დიდი 10 | ხარები 17:6 არესი

რუსთავის ‘ხარებმა’ ქუთაისის ‘არესს’ 17:6 სძლია და ლიდერობასთან ერთად „სარბიელის სინიც“ შეინარჩუნა.

„ხარები არენაზე“ გამართული შეხვედრა ერთ-ერთი ცენტრალური იყო დიდი 10-ის მეორე წრის პირველ ტურში. თამაში დაძაბული გამოდგა. ხშირი იყო შეცდომები და პირველ ტაიმში გუნდები ჯამში მხოლოდ 3 ქულას დასჯერდნენ. მე-10 წუთზე ჯარიმა ‘არესის’ მგეზავმა გიორგი თევდორაძემ გაიტანა. ტაიმის შუაში მსაჯმა ქუთაისელთაგან იაგო ხილაძე გაასინბინა, 5 წუთში კი მის გზას რუსთაველთა კაპიტანი ერეკლე მაჭარაშვილი გაუყენა.

მეორე ტაიმის დებიუტში ‘ხარები’ ირაკლი ქვათაძის ლელოთი დაწინაურდა, გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახა, მერე ჯარიმა გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ 54-ე წუთზე თევდორაძემ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მასპინძლებს ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვიათ. შეხვედრის მიწურულს ლუკა გელაშვილმა რუსთაველთა მეორე ლელო გაიტანა, პეტრიაშვილმა კი გარდასახა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 17:6.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკა ლომიძე გახდა. ‘ხარები’ 34 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ‘არესი’ კი 28 ქულით მე-4 პოზიციაზეა.