რეგიონული ლიგა | აღმოსავლეთში ორხელისუფლებიანობა დამყარდა

რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ ჯგუფში 9 ტურის შემდეგ ორხელისუფლებიანობა დამყარდა. რეგლამენტით ტურში თამაშისგან თავისუფალ ლიდერ ‘რუსთავს’, ცხრილში ქულებით ‘წიქარა’ გაუტოლდა. უკეთესი პირისპირ ბალანსის მქონე ‘წიქარა’ ცხრილის სათავეში მოექცა. ლიდერთა მსგავსად 7 შეხვედრის მომგები ‘სოხუმი’ მესამე ადგილზე რჩება და დაწინაურებულ დუეტს სულ 2 ქულით ჩამორჩება. ‘გარდასახვამ’ ცხრილში ადგილი ‘პატარძეულს’ გაუცვალა და მოწინავე კვარტეტში აინაცვლა. მიჯრით მესამე გამარჯვებით ‘ჭადარმა’ ზედა ექვსეულში პოზიცია გაიმყარა და თან გარე კახელებთან ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა.

ტურის გამორჩეული შეხვედრა პატარძეულში გაიმართა. გარე კახეთში, ცხრილის მოწინავე კვინტეტში მეზობლად მყოფნი ‘პატარძეული’ და ‘გარდასახვა’ დაუპირისპირდნენ. სტუმრებმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და გარე კახელები ფრთა თორნიკე უსტიაშვილის ეულ ლელოს დააჯერეს. საკუთრივ კი ლაშა აზალაძის ბიჭებმა 4 ლელოს გატანა და მატჩის პრემიალური ქულით მოგება მოახერხეს – 26:10. ‘გარდასახვას’ მარბიელმა ლევან პირმისაშვილმა „დუბლი“ შეასრულა, რასაც სტუმართა მხრიდან საჯარიმო ლელოც მოჰყვა. ბონუსის მომტანი ლელო კი ‘გარდასახვას’ შუამარბ გიორგი პირველის ანგარიშზეა.

ვაზისუბანში, მოუგებლად მყოფმა აუტსაიდერმა ‘ივერიამ’ ფავორიტ ‘წიქარასაგან’ 15 უპასუხო ლელო მიიღო. გიორგი ბარნოვის შეგირდთაგან „ჰეთ-თრიკით“ ფრთა ლუკა ბურდული და მარბიელი ცოტნე ბაძგარაძე გამოირჩნენ. ‘წიქარას’ მგეზავმა ლუკა ზუხბაიამ კი 10 გარდასახვა გამოიყენა და ფავორიტმა მატჩი მშრალი“ ანგარიშითა და გამანადგურებელი სხვაობით მოიგო – 97:0.

„ხვამლი არენაზე“, ‘სოხუმს’ აუტსაიდერთა რიგებში მყოფ ‘არაგველების’ ძლევა არ გაჭირვებია. გიგა მაქაძისა და ლევან ტიტველაშვილის ბიჭებმა მეტოქეს 11 უპასუხო ლელო დაუდეს და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით – 69:0  მოიგეს. სოხუმელთა ფულბეკმა პაატა ღარიბაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და 7 გარდასახვაც გამოიყენა. შუამარბ გიორგი მარგიანისა და ფრთა მიხეილ გოცირიძის აქტივს კი „დუბლი“ შეემატა.

„კავკასიონი არენაზე“, ბოლო ხანს მოღონიერებულმა ‘ჭადარმა’ კიდევ ერთი აუტსაიდერის ‘ლაშარის’ წინააღმდეგობა იოლად დაძლია. მეტოქის გატანილ 2 ლელოს, კახელებმა 10 დადებული ლელო დაუპირისპირეს და დაგეგმილი პრემიაც უპრობლემოდ აიღეს – 68:10. 7 გარდასახული ლელოთი და 49 სამატჩო ქულით მასპინძლებმა საქმე პრაქტიკულად პირველივე ტაიმში მოამთავრეს. ‘ჭადარის’ ფულბეკმა გიორგი გახუტიშვილმა წყვილ გატანილ ლელოსთან ერთად 6 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ‘ლაშარის’ მარცხს წერტილი ბოლო წუთებზე კახელთა კაპიტან ვანო თუშიშვილის გატანილმა ლელომ დაუსვა.

ვაზისუბანში, ‘ივერიელი’-‘დევების’ დედაქალაქური დერბი ვაჟა პაიჭაძის ბიჭების სრული უპირატესობით წარიმართა. ‘ივერიელი’ მეტოქეს სისწრაფეშიც აღემატებოდა და უპირატესობას სტატიკაშიც ფლობდა. ‘ივერიელმა’, მეტოქის 2 დადებულ ლელოს, 8 გატანილი ლელო დაუპირისპირა და მატჩი საშური ბონუსით – 52:12 მოიგო, რამაც პაიჭაძის შეგირდებს მოწინავე ექვსეულში მოხვედრის გარკვეული შანსიც შეუნარჩუნა, ‘დევებს’ კი სანუკვარ ექვსეულში ადგილის მოპოვების იმედი საბოლოოდ გადაეწურა. ‘ივერიელის’ წარმატებას სათავე მარბიელ ლევან ხარშილაძის დადებულმა ლელომ დაუდო, წერტილი კი ფრთა ნიკა მიქაიას ლელომ დაუსვა. ‘ივერიელის’ კაპიტანმა და მგეზავმა თორნიკე ხურცილავამ გატანილ ლელოს, ექვსი ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო.