრალიური პლეი ოფის პრინციპით, რეგულარული სეზონის მოწინავე ექვსეულის პაექრობაში გამოვლინდებიან. სრკ-ს ხსენებული გადაწყვეტილება თითოეული სამატჩო ქულის ფასს მკვეთრად ზრდის და შესაბამისად გუნდებს მოტივაციასაც უორმაგებს.

ლიგის გამარჯვებული გუნდი დიდ 10-ში თამაშის უფლებას პირდაპირ მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი ელიტაში ასვლაზე 2-რაუნდიან შეხვედრებს დიდი 10-ის მე-9 ადგილოსანთან გამართავს. ბოლო ადგილზე გასული გუნდი ქვედა ლიგაში გადაინაცვლებს. მე-9 ადგილზე გასულ გუნდს კი ლიგაში დარჩენაზე რეგიონული ლიგის მეორე ადგილოსანთან მოუწევს 2-მატჩა დაპირისპირება.

პირველობის ლიდერმა ოზურგეთის ‘არწივებმა’ პირველი წრე შთამბეჭდავი შედეგით დაასრულა. გურულებმა ყველა შეხვედრა მოიგეს, პრემიალური ქულის გარეშე მხოლოდ 2 მატჩში დარჩნენ, 43 საცხრილო ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე მყარად მყოფ ‘არმიას’ 4 ქულით უსწრებენ. „არმიელებმა“ თავის მხრივ მდევართა ტრიო (‘ტაო’, ‘არმაზი’, ‘ვეფხვები’) მთელი 15 ქულით ჩამოიტოვეს. ქულებით ტოლ-სწორ მეტოქეებთან უკეთესმა პირისპირ ბალანსმა, ბოლო ხანს კრიზისში მყოფი მესხები მესამე ადგილზე დააბრუნა.

პლეი ოფის ზონაში, მე-6 ადგილზე ‘ბაგრატმა’ აინაცვლა და ‘იუნკერებს’ 2 ქულით გაუსწრო. ‘მათეს’ აღებულმა ნუგეშმა პლეი აუტის ადგილიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა მისცა. ერთადერთი მოგების მქონე ბოლოადგილოსანი ‘ბორჯომი’ კი მე-9 პოზიციაზე მყოფ ‘გორს’ 8 ქულით ჩამორჩა. ისიც აღსანიშნავია, რომ გორელებსა და რიონისპირელებს ცხრილში სულ 5 ქულა აშორებთ და თორელთა გამოკლებით, პლეი ოფში მოხვედრის შანსს ლიგის ყველა გუნდი ინარჩუნებს.

ლიგის ლიდერმა ‘არწივებმა’ აუტსაიდერ ‘ბორჯომს’ ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლა და ძირითადის 5 მოთამაშის არყოლის მიუხედავად იოლ წარმატებას მიაღწია. გურულები ლაღად და სწრაფად მოქმედებდნენ, ოვალს ეფექტურად შლიდნენ და თორელებს კომბინაციურ სტილში მთლიანობაში 12 ლელო დაუდეს. გია ამირხანაშვილის შეგირდთაგან „დუბლით“ მარბიელი ქრისტიანე მოწყობილი, ფიჯელი ფრთა ჯაბულანი მკულვანი და მარქაფადან ჩართული კვაჭი გიორგი ბეჟანიძე გამოირჩნენ. ‘არწივების’ მოდუნებული დაცვით აუტსაიდერსმაც ისარგებლა და საკუთრივ 4 ლელოს გატანა მოახერხა – 72:22.

‘არმია’-გორის’ შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ გაიმართა და მატჩის ბედი „არმიელებმა“ პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ლევან ობოლაძის შეგირდებმა სტუმრები კინკილა ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი 3 ლელოს (მღლეტელი გიორგი ციმაკურიძე, ფულბეკი საბა ილურიძე, კვაჭი შალვა კეთილაძე) გატანა მოახერხეს. მეორე ტაიმში ფავორიტმა უპირატესობა გაიღრმავა და მონაგარს კიდევ 3 ლელო (ფრთები: ბექა მაჭარაშვილი და რამაზ ხარაზიშვილი, შუამარბი გიორგი ხარშილაძე) წაუმატა. შიდა ქართლელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მხტომელ დავით ზარნაძისა და შუამარბ ვახტანგ აბრამიშვილის ლელოებით მატჩის მიწურულს ანგარიშში სხვაობა მცირედით შეამცირეს – 36:17.

