ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელომ’ ლიდერს პირველი მარცხი აგემა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფს პირველი წრის შემდეგ დაუმარცხებელი არავინ შემორჩა. მართალია, სეზონში პირველი მარცხის მიუხედავად ‘აიამ’ ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა რიონისპირელები ტიტულის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ‘ლელოს’ 1 ქულითღა უსწრებენ. მესამე ადგილზე მყოფი ‘ხარები’ ‘ბათუმს’ მხოლოდ პირისპირ ბალანსით აღემატებიან, თუმცა აჭარლებს ‘აკადემიასთან’ გამოტოვებული შეხვედრა აქვთ ჩასატარებელი. ‘ყოჩებმა’ ადგილი „მხატვრებს“ გაუცვალეს და მოწინავე კვინტეტში დაბრუნდნენ. ცხრილის ბოლო 2 საფეხურზე მყოფ ‘ხვამლსა’ და ‘არმაზს’ პლეი ოფში მოხვედრისა და შესაბამისად, ელიტაში დარჩენის შანსი მეთოდურად უმცირდებათ.

მე-7 ტურის და პირველობის საკულტო შეხვედრა დიდ დიღომში გაიმართა. ‘ლელოს’ მთავარ არენაზე ტიტულის მთავარი მაძიებლები ‘ლელო’ და ‘აია’ შეიყარენ. დამსწრე მრავალრიცხოვანმა ქომაგმა ხარისხიანი და შედეგიანი თამაში იხილა, რომლის მეორე ტაიმი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. თორნიკე ბუბუტეიშვილის ბიჭებმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და ჩემპიონს მობილიზაციით, კომუნიკაციით, საიმედო დაცვით, ხაზში გაშლილი თამაშითა და დროული მიყოლით აჯობეს. აღსანიშნავია, რომ დომინანტურ ბოჭვებს ორივე გუნდი მაღალ დონეზე ასრულებდა, რამაც თამაშის სანახაობრივი მხარე კიდევ უფრო დაამშვენა.

‘აია’ მატჩის დებიუტში მგეზავ ელგუჯა მახარაშვილის გატანილი ჯარიმით დაწინაურდა, რასაც დიდ დიღმელთა კაპიტან ლუკა ხორბალაძის დადებული ლელო მოყვა, რომლის ზუსტ რეალიზაციას ‘ლელოს’ ფულბეკმა გელა ხელაძემ გატანილი ჯარიმაც დაურთო და შესვენებაზე ვიცე-ჩემპიონი 7-ქულიანი უპირატესობით წავიდა. ისიც აღსანიშნავია, რომ თორნიკე ბუბუტეიშვილმა სრულ საბრძოლო შემადგენლობას მიმდინარე სეზონში თავი პირველად მოუყარა.

მეორე ტაიმში ‘ლელოს’ უპირატესობა თვალსაჩინო გახდა. მასპინძელთა მხრიდან ლელო მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა დავით მჭედლიშვილმა, მგეზავმა ლუკა ჭინჭარაულმა, კვაჭმა მიხეილ ხახუბიამ და შუამარბმა გიორგი ხაინდრავამ გაიტანეს, რასაც რიონისპირელებმა საპასუხოდ, მხტომელ გიორგი გაბრიაძის ერთადერთი ლელო დაუპირისპირეს. აღსანიშნავია, რომ ‘ლელოს’ ფულბეკმა გელა ხელაძემ ყველა რეალიზაცია უზადოდ შეასრულა და საკუთარი გუნდის  დამაჯერებელი გამარჯვება ბონუსის თანხლებით დააფიქსირა – 38:10.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’-‘ყოჩების’ შეხვედრაში ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს და ‘ყოჩებმა’ ტაიმი შუამარბ ნიკოლოზ შველიძის მიერ ორივე ზუსტად შესრულებული გარდასახვის ხარჯზე 2-ქულიანი სხვაობით მოიგეს. აღსანიშნავია, რომ შველიძემ პირველ ტაიმში ლელოს გატანაც მოახერხა.

მეორე ტაიმში ‘ყოჩები’ ფიზიკურად უკეთ გამოიყურებოდნენ, საგრძნობ უპირატესობას დაეუფლნენ, ოვალი სივრცეზე სწრაფად და კარგად გაშალეს, მასპინძლებს 4 ლელო დაუდეს და პრინციპულ მეტოქესთან პრემიალურ ქულასაც გამორჩნენ. „მხატვართა“ მარცხს წერტილი მარქაფადან ჩართული ჰავბეკის გიორგი გრიგოლიას გატანილმა ლელომ დაუსვა – 42:17.

„ხარები არენაზე“, ‘ხარები’-მარნეულის ‘არმაზის’ ქვემო ქართლური დერბი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. წინა 2 ტურში პირველობის ფავორიტებთან პირწმინდა მარცხით გაგულისებულმა რუსთაველებმა ჯავრი მეზობლებზე იყარეს და მეტოქეს 15 ლელო დაუდეს. ‘ხარების’ მარბიელმა თაზო ჭამიაშვილმა „პენტა-თრიკი“ (5 ლელო) გაახერხა, ხოლო შუამარბმა ალექს ზაზაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. მოუგებლად მყოფი აუტსაიდერი მშრალი“ ანგარიშით მარცხს ფრთა გიორგი ნავეიშვილის პირველ ტაიმში გატანილი ერთადერთი ლელოს წყალობით გადაურჩა – 99:7. მორიგ ტურში „ხარები არენა“ კიდევ ერთი რეგიონულ დერბის უმასპინძლებს. ‘ხარები’ ქვემო ქართლის დედაქალაქში ბოლნისის ‘ყოჩებს’ დაუპირისპირდებიან.

პირველი წრე აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმი’-1-ისა და ‘ხვამლის’ შეხვედრით დასრულდა. მართალია, მუხიანელთა კვაჭმა ბექა ნეფარიძემ პირველ ტაიმში „დუბლი“ შეასრულა, თუმცა მასპინძლები სრულად აკონტროლებდნენ შეხვედრას, 4 ლელო გაიტანეს და შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ტაიმში მატჩის სურათი არ შეცვლილა. აჭარლებმა შუამარბ ნიკა დუმბაძისა და კვაჭ თორნიკე გაბელაიას დადებულ ლელოთა წყალობით უპირატესობა გაიღრმავეს და თან დაცვაში ხისტი თამაშის ხარჯზე სტუმრებს სამატჩო ქულები არ ააღებინეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა ფულბეკმა ზურა ფიცხალაიშვილმა 5 გარდასახვა გამოიყენა და მასპინძლებმა დაგეგმილი პრემიით იმარჯვეს – 40:12.