რეგიონული ლიგა | დასავლეთში-დუეტი, აღმოსავლეთში კი ‘რუსთავი’ ლიდერობს

რეგიონული ლიგის მეხუთე ტურში, ლიდერმა ‘რუსთავმა’ პრემიალური ქულის გარეშე პირველად მოიგო, რამაც ჯგუფის პოტენციურ ლიდერად ‘წიქარა’ აქცია. ‘წიქარამ’ ყველა მატჩი ბონუსით მოიგო, ქვემო ქართლელებს 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა ლიდერზე თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

‘სოხუმი’ მესამე პოზიციას ‘გარდასახვასთან’ ერთად ინაწილებს. აღსანიშნავია, რომ  ‘გარდასახვამ’ მოწინავე კვარტეტში პირველად აინაცვლა. თელავის ‘ჭადარი’ მიჯრით მესამე მარცხის შემდეგ საჩემპიონო ექვსეულს მიღმა დარჩენის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. სეზონში მოპოვებული მეორე გამარჯვებით, მოწინავე ექვსეულში მოსახვედრად მებრძოლ გუნდებს ‘ივერიელი’ შეუერთდა, რომელიც ქულებით ‘ჭადარს’ გაუტოლდა.

ჯგუფის ლიდერ ‘რუსთავისა’ და ‘პატარძეულის’ შეხვედრა დიდი ვნებათაღელვითა და შედეგიანობით გამოირჩა. წითელ-ყვითელი ბარათების ფრიალში ქომაგმა 10 გატანილი ლელო იხილა, რომელთაგან-6 ქვემო ქართლელი მორაგბეების ანგარიშზეა. მართალია, გარე კახელები მარბიელ ვეფხია უსტიაშვილის ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა გიორგი ჯიმშელაძის შეგირდებს შეხვედრაში გარდატეხის შეტანა არ გაჭირვებიათ.

‘რუსთავი’ სტუმრებზე უკეთეს სათამაშო გადაწყვეტილებებს იღებდა და ხელსაყრელ მომენტებსაც მეტად იყენებდა. მასპინძელთა ფრთა გიორგი სირაძემ და ჰავბეკმა გიორგი ძნელაძემ „დუბლი“ შეასრულეს. მგეზავ ბექა აქუბარდიას მხოლოდ 1 გარდასახვა გაუცუდდა. ‘პატარძეულმა’ ბოლომდე იბრძოლა, მთლიანობაში 4 ლელო გაიტანა და ქვემო ქართლელები სეზონში პრემიალური ქულის გარეშე პირველად დატოვა – 40:22.

„ავჭალა არენას“ ხელოვნუსაფარიან მოედანზე ‘წიქარამ’ თელავის ‘ჭადარი’ რაგბის ყველა კომპონენტში დაჯაბნა და მატჩი სოლიდური სხვაობით მოიგო – 56:5. გიორგი ბარნოვის ბიჭებმა 8 ლელო გაიტანეს. შუამარბმა ფრიდონ ვეშაგურმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ხოლო მარბიელმა ვაჩე გელბახიანმა პირად აქტივს „დუბლი“ შემატა. ‘წიქარას’ მგეზავმა ლუკა ზუხბაიამ რვავე გარდასახვა გამოიყენა. კახელები „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან, კვაჭ გიორგი ქუსიკაშვილის მეორე ტაიმში გატანილმა ლელომ იხსნა.

„რაგბი პლატოზე“, ‘დევებისა’ და ‘სოხუმის’ შეხვედრა უკომპრომისო ბრძოლით აღინიშნა. ულელოო პირველი ტაიმში სოხუმელთა ფულბეკ პაატა ღარიბაშვილის გატანილ ჯარიმას, ‘დევების’ ფულბეკმა დავით ფურცელაძემ წყვილი ჯარიმა შეაგება და სანდრო ლომთაძის შეგირდები შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმის დებიუტში ‘დევების’ მარბიელ გიორგი ტორონჯაძის დადებულმა ლელომ ‘სოხუმი’ დროულად გამოაფხიზლა. გიგა მიქაძისა და ლევან ტიტველაშვილის შეგირდებმა სისწრაფეს უმატეს და დაცვაშიც თამაში გაამკაცრეს. დარჩენილ დროში ‘სოხუმმა’ 13 უპასუხო ქულა მიითვალა. ლელოს გატანა ფრთა მიხეილ გოცირიძემ და პაატა ღარიბაშვილმა მოახერხეს. ღარიბაშვილმა პირად მონაგარს კიდევ 1 გატანილი ჯარიმაც შემატა და მეტოქე ნუგეშ-ქულის ამარა დატოვა – 16:11.

