დიდი 10 | ყოჩები 16:5 ლელო

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ „რაგბი პლატოზე“ 16:5 სძლია და 9 წლის წინ მოპოვებული „სარბიელის სინი“ შეინარჩუნა.

რაგბის კავშირმა მივიწყებული ტრადიცია დიდი 10-ის მე-6 ტურში აღადგინა და ამან თამაშს დამატებითი ელფერი შესძინა. მეტოქეები მონდომებით იბრძოდნენ და წარმატებისთვის თავს არ ზოგავდნენ, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ‘ყოჩებმა’ ჩემპიონივით გაიხარა.

ბოლნისელთა გამარჯვება სწორედ მათმა მონდომებამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მე-20 წუთზე მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, უფრო ორგანიზებულად ირჯებოდნენ და სეზონში მეხუთე გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს. ახლა ‘ყოჩები’ 21 ქულით პირველ ადგილზეა და კონკურენტი ‘არესისა’ და ‘ყაზბეგის’ თამაშებს ელოდება. ‘ლელო-სარასენსი’ 15 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

პირველმა ტაიმმა წვიმაში ჩაიარა და მე-12 წუთზე ‘ყოჩები’ სანდრო ფურცხვანიძემ რთული ჯარიმით დააწინაურა. მე-19 წუთზე მასვე ბევრად უფრო ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, ერთ წუთში კი რომან მახათაძემ წითელი ბარათი მიიღო და ბოლნისელები დარჩენილი ერთი საათით კაცნაკლულები დარჩნენ. ერთ წუთში, 10 წუთით რიცხობრივი წონასწორობა აღდგა, როდესაც არჩილ აბესაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა ანგარიში შესვენებამდე არ შეცვლილა – 3:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ლელო’ შერკინებაში დაჯარიმდა, მაგრამ ფურცხვანიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმული ძელმა აისხლიტა. მე-60 წუთზე ფურცხვანიძემ კიდევ ერთხელ მიიღო ჯარიმის შესრულების შანსი და ამჯერად მისი დარტყმული ზუსტი იყო. მომდევნო 10 წუთში ‘ყოჩებს’ კიდევ ერთი ჯარიმა და არეკნი გაუცუდდა. მერე მათ კონტრშეტევა წამოიწყეს, შეტევის მიმართულება შეცვალეს, ბაჩუკი ჭუმბაძემ ხაზი გაჭრა და ოფლოუდი გიორგი კურტანიძეს ამოუგდო, რომელიც რამდენიმე მბოჭავს გაცდა და ლელო გაიტანა. ფურცხვანიძემ გარდასახვიდან მალევე ჯარიმაც გაიტანა – 16:0.

ნიკა ბიწაძის სინბინის შემდეგ, მასპინძლები მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ, ბოლოსწინა წუთზე შალვა აფციაურმა სივრცით ისარგებლა, შეტევა საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო, რამდენიმე მცველი ჩამოიშორა, ცენტრის ხაზი გადაკვეთა და ლელოში ბურთი გიორგი კურტანიძეს გაატანა, რომელმაც ბურთი ძელებსშუა დაამიწა, თუმცა სიჩქარეში არეკნის სახით შესრულებული გარდასახვა ძელს მოხვდა და ‘ყოჩებმა’ 16:5 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბაჩო ჭუმბაძე გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი