დიდი 10 | ბათუმი 5:29 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’ ზღვისპირეთში სენსაციურად, 29:5 დაამარცხა და ბონუს-ქულაც აიღო.

ამ წარმატების შემდეგ ‘ხარები’ 26 ქულით ლიდერ ‘აიას’ გაუტოლდნენ და მას მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩებიან. ‘ბათუმი’ 15 ქულით მე-8 პოზიციაზე დარჩა და საფლეიფო ექვსეულში მოსახვედრად ბრძოლა მოუწევს.

სტუმრები პირველი ტაიმის შუაში მოლის შემდეგ ლევან ჭავჭავაძის მიერ გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ. 29-ე წუთზე ზღვისპირელებმა მოლი შეაჩერეს და ფორვარდების დარტყმასაც გაუმკლავდნენ, მაგრამ მერე ბურთი ხაზზე გავიდა და ბაქარ ზედგინიძემ უპირატესობა გამოიყენა. გიორგი ელოშვილმა გარდასახა – 0:12.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლევან ჭავჭავაძემ მოლის შემდეგ დუბლი შეასრულა. გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა და საკუთარ გუნდს 22-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა. 68-ე წუთზე ხანგრძლივი შეტევის შემდეგ კობა ჯიმშელეიშვილმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, თუმცა ‘ხარებმა’ ბონუსის დაკარგვა აღარ ინება, გაწითლებულ დროზე ლევან ნარიმანიძემ ბოჭვის მიუხედავად 5 მეტრი დაფარა და ლელო გაიტანა, პეტრიაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 29:5. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დუბლის ავტორი ლევან ჭავჭავაძე გახდა.