„ხვამლი არენაზე“, ‘იუნკერებისა’ და ‘ტაოს’ შეხვედრის დებიუტი კიკეთელთა უპირატესობით აღინიშნა. მართალია, მესხებს ლაზარეთი შეუთხელდათ, თუმცა მესხების ძირითადმა შემადგენლობამ მთლიანობაში დისკვალიფიცირებულ და ტრავმირებულ მორაგბეთა ექვსეული მოისაკლისა, რამაც თავი მხოლოდ შეხვედრის დებიუტში იჩინა. ფრთა გიორგი ვასაძის ლელოსა და მგეზავ არჩილ იაშაღაშვილის გატანილი ჯარიმის წყალობით მასპინძლები 8-ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ.

ფიზიკურად უკეთ მომზადებულ ‘ტაოს’ მატჩში გარდატეხის შეტანა არ გაჭირვებია. განსაკუთრებით მეორე ნახევარში მესხები კიკეთელებს შერკინებაში, მოლსა და დერეფანში ჯაბნიდნენ, რის გამოც ‘იუნკერების’ მონაგარი მხოლოდ იაშაღაშვილის 1 ჯარიმით გაიზარდა, მესხებმა კი საკუთრივ 7 ლელოს გატანა მოახერხეს. „დუბლით“-ფიჯელი მარბიელი რატუ ნაკიკა და ბურჯი ლუკა ახვლედიანი გამოირჩნენ – 43:11.

„აია არენაზე“, ‘ბაგრატი’-მათეს’ იმერულ დერბიში ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა, რაშიც „მთავარი დამნაშავე“ ძლიერი ქარი გახლდათ. პირველ ნახევარში ზურგქარით გაგა გურეშიძის შეგირდებმა იხეირეს. რიონისპირელთა მარბიელ ლევან რატიანისა და ბურჯ რუსლან გიგაშვილის ლელოებს (ორივე გარდასახვა მახვილი კუთხიდან კაპიტანმა ზვიად ოდიშარიამ ზუსტად შეასრულა), სტუმრებმა შუამარბ ჯუმბერ ყვავაძის გატანილი ეული ჯარიმა დაუპირისპირეს.

მეორე ტაიმის დებიუტში გიგაშვილმა „დუბლი“ გაიფორმა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 16-ქულამდე გაზარდა. ‘მათე’ არ ეპუებოდა მარცხს, ბოლომდე იბრძოლა და ფრთების: როინ დარბაიძისა და ფრიდონ კილაძის დადებულ ლელოთა წყალობით ნუგეშ-ქულის მოპოვება მოახერხა – 19:13.

ვაზისუბანში, ‘არმაზი’-‘ვეფხვების’ პრინციპული შეხვედრა, ქვემო ქართლელებზე დაკისრებული სასჯელის გამო უმაყურებლოდ ჩატარდა. მეორე ტაიმის შუაწელამდე მეტოქეებმა სამატჩო ქულები თავიანთი მგეზავების ჩუბინობის ხარჯზე მოიპოვეს. ‘არმაზის’ ერთ-ერთ ლიდერ ბახვა კობახიძის 3 გატანილ ჯარიმას, პატარძეულელმა ლაშა ბრეგვაძემ 1-ით მეტი გატანილი ჯარიმა დაუპირისპირა, თუმცა მატჩში გარდამტეხი ქვემო ქართლელთა კვაჭ საბა კურატიშვილის მოლით დადებული ლელო გამოდგა, რომლის გარდასახვა კობახიძეს არ გაჭირვებია. შეხვედრის დასკვნითმა ნაწილმა გარე კახელთა იერიშებში ჩაიარა, მაგრამ ტექნიკური წუნის გამო სტუმრებმა, 2 გასინბინებული მორაგბის შედეგად, 13 კაცის ამარა დარჩენილ ‘არმაზს’ ვერაფერი მოუხერხეს და მხოლოდ ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ – 16:12.