დიდი 10 | ლელო 25:28 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ ‘ლელო-სარასენსს’ დრამატულ მატჩში 28:25 სძლია. დიდ დიღომში გამართულ შეხვედრაში თავდაპირველად უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ, მეორე ნახევარში მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა ბოლოს კვლავ რუსთაველებმა იმძლავრეს.

‘ხარებისთვის’ ეს მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვებაა და 13 ქულით მე-5 ადგილზეა. ‘ლელომ’ ნუგეშის-ქულა აიღო და ჯამში 15-ით მესამე პოზიციაზეა.

დებიუტში პეტრე ხუციშვილმა და გიორგი პეტრიაშვილმა ჯარიმები გაცვალეს. განახლდა თუ არა თამაში, სტუმრებმა დაკიდებული ბურთი ვერ აიღეს, ის არჩილ აბესაძეს ჩაუვარდა ხელში, საჩუქარი შეირგო და შეხვედრის პირველი ლელო გავიდა. გარდასახვა არაზუსტი იყო. ‘ხარებმა’ სწრაფად უპასუხა. პრაქტიკულად პირველივე შეტევისას ფორვარდებმა კარგად იმუშავეს, მერე ბურთი ხაზზე გავიდა და გიორგი ნათელაშვილმა ლელო გაქვითა, პეტრიაშვილმა კი გარდასახვით სტუმრები დააწინაურა და მალევე უპირატესობა ჯარიმით გაზარდა.

24-ე წუთზე ‘ხარებმა’ მაღალ ტემპში შეუტია, ფეხით თამაშის შემდეგ მცველებმა ბურთი ვერ აიღეს, ის გურამ ქანდაურაშვილმა აიტაცა და ალამთან გატანილი ლელოთი უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. ‘ლელო’ გამოცოცხლდა და მწვავედ შეუტია, 34-ე წუთზე ბურთი მარჯვენა ფრთაზე შალვა აფციაურს მიუვიდა, სიჩქარე აკრიფა, მცველებს დაუსხლტა და ალამთან ლელო გაიტანა. ხუციშვილმა გარდასახა, შესვენებამდე პეტრიაშვილმა ჯარიმით უპასუხა და ტაიმი სტუმრებმა 21:15 მოიგეს.

მეორე ტაიმი ‘ლელოს’ შეტევებით დაიწყო, 42-ე წუთზე დიმიტრი კიკნაძემ შეუტია და ბოჭვის მიუხედავად ლელო გაიტანა, ხუციშვილმა კი გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა. 47-ე წუთზე გიორგი ნარიმანიძე სინბინით დაისაჯა, ხუციშვილმა კი ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაიტანა. ნარიმანიძე რომ დაბრუნდა, ყვითელი ბარათი უკვე ერეკლე მაჭარაშვილმა მიიღო, მაგრამ მასპინძლებმა ამჯერად რიცხობრივი უპირატესობა ვეღარ გამოიყენეს.

კაცნაკლულმა ‘ხარებმა’ იქით შეძლო მეტოქის წნეხში მოქცევა, ჯარიმები კარში არ დაარტყა და 70-ე წუთზე, მოედანზე ერთი წუთის დაბრუნებულმა მაჭარაშვილმა მოლი ლელოთი დაასრულა. პეტრიაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა და რუსთაველთა უპირატესობა 3 ქულამდე გაზარდა. დარჩენილ დროში სტუმრებმა მასპინძლებს ხისტი დაცვა დაუპირისპირეს, ქულის აღების შანსი არ მისცეს და 28:25 გაიმარჯვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დავით ლაზვიაშვილი გახდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე