ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ჩემპიონი მაქსიმალური შედეგით ლიდერობს

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მესამე ტური ფიცხელი ბრძოლებით აღინიშნა. ხსენებული ტურის შემდეგ დაუმარცხებლად პირველობას ‘ლელო’ და ‘ხვამლი’ აგრძელებენ, თუმცა მუხიანელებმა ბონუსით მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგეს და რატი ურუშაძის ბიჭები მაქსიმალური შედეგის მქონე ლიდერს 2 ქულით ჩამორჩნენ.

ვიცე-ჩემპიონი ‘აია’ მიჯრით მეორე მოგების შემდეგ ‘ბათუმი’-1-ს გაუთანაბრდა და რიონისპირელები ცხრილში აჭარლებთან 3-4 ადგილებს ინაწილებენ, თუმცა მეტი სამატჩო ქულების ქონის გამო მესამე საფეხურს აჭარლები ინარჩუნებენ. მორიგ ტურში უდაოდ გამორჩეული სწორედ რიონისპირელთა და აჭარელთა დაპირისპირება იქნება.

‘არმია’, პირველი გამარჯვების შემდეგ ‘აკადემიას’ გაუთანაბრდა და ცხრილში „მხატვრებთან“ 5-6 ადგილებს იყოფს. ჩემპიონატს მოუგებლად ‘კოლხი რაინდები’ და ‘არმაზი’ აგრძელებენ, თუმცა კოლხებს აქტივში 2 ნუგეშ-ქულა აქვთ, მონაწილეთა შორის ერთადერთი უქულოდ მყოფი ქვემო ქართლელები კი ცხრილის ბოლო საფეხურს იკავებენ.

ჩემპიონი ‘ლელო’ ფოთში, „პარკი არენაზე“ ‘კოლხი რაინდებს’ სტუმრობდა. შეხვედრა ჩემპიონის სრული უპირატესობით წარიმართა. პაატა მაისურაძის 18-წლამდე ნაკრებთან ყოფნის პერიოდში ჩემპიონს უნარიანად ზურა ხორბალაძე უძღვება. ხშირ და ეფექტურ ბოჭვებთან ერთად, ‘ლელო’ სიჩქარეზე მოქმედებდა, გამოთავისუფლებელ სივრცესაც კარგად იყენებდა და მასპინძლებს სტატიკაშიც ჯაბნიდა. ფავორიტმა, რომელსაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა, კოლხებს 7 უპასუხო ლელო დაუდო და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით – 45:0 მოიგო. ‘ლელოს’ წარმატებას სათავე კვაჭმა დავით არჩვაძემ დაუდო, ვინაც მეორე ტაიმის დებიუტში „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა. მიმდინარე სეზონში არჩვაძე საკუთარი გუნდის საუკეთესო მელელოვედ იქცა.

‘ბათუმი’-1-მა ‘ხვამლს’ აჭარის დედაქალაქში უმასპინძლა და გასული სეზონის მსგავსად მეტოქეთა რკენაც ამჯერზე უშეღავათო და მწირქულიანი გამოდგა. პირველ ნახევარში ‘ხვამლი’ ფრთა გიგა ყიფშიძის ლელო-გარდასახვით დაწინაურდა, რასაც მასპინძელთა ფულბეკ ნიკა ხალვაშის საპასუხო ლელო მოჰყვა, თუმცა აჭარლებს გარდასახვა გაუცუდდათ და მუხიანელები შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმში შეხვედრაში გარდატეხის შესატანად ბათუმელთა დიდ მცდელობას მასპინძელთათვის სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. გამოჩენილი ბორჯღალოსანის ბიჭები მაღალი სათამაშო დისციპლინით, მიღებული ნაკლები ჯარიმებითა და დაცვაში საიმედო თამაშით გამოირჩნენ. მართალია, ‘ხვამლმა’ საკადრო პობლემების გამო მწირი და არცთუ სრულფასოვანი მარქაფის ყოლის გამო მთელი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, თუმცა ფიზიკურად კარგად მომზადებულ სტუმრებს დაღლა არ დატყობიათ და მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე გიგა ყიფშიძემ ჯარიმით საკუთარი გუნდის უპირატესობა გაამყარა – 10:5.

