დიდი 10 | ყაზბეგი 12:13 არესი

დიდი 10-ის მე-4 ტურის დასკვნით მატჩში, ქუთაისის ‘არესმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 13:12 აჯობა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა.

ამ მოგების შემდეგ ‘არესი’ ‘ყაზბეგს’ და ‘ლელო-სარასენსს’ საცხრილო ქულებით გაუტოლდა, მათ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს და პირველ ადგილზეა.

გორში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უქულო გამოდგა. 40-მა წუთმა ორმხრივი შეტევებით ჩაიარა და ანგარიშის გახსნა ორივე გუნდს შეეძლო. ნომინალური სტუმარი ‘არესი’ იყო. მას დებიუტში ჯარიმა გაუცუდდა, ტაიმის ბოლოს კი ლელოს გატანასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ვანო ბურდულმა შეტევა წესების დარღვევით შეაჩერა და სინბინით დაისაჯა. ტაიმის შუაში ლელო მასპინძელთა ფრთა ლუკა ალიბეგაშვილს უნდა გაეტანა, მაგრამ ფეხით შეცურებული ბურთი ვერ დაიმორჩილა.

მეორე ტაიმი ‘ყაზბეგის’ შეტევებით დაიწყო და 48-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. იაგო გელაძემ მარცხენა ფრთაზე სისწრაფეში მიიღი ბურთი და სივრცეში შეუტია. მის შეჩერებას რამდენიმე მცველი შეეცადა, მაგრამ გელაძემ ლელოს მაინც უწია. გარდასახვა არაზუსტი იყო. საპასუხოდ ‘არესმა’ ტემპს უმატა, 55-ე წუთზე ჯარიმა გამოიმუშავა და გიორგი თევდორაძემ ის 3 ქულად აქცია.

ორიოდე წუთში გიორგი შუკაკიძემ წითელი ბარათი მიიღო და ‘ყაზბეგი’ დარჩენილი დრო კაცნაკლული დარჩა. ამას ისიც დაერთო, რომ 61-ე წუთზე ‘არესმა’ მოლით შეუტია, მას ბექა ვარდანიძე მოეხსნა, გოგა კობახიძეს ბურთი ამოუგდო და მანაც სტუმრები დააწინაურა, თევდორაძემ კი გარდასახა. ‘ყაზბეგს’ საპასუხო ლელოს გასატანად 3 წუთი დაჭირდა. ხაზი კვლავ მარცხენა ფრთაზე გაიჭრა, რაქიდან ბურთით გიგა კაციტაძემ შეუტია და ძალისმიერი ლელო გაიტანა. ოთარ ტალახაძემ გარდასახვით ‘ყაზბეგს’ 2-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა.

სტეფანწმინდელები ბოლო წუთამდე კარგად იცავდნენ თავს, მერე კი შეტევაში, კარის წინ 45 მეტრში დაჯარიმდნენ. თევდორაძემ ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და ‘არესს’ გამარჯვების 3 ქულა მოუტანა – 13:12. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გელა მახარაშვილი გახდა.