დიდი 10 | აკადემია 10:15 ყოჩები

დიდი 10-ის მე-5 ტურში, ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘აკადემიას’ 15:10 სძლია. „რაგბი პლატოზე“ გამართულ დერბიში ქვემო ქართლელებმა მეტოქის შეცდომებით უკეთ ისარგებლეს.

პირველი ტაიმის დასაწყისში ნომინალურმა სტუმრებმა ორჯერ დაარტყეს ჯარიმა კარში, სანდრო ფურცხვანიძემ ერთი 3 ქულად აქცია და თავისიანები წინ გაიყვანა. 28-ე წუთზე ‘ყოჩებმა’ ცენტრიდან კონტრშეტევა წამოიწყო, კოტე მარჯანიშვილი ფეხით გადაკიდებულ ბურთს მიყვა და ლელო გაიტანა, ფურცხვანიძემ კი გარდასახა. ტაიმის ბოლოს ‘აკადემიას’ ჯარიმა უნდა გაექვითა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს ასცდა – 0:10.

მეორე ტაიმი ‘აკადემიას’ შეტევებით დაიწყო. დავით მოძღვრიშვილს ჯარიმა კიდევ ერთხელ გაუცუდდა. ‘ყოჩებმა’ მეტოქის სალელოვე შეტევებიც მოიგერია და სინბინით გიორგი მელაძეც დაკარგა. ტაიმის შუაში „მხატვრებიდან“ ჯარიმის დარტყმა სანდრო მარგიანმა ითავა და სხვაობა 3 ქულით შეამცირა. 3 წუთიც არ იყო გასული, როდესაც ‘ყოჩებმა’ მოლის შემდეგ ხაზზე სწრაფად გაიტანა ბურთი, კომბინაცია გაითამაშა და ნიკა რეხვიაშვილმა ალამთან ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო – 3:15.

73-ე წუთზე, ‘აკადემიას’ შეტევისას მოედანზე ჩხუბი ატყდა და რეფერიმ გიორგი მაზმიშვილი და ირაკლი ლუარსაბიშვილი წითელი ბარათით გააძევა. დასკვნითმა წუთებმა მათი შეტევებით ჩაიარა და ერეკლე თათარაშვილმა ალამთან ლელო გაიტანა, ხოლო მარგიანმა რთული პოზიციიდან გარდასახა. ‘ყოჩებმა’ მეტოქის ბოლო იერიშის მოგერიება მოახერხა და 15:10 გაიმარჯვა. ‘აკადემიასთვის’ ეს მხოლოდ მეორე ნუგეშ-ქულაა მიმდინარე სეზონში.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ყოჩების’ ფულბეკი ნიკა ბიწაძე გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი