პირველი ლიგა | ცხრილის სათავეში ლიდერთა სამეული დარჩა

პირველი ლიგის მეოთხე ტურში სამივე ლიდერმა (’ტაო’, ‘არწივები’, ‘არმია’) ბონუსით მოიგო და შესაბამისად, პირველობაზე სამხელისუფლებიანობა შენარჩუნდა. ლიდერებმა სოლიდური სხვაობით იმარჯვეს და 3-კვირიანი პაუზის შემდეგ, მეხუთე ტურში უდაოდ გამორჩეული ოზურგეთში, ‘არწივებისა’ და „არმიელთა“ შეხვედრა იქნება. კიდევ ერთი ლიდერი ‘ტაო’ კი ‘არმაზს’ ვაზისუბანში ესტუმრება.

‘გორმა’ ბონუსით მოგებით ცხრილში ‘იუნკერებს’ 1 ქულით გადაასწრო და მოწინავე კვარტეტში დამკვიდრდა. კიკეთელებმა თავის მხრივ მიჯრით მეორე შეხვედრაში იმარჯვეს და სატურნირო მდგომარეობაც საგრძნობლად გაიუმჯობესეს. მოუგებლად კვლავ ‘ვეფხვები’, ‘ბაგრატი’ და ‘ბორჯომი’ რჩებიან. რიონისპირელები და თორელები სულაც უქულოდ არიან, გარე კახელებმა კი პირველობაზე მესამე ნუგეშ-ქულა აიღეს და წინა, მეშვიდე ადგილზე მყოფ ჭიათურის ‘მათეს’ 4 ქულით ჩამორჩებიან.

პირველი ლიგის მეოთხე ტური გორში, ‘არმიასა’ და მარნეულის ‘არმაზის’ შეხვედრით დაიწყო. ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა, რაშიც მთავარი „დამნაშავე“ ძლიერი ქარი გახლდათ. მასპინძლის როლში მყოფ „არმიელებს“ პირველ ნახევარში პირქარში მოუწიათ თამაში, რის გამოც ლევან ობოლაძის შეგირდებს ფეხით თამაში უჭირდათ და ტექნიკური წუნიც უხვათ ქონდათ. მართალია, ‘არმია’ კაპიტან რამაზ ხარაზიშვილის წყვილი ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა ‘არმაზმა’ კვაჭ საბა კურატიშვილის გარდასახული ლელოთი შესვენების წინ ანგარიშში მინიმალური სხვაობით დაწინაურება მოახერხა.

მეორე ტაიმში უკვე ზურგქარში თამაშმა ‘არმიას’ დიდი უპირატესობა არგუნა. „არმიელები“ სწრაფად, კომბინირებულად მოქმედებდნენ, ფეხითაც კარგად ურტყავდნენ და ქვემო ქართლელებს გაშლილი, ხელდახელ თამაშით 4 უპასუხო ლელო დაუდეს (მღლეტელი ლევან დარასელია, მგეზავი გიორგი ჯაში, მარბიელი თენგო გიგოლაშვილი და შუამარბი გიორგი ხარშილაძე) – 33:7. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნიკა წივწივაძის საუცხოო თამაში. „არმიელთა“ მხტომელმა დაცვაში ოვალი მრავალგზის მოიპოვა, მეტოქეს ხაზი არაერთგზის გაუჭრა და ქომაგს თავი ეფექტური ოფლოუდებითაც დაამახსოვრა.

ჭიათურაში, ადგილობრივმა ‘მათემ’ პირველობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ოზურგეთის ‘არწივებს’ უმასპინძლა და ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ მატჩის დებიუტში გაუწია. მგეზავ ნიკა სამხარაძის ჯარიმით ზემო იმერლები ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც, რის შემდგომ გურულები მოედანზე სრულად გაბატონდნენ და მასპინძლებს ტაიმებში 3-3 უპასუხო ლელო დაუდეს. გია ამირხანაშვილის ბიჭები  უპირატესად ოვალის კარგი მიღებით, მისი სწრაფი ამოტანითა და კარგი გაშლით გამოირჩნენ. ‘არწივების’ ფეხმარდმა აფრიკელმა ფრთა ჯაბულანი მკულვანმა პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა, ‘მათეს’ მარცხს კი წერტილი მატჩის მიწურულს მარბიელმა ქრისტიანე მოწყობილმა დაუსვა – 36:3.

