ილია იოვაძის სამძიმარი

ქართული რაგბის თემმა დიდი დანაკლისი განიცადა. 80 წლის ასაკში გამოჩენილი ქართველი მორაგბე ილია (ილო) იოვაძე გარდაიცვალა.
ილია იოვაძე ოვალით 21 წლის ასაკში მოიხიბლა და რაგბში პირველი ნაბიჯები 1963 წელს, ოთარ დოღონაძის თავკაცობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში გადადგა.

უნივერსალური სპორტული თვისებებით შემკული, მკვირცხლი და ფეხმარდი იოვაძის ნიჭი გივი მრელაშვილის მახვილ თვალს არ გამოპარვია და 1966 წლიდან იოვაძემ თამაში მარცხენა ფრთის პოზიციაზე თბილისის ‘დინამოს’ რიგებში სწორედ ქართული რაგბის ლეგენდის უშუალო ხელნმძღვანელობით განაგრძო.
‘დინამოს’ შემადგენლობაში ილია იოვაძემ როგორც შიდა რესპუბლიკურ, ასევე საკავშირო სარბიელზე არაერთ წარმატებას მიაღწია, რომელთა შორის გამორჩულად საქართველოს ჩემპიონის ტიტულს აფასებდა.

მოქმედი სპორტსმენის კარიერის დამთავრების შემდეგ ილია იოვაძეს ქართულ სარაგბო სამყაროსთან კავშირი არ გაუწყვეტია და დღემდე საქართველოს რაგბის კავშირის ვეტერანთა საბჭოს წევრიც გახლდათ. 2002 წელს ის საქართველოს ვეტერან მორაგბეთა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ილია იოვაძემ რაგბის დიდ ოჯახურ დინასტიას ჩაუყარა საფუძველი. ილიას ვაჟი, გუჯა იოვაძე გამოჩენილი ბორჯღალოსანია, რამდენიმე შვილიშვილი კი დღესდღეობით მორაგბის კარიერას წარმატებით აგრძელებეს.

რაგბი კავშირი და ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვავს ილია იოვაძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს იოვაძეების ოჯახს და სამძიმარს უცხადებს.