მონაწილეთა შორის ერთადერთმა უქულოდ მყოფმა ‘არმაზმა’ ვაზისუბანში ქუთაისის ‘აიას’ დიდი ბრძოლა გაუმართა. ქვემო ქართლელებმა, მატჩის დებიუტში რიონისპირელთა  მარბიელ ლუკა ნარსიას დადებულ ლელოს (ჰავბეკმა თემურ ძოძუაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა) ჯერ შუამარბ დავით არავიაშვილის გატანილი ჯარიმა შეაგებეს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი იმავე არავიაშვილის დადებული ლელოთი ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს.

‘აიას’ რაქში პრობლემები ქონდა და თან დერეფანშიც ვერ ივარგა, სანაცვლოდ ლევან თხელიძის ბიჭები დაცვაში საიმედო თამაშითა და ეფექტური „ბოქს-კიკებით“ გამოირჩნენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თემურ ძოძუაშვილის კარგი თამაში. ძოძუაშვილმა, ვინაც ამჯერზე ჰავბეკის პოზიციაზე ირჯებოდა, ფეხით არაერთი ეფექტური დარტყმა განახორციელა, რითაც თანაგუნდელებს ხშირი პრესინგის განხორციელების შესაძლებლობა მისცა. ძოძუაშვილმა წყვილი გატანილი ჯარიმით საკუთარი გუნდი დააწინაურა, ორივე გარდასახვა გამოიყენა და საბა ნებიერიძის ლელოშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო. ‘აიას’ მარბიელმა მასპინძლებს ხაზი 22-მეტრიანთან გაუჭრა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გატანილი ლელოთი მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 20:8.

მესამე ტური, „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემია’-‘არმიას’ დედაქალაქური დერბით დასრულდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩის ფავორიტმა „მხატვრებმა“ მარბიელ ირაკლი კვალიაშვილის ლელოთი ანგარიშში დაწინაურება მხოლოდ ერთხელ შეძლეს. ბესიკ ჩინჩალაძის შეგირდები, ‘ლელოსთან’ და ‘აიასთან’ პირველობის სადებიუტო შეხვედრებში დახარჯული დიდძალი ენერგიის შედეგად მეტოქეზე „მძიმედ“ გამოიყურებოდნენ. ‘არმია’ უფრო აქტიურად და ენერგიულად მოქმედებდა და მასპინძლებს თამაშის ორგანიზაციის ხარისხშიც აღემატებოდა.  „არმიელებმა“ ფულბეკ რაულ ჩორგოლაშვილის შესრულებული „დუბლით“ პირველი ტაიმი 10-ქულიანი სხვაობით მოიგეს.

მეორე ნახევარში ‘აკადემია’ გააქტიურდა და „არმიელთა“ შუამარბ დავით ბარბაქაძის გატანილ წყვილ ჯარიმას, კვაჭ გიორგი აღნიაშვილისა და მარქაფადან ჩართული ფრთის რეზო წაქაძის დადებული ლელოები დაუპირისპირა. წაქაძის ლელო მგეზავმა ზურა დემეტრაძემ მახვილი კუთხიდან ვერ გარდასახა, რითაც „მხატვრებმა“ ხელიდან ანგარიშში დაწინაურების ჩინებული შანსი გაუშვეს. მატჩის ბოლო წუთებზე დავით ბარბაქაძის გატანილმა მორიგმა ჯარიმამ გია ჯავახიშვილის ბიჭებს სეზონში პირველი გამარჯვება არგუნა – 21:17 და „მხატვრები“ ოდენ ნუგეშ-ქულას დააჯერა.