ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ჩემპიონმა ლიდერობა განიმტკიცა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის მესამე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში მაქსიმალური შედეგით (15  ქულა) მოქმედი ჩემპიონი ‘აია’ უდგას. რიხით დაიწყო პირველობა ‘აკადემიამაც’. მეორე ადგილზე დამკვიდრებულმა „მხატვრებმა“ 2 პრიციპულ მეტოქესთან (‘ხვამლი’, ‘ხარები’) ბონუსით იმარჯვეს და ქულებით პოტენციურად ლიდერ ‘აიას’ უტოლდებიან. ლიდერებს კვალში 9-9 ქულით ‘ლელო’ და ‘ხარები’ უდგანან. უქულოდ მყოფი 2 ქვემო ქართლური გუნდები – ბოლნისის ‘ყოჩები’ და მარნეულის ‘არმაზი’ ცხრილის ბოლო ორ საფეხურს იკავებენ.

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მესამე ტური ‘ლელოს’ სენსაციური მარცხით დაიწყო. ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა 2018 წლის შემდეგ სამატჩო ანგარიშით პირველად წააგო. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ‘ლელო’ აჭარის დედაქალაქს ძირითადი შემადგენლობის 13(!) მოთამაშის გარეშე ეწვია და გუნდს ვერც მთავარმა მწვრთნელმა თორნიკე ბუბუტეიშვილმა უთავკაცა, ვინაც ‘ლელოს’ დიდ გუნდს ‘ხვამლთან’ შეხვედრაში ეხმარებოდა (’ლელოს’ დიდი 10-ისა და ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის შეხვედრები ერთმანეთს დაემთხვა). ‘ბათუმი’-1-თან შეხვედრაში ჭაბუკ „ლელოელებს“ ბუბუტეიშვილის თანაშემწე რატი შანიძე დამრიგებლობდა.

პირველ ნახევარში, ბათუმელთა მარბიელ ნიკა ველურიძისა და ფრთა მათე თავდგირიძის დადებულ ლელოებს, სტუმართა კვაჭმა თორნიკე ბოყოველმა 1 საპასუხო ლელო შეაგება. ‘ლელოს’ მგეზავმა გიორგი სპანდერაშვილმა ზუსტ გარდასახვას, ტაიმის მიწურულს გატანილი ჯარიმაც დაურთო და ‘ბათუმი“-1 შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მართალია, ‘ლელო’ გააზრებულად მოქმედებდა, ოვალს სწრაფად შლიდა, რიგ ეპიზოდებში ეფექტურადაც ირჯებოდა, თუმცა თავი იჩინა სტუმართა შეუთამაშებლობამ და ისიც აღსანიშნავია, რომ ‘ლელოს’ მორაგბეთა დიდ ნაწილს თამაში მათთვის უჩვეულო პოზიციებზე მოუხდა. აჭარლებმა აღნიშნული გარემოებით კარგად ისარგებლეს და შესაშური ბრძოლისუნარიანობისა და თავდადების ხარჯზე წარმატებას მიაღწიეს. მეორე ნახევარში მასპინძელთა სამატჩო ქულების მონაგარს მგეზავმა ზურა ფირცხალაიშვილმა წყვილი ჯარიმა შემატა, რამაც თენგიზ გოგიბერიძის შეგირდებს სეზონში პირველი გამარჯვება არგუნა – 18:10.

ვაზისუბანში,  მარნეულის ‘არმაზი’-ხვამლის’ შეხვედრის დებიუტში ქვემო ქართლელები ფულბეკ სულიკო მუჩიაშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ, რის შემდგომ მუხიანელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ‘ხვამლმა’ დარჩენილ დროში პრინციპული მეტოქე მუჩიაშვილის კიდევ ერთ გატანილ ჯარიმას დააჯერა, საკუთრივ კი 4 უპასუხო ლელოთი, შეხვედრა პრემიალური ქულის თანხლებით 34:6 მოიგო და აჭარელთა მსგავსად, სეზონში პირველი გამარჯვება გაიფორმა. მუხიანელთა მხრიდან ლელო პირველ ტაიმში ფულბეკმა საბა ზანდარაშვილმა გაიტანა, მეორე ნახევარში კი თავი ფრთა ირაკლი ბეგლარიშვილმა, მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა ტარიელ ლაბუჩიძემ და მარბიელმა ლუკა სულუაშვილმა გამოიჩინეს.

პირველობის ლიდერი ქუთაისის  ‘აია’ „რაგბი პლატოზე“ ბოლნისის ‘ყოჩებს’ სტუმრობდა. ქვემო ქართლელებმა ჩემპიონს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს და მასპინძელთა ფრთა მიხეილ მალაციძემ ლელოს გატანაც მოახერხა. ჩემპიონის საგრძნობი უპირატესობა კი მთლიანობაში 9 გატანილ ლელოში აისახა. რიონისპირელთა ფრთა ემზარ ბენდიაშვილმა „დუბლი“ შეასრულა და პაატა ტყაბლაძის ბიჭებმა პრემიალური ქულით უპრობლემოდ იმარჯვეს – 61:10.

იქვე, „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემიასა’ და რუსთავის ‘ხარების’ შეხვედრა „მხატვართა“ სრული უპირატესობით წარიმართა. ზუკა თათარაშვილის ბიჭებმა ქვემო ქართლელები მგეზავ გიორგი სარდალაშვილის ეულ ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი 4 ლელოს გატანა და ბონუს-ქულის აღება მოახერხეს. მატჩის პირველ ნახევარში გატანილი ლელოებით ფრთა გიორგი ქარჩხაძე, მარბიელი ირაკლი ხიდეშელი და შუამარბი რატი პაპაშვილი გამოირჩნენ. მეორე ნახევარში კი ‘ხარების’ მარცხს წერტილი მასპინძელთა კვაჭ გიორგი ჭანტურიას დადებულმა ლელომ დაუსვა – 30:3.

მორიგ ტურში, ლიდერი ‘აია’ ‘ბათუმი-1’-ს უმასპინძლებს. ‘აკადემიას’ კი დედაქალაქურ დერბიში ‘ლელოსთან’ მეტოქის მოედანზე ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.