გამარჯვებათა იშტაზე მოსულ ‘გარდასახვას’ აუტსაიდერთა რიგებში მყოფ ‘ივერიას’ ძლევა არ გაჭირვებია. ლაშა აზალაძის ბიჭებმა პირველ ტაიმში 3 უპასუხო ლელო გაიტანეს და შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. ლიგის დებიუტანტის წარმატებას სათავე ფრთა თედო დევიძის ლელომ დაუდო. მეორე ნახევარში ფავორიტმა მონაგარს კიდევ 2 გატანილი ლელო წაუმატა. ‘გარდასახვა’ სისწრაფეზე ოვალს დროულად შლიდა და სივრცეზე მოპოვებულ უპირატესობასაც კარგად იყენებდა. ‘ივერია’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან გუნდის კაპიტან და ჰავბეკ ირაკლი ჭელიძის ბოლო წუთებზე დადებულმა ლელომ იხსნა – 29:5. ‘გარდასახვამ’ მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო და ზედიზედ 3 შეხვედრაში პრემიალური ქულაც აიღო.

დასავლეთის ჯგუფი

დასავლეთის ჯგუფში რეგულარული სეზონი ‘დინოზავრმა’ და ‘კოლხი რაინდებმა’ საშინაო პირველობად აქციეს. იმერლებს და კოლხებს წინააღმდეგობას ვერავინ უწევს, ლიდერები ასპარეზობას უდანაკარგოდ, მაქსიმალური შედეგით, 25-25 ქულით აგრძელებენ და მესამე ადგილზე ანაცვლებულ ვანელებს მთელი 10 ქულით უსწრებენ. დიდი ალბათობით, დასავლეთიდან პლეი ოფში სწორედ ‘დინოზავრი’ და კოლხი რაინდები’ ითამაშებენ და დარჩენილ შეხვედრებში მეტოქენი ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ.

მეხუთე ტურში წყალტუბოს ‘დინოზავრი’ ბათუმში, ქედას ‘ფირალებს’ სტუმრობდა და უთანასწორო ბრძოლაში მოუგებლად მყოფი ერთ-ერთი აუტსაიდერი „მშრალი“ ანგარიშით – 68:0 დაამარცხა. ზაზა ჩირგაძის შეგირდებმა მთლიანობაში 12 ლელო გაიტანეს. ფულბეკმა იაგო ხაბულიანმა „პოკერი“ გაახერხა, მარბიელმა ბადრი დანგაძემ კი „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა.

ფოთის ‘კოლხი რაინდები’ ზუგდიდში, ‘რაგბის კლუბს’ სტუმრობდნენ და მეგრულ დერბიში მერაბ მატკავას ბიჭებმა მართალია დაგეგმილი პრემიით იმარჯვეს, თუმცა საწადელის მისაღწევად კოლხებს დიდი ძალისხმევა დაჭირდათ. ‘ზუგდიდმა’ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და 2 ლელოს გატანაც მოახერხა. კოლხებმა თავის მხრივ ტაიმებში 3-3 ლელოს გატანა შეძლეს. სტუმრები უპირატესად რაქიდან უტევდნენ და ოვალი რამდენჯერმე კარგადაც გაშალეს. ‘კოლხი რაინდების’ წარმატებას სათავე მღელეტელმა გიორგი ქათამაძემ დაუდო, საბოლოო ანგარიში კი მარქაფადან ჩართული კოლხთა ბურჯის, რაჟდენ ბაღათურიას ლელომ დააფიქსირა – 38:12.