ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘აია’ ლიდერობას ასპროცენტიანი შედეგით აგრძელებს

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფს დამაჯერებლად და თან უდანაკარგოდ მოქმედი  ჩემპიონი ‘აია’ ლიდერობს. რიონისპირელებმა ყველა შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგეს და მდევრებს: ვიცე-ჩემპიონ ‘ლელოსა’ და რუსთავის ‘ხარებს’ 6 ქულით უსწრებენ. სეზონში პირველმა მარცხმა ‘აკადემია’ ცხრილში ერთბაშად 3 საფეხურით, მეოთხე ადგილზე დააქვეითა, მაგრამ „მხატვრებს“ მეტოქეებზე თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

აუტსაიდერთა ქვემო ქართლური დერბის შემდეგ, მონაწილეთა შორის ერთადერთი მოუგებლად დარჩენილი ‘არმაზი’ ბოლო ადგილზე დამკვიდრდა. პირველი გამარჯვების მიუხედავად, ‘ყოჩები’ ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილზე დარჩნენ, თუმცა აჭარლებსა და მუხიანელებს სულ 1 ქულით ჩამორჩებიან.

მეოთხე ტური ქუთაისში, ‘აიასა’ და ‘ბათუმი’-1-ის შეხვედრით დაიწყო. მატჩი მასპინძელთა სრული კარნახით წარიმართა  და ჩემპიონმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. ბათუმელთა ფრთა ზურა ნინიძის გატანილ ეულ ჯარიმას, რიონისპირელებმა შუამარბ ლუკა ჩხაბერიძის, ფრთა საბა ზაქარაშვილისა და მღლეტელ გიორგი გერგედავას ლელოები დაუპირისპირეს და შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ნახევარში ლელოს გატანა ‘აიას’ მგეზავმა ელგუჯა მახარაშვილმა (3 გარდასახვაც გამოიყენა) და კვაჭმა გიგი ჭუმბურიძემაც შეძლეს. აჭარელთა მხრიდან პრესტიჟის ლელო მარბიელმა ლუკა ვადაჭკორიამ გაიტანა – 31:13.

‘ლელო’-აკადემიას’ დედაქალაქურ დერბის „მხატვრები“ ქულათა მაქსიმუმით შეხვდნენ. ‘ლელოს’ დამრიგებელ თორნიკე ბუბუტეიშვილს კი საკადრო პრობლემების გამო თამაშის მსვლელობისას მოთამაშეთა გადაწყობა და ტაქტიკური მონახაზის შეცვლა ამჯერზეც მოუხდა. მართალია, ‘აკადემია’ დაცვაში ჩინებულად ირჯებოდა, ვიცე-ჩემპიონს ბოლო მომენტში არაერთი სალელოვე შეტევაც ჩაუშალა, თუმცა საგრძნობი სათამაშო უპირატესობის მქონე ფავორიტთან, მხტომელ შაკო ბოჭორიშვილის გატანილი ერთადერთი ლელოთი მხოლოდ „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა მოახერხა.

‘ლელო’ ტრადიციულად სწრაფ, ხელდახელ თამაშს ეძალებოდა და „მხატვრებს“ ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილა. „არეულ“ თამაშში, ბუბუტეიშვილის ბიჭები შედეგს უპირატესად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აღწევდნენ. „დუბლით“ ფრთა ლუკა ცირეკიძე და კვაჭი მიშო ხახუბია გამოირჩნენ, ვინაც ამავდროულად მატჩის გამორჩეული მოთამაშეც გახლდათ – 27:7.

რუსთავის ‘ხარებმა’ წინა ტურში ‘აკადემიასთან’ ჩაგდებული შეხვედრიდან სწორი და დროული დასკვნები გამოიტანა, რაც ‘ხვამლთან’ გასვლით შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ზედ მატჩის წინა მოთელვაზე რუსთაველთა ლიდერი ალექს ზაზაძე დაშავდა, რასაც გიორგი ზირაქაშვილის მხრიდან შეგირდთა სათამაშო ამპლუებში იძულებითი კარდინალური ცვლილებები მოჰყვა, სტუმრებმა  სათამაშო დისციპლინა და ხარისხიანი თამაში ბოლომდე შეინარჩუნეს. მართალია, მატჩის დებიუტში მუხიანელები მგეზავ ბექა ბეროშვილის გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა დარჩენილ დროში შეხვედრას სრულად ქვემო ქართლელები აკონტროლებდნენ.

გიორგი ზირაქაშვილის ბიჭები უპირატესად სწრაფი, ხელდახელ თამაშითა და ფეხით ეფექტური, გააზრებული დარტყმებით გამოირჩნენ და მასპინძლებს დარჩენილ დროში 5 უპასუხო ლელოც დაუდეს. პირველ ტაიმი ‘ხარებმა’ ფრთა გიორგი გელაშვილისა და ფულბეკ ნიკა ჩხიკვაძის გატანილ ლელოთა წყალობით 5-ქულიანი სხვაობით მოიგეს, მეორე ტაიმში კი უპირატესობა 24-ქულამდე გაზარდეს. მატჩის საბოლოო ანგარიში ‘ხარების’ მღლეტელ ნიკა ლომიძის დადებულმა ლელომ დააფიქსირა – 31:7.

ვაზისუბანში, ‘არმაზი’-‘ყოჩების’ ქვემო ქართლურ დერბიში ქომაგმა უშეღავათო ბრძოლა და დრამატული ფინალი იხილა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მეტოქეებმა 3-3 ლელოს გატანა მოახერხეს. მასპინძლები, მღლეტელ რობო სავოიანის „დუბლისა“ და ბურჯ ნიკოლოზ ცუცქირიძის ლელოთა წყალობით შეხვედრის დიდი ნაწილი ანგარიშში უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ‘ყოჩებმა’, კვაჭ ოთო გალდავას, მარბიელ თამაზ ჩხაიძისა და შუამარბ ნიკა თავართქილაძის ლელოთა მეოხებით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. მატჩის ბედი კი ‘ყოჩების’ მგეზავ ნიკა შველიძის მიერ, მასპინძელთა პივოტზე ერთით მეტმა ზუსტად შესრულებულმა გარასახვამ გადაწყვიტა – 19:17. ‘ყოჩებმა’ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმეს, ‘არმაზმა’ კი ნუგეშის სახით პირველი საცხრილო ქულა აიღო.