ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელომ’ რეკორდული სხვაობით მოიგო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში, მეექვსე ტურის შემდეგ ლიდერმა ‘აიამ’ მდევარ ‘ლელოსთან’ 6-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა და პირველი წრის დასკვნით ტურში ტიტულის მთავარი მაძიებლების, ‘ლელო’-‘აიას’ დედაქალაქში გასამართი შეხვედრა პირველობის საკულტო მატჩის სტატუსსაც იძენს. რიონისპირელებმა პირველობაზე ყველა შეხვედრა ბონუსით მოიგეს და ქულათა მაქსიმუმი (30 ქულა) დააგროვეს.

‘ლელოს’, პირველობის ერთბაშად 3 მონაწილე 10 ქულით ჩამორჩა. ‘აკადემია’, ‘ხარები’ და ‘ბათუმი’ 14 ქულით 3-5 ადგილებს ინაწილებენ, თუმცა აჭარლებსა და „მხატვრებს“ ერთურთში გამოტოვებული შეხვედრის ჩატარებაც უწევთ. ‘ყოჩებმა’ 10 დაგროვილი ქულით პლეი ოფის ზონის ბოლო, მეექვსე საფეხური გაიმყარეს და მეშვიდე ადგილზე მყოფ ‘’ხვამლს’ უკვე 5 ქულით გაუსწრეს. მოუგებლად მყოფ და თანაც 3 საჯარიმო ქულა დარიცხულ აუტსაიდერ მარნეულის ‘არმაზის’ ელიტაში დარჩენის შანსი მეთოდურად მცირდება.

მეექვსე ტური „ხვამლი არენაზე“, ‘ხვამლისა’ და ‘ლელოს’ შეხვედრით დაიწყო. ფავორიტი ‘ლელო’ კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, რაც თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებმა მიმდინარე სეზონის რამდენიმე რეკორდში ასახეს. ‘ლელომ’ – 118:5 იმარჯვა და ჩემპიონატში პირველად დაფიქსირდა სამნიშნა ციფრით მოგება. გარდა ამისა ‘ლელომ’ ჯერჯერობით ყველაზე მეტი სამატჩო ქულა აიღო და ვიცე-ჩემპიონის მიერ 1 მატჩში 18 გატანილი ლელოც რეკორდული მაჩვენებელია.

შესრულებული „ჰეთ-თრიკით“ შუამარბი სანდრო დარძულაძე, ფრთა თორნიკე ნავროზაშვილი და ფულბეკი ლუკა ცირეკიძე გამოირჩნენ. ცირეკიძემ 12 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. მუხიანელებმა კი პირველი ტაიმის მიწურულს მარბიელ დათა ჭილაიას დადებული ლელოთი „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა შეძლეს.

ტურის გამორჩეული შეხვედრა „აია არენაზე“ გაიმართა. ჩემპიონი ‘აია’ ცხრილში მესამე ადგილზე მყოფ რუსთავის ‘ხარებს’ მასპინძლობდა. ქვემო ქართლელებმა ჩემპიონს გარკვეული წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში უწიეს და ფრთა ლაშა მოლაშვილის ლელოთი ერთი ხანობა ანგარიშში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირეს.

მატჩის დიდი ნაწილი კი რიონისპირელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რაზეც ნათლად ჩემპიონის მიერ გატანილი 11 ლელოც მეტყველებს. ‘აიას’ მარბიელმა ომარ ჯანგავაძემ და ფრთა საბა ზაქარეიშვილმა „დუბლი“ გაიფორმეს. შეხვედრის გამორჩეულ მოთამაშედ კი მასპინძელთა კვაჭი შოთა ხელაძე იქცა, ვინაც მარქაფადან ჩართულმა „ჰეთ-თრიკის“ შესრულება მოახერხა – 69:12.

ვაზისუბანში, ‘არმაზისა’ და ‘აკადემიას’ შეხვედრა დაძაბული გამოდგა. განსაკუთრებით კი მატჩის პირველი ნახევარი, სადაც მასპინძელთა ბურჯმა ნიკა ბეროშვილმა შესრულებული „დუბლით“ ანგარიში 2-გზის გაათანაბრა და პირველი ტაიმის საყაიმო შედეგიც დააფიქსირა – 12:12. მეორე ნახევარში ‘აკადემიამ’ დაცვას მეტი ყურადღება დაუთმო და „არეულ“ თამაშში მეტი ხეირიც პოვა. ჯერ მეტოქის 5-მეტრიანთან რაქიდან ატაცებული ოვალი ლელოდ „მხატვართა“ ჰავბეკმა ზურა ყულჯანიშვილმა აქცია, რასაც სტუმართა მგეზავ გიორგი გამყრელიძის მიერ მეტოქის დარტყმის დაფარების შემდეგ დადებული ლელო მოყვა – 24:12.

„რაგბი პლატოზე“, ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ‘ბათუმი’-1-თან რიხიანად დაიწყეს შეხვედრა და პირველი ტაიმის დიდი ნაწილი უპირატესობასაც ფლობდნენ. ‘ყოჩთა’ შუამარბმა ნიკა შველიძემ დადებულ ლელოს, გატანილი ჯარიმაც მიაყოლა, რამაც გიორგი ჭინჭარაულის ბიჭებს 8-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

‘ბათუმმა’, თამაშის უკეთესი ორგანიზაციის ხარჯზე შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხა. აჭარელთა ხაზი სწრაფად და მწყობრად ამოქმედდა. თენგიზ გოგიბერიძის ბიჭები კარგ მიყოლასთან ერთად, სწრაფად შლიდნენ ოვალს, რითაც ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს ბათუმელთა კაპიტანმა და კვაჭმა თორნიკე გაბელაიამ იხეირა, მატჩის მიწურულს კი გამარჯვების მომტანი ლელო ქვემო ქართლელებს მღლეტელმა გიორგი ირემაძემ დაუდო. თანაგუნდელთა ლელოები სტუმართა მგეზავმა ზურა ფირცხალაიშვილმა გარდასახა და ‘ყოჩები’ ნუგეშ-ქულის ამარა დატოვა – 14:8.