ასპინძაში, ‘ტაოსთან’ ქუთაისის ‘ბაგრატმა’ ვერაფერი გააწყო. მესხები რიონისპირელებს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ და სტუმრებს მთლიანობაში 7 უპასუხო ლელო დაუდეს. ‘ტაოს’ წარმატებას სათავე ლეგენდარული ბორჯღალოსანის გოშა შკინინის ფეხით გაკეთებული საუცხოო გადაცემის შედეგად ფიჯელი რატუ ნაკიკას ლელომ დაუდო. მულღაზანზაროელმა ფულბეკმა პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა. ასევე წყვილი ლელოს გატანა მასპინძელთა კიდევ ერთმა ფიჯელმა ლეგიონერმა, მხტომელმა ნელსონ ნასიკიტაბუამაც მოახერხა. ‘ბაგრატის’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს წერტილი მღლეტელმა გიორგი კბილაშვილმა დაუსვა – 43:0.

„ავჭალა არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ‘იუნკერებსა’ და პატარძეულის ‘ვეფხვებს’ შორის დიდი ბრძოლა გაჩაღდა. პირველ ტაიმში უკეთ გარე კახელები გამოიყურებოდნენ. ზვიად ცუხიშვილის შეგირდები სტატიკაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, მოლს კარგად აყენებდნენ და რაქშიც უკეთ ირჯებოდნენ. ‘ვეფხვების’ კვაჭმა გიორგი გოგუაძემ თანაგუნდელთა 2 მიძალება გამოიყენა და კარგად ჩამოყალიბებული მოლებით პირველ ტაიმში „დუბლი“ შეასრულა. სტუმრებმა, კიკეთელთა ფრთა გიორგი ვასაძის ლელოს მთლიანობაში 3 ლელო შეაგებეს და მეორე ტაიმის დებიუტში 10-ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ.

‘იუნკერებმა’ დარჩენილ დროში დაცვაში შეცდომებს უკლეს, შეხვედრაში კი გარდატეხა პრაგმატული თამაშითა და მეტოქის შეცდომებზე მაქსიმალური ხეირის წყალობით მოიპოვეს. ჩინებულად ირჯებოდა კიკეთელთა ფულბეკი არჩილ იაშაღაშვილი, ვინაც თანაგუნდელთა 2-ივე ლელო გარდასახა და 3 ჯარიმაც ძელებს შუა ზუსტად გაატარა. ჯერ „იუნკერთა“ ფრთა ბონდო ლომიძემ დაფინტა და სისწრაფზე გაჭრილი ხაზით ლელო დაუდო. იაშაღაშვილმა ზუსტად გარდასახა, რასაც მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე გამარჯვების მომტანი ჯარიმაც დაურთო – 23:22.

ტურის დასკვნითი შეხვედრა გორში, ჭალის დასახლებაში გაიმართა. ადგილობრივმა ‘გორმა’ ბორჯომის ‘ბორჯომს’ უმასპინძლა. თორელები, ფავორიტ მასპინძლებს პირველ ტაიმში ტოლ-სწორად ეპაექრნენ, გორელთა ფრთა დათო მთვარაძის დადებულ ლელოს, მგეზავ ილია ბაკურაშვილის გატანილი წყვილი ჯარიმა დაუპირიპირეს და შესვენებაზე 1-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ნახევარში ‘გორი’ გააქტიურდა, სისწრაფეს უმატა, უპირატესობა ხელდახელ თამაშს მიანიჭა, რამაც ნიკო ჭავჭავაძის შეგირდებს კიდევ 3 ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა, რასაც თორელებმა ფრთა დავით სამხარაძის ეული ლელოთი უპასუხეს. შიდა ქართლელთა მხრიდან დადებული ლელოთი თავი ჯერ ფრთა მიხეილ ჩადუნელმა და მხტომელმა დათო ზარნაძემ გამოიჩინეს, პრემიალური ქულის მომტანი ლელო კი მასპინძელთა ფრთა ალექსანდრე ანჯაფარაძის ანგარიშსზეა – 25:14.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე