დიდი 10 | არესი 24:22 ხვამლი

ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘ხვამლს’ გაწითლებულ დროზე გატანილი გარდასახვით 24:22 სძლია და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე რჩება.

დიდი 10-ის მე-5 ტურში, დებიუტანტმა ‘ხვამლმა’ მეტოქეს ტრადიციულად დიდი ბრძოლა გაუმართა და მართალია მეოთხედ დამარცხდა, მაგრამ მესამედ მოახერხა ნუგეშ-ქულის აღება. მუხიანელები 5 თამაშიდან 8 ქულით მე-8 ადგილზე არიან. ‘არესმა’ მეოთხე თამაში მოიგო და 18 ქულით ჯერჯერობით პირველ ადგილზეა.

„აია არენაზე“ თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და მე-2 წუთზე გიორგი თევდორაძემ ჯარიმით ანგარიში გახსნა. მე-13 წუთზე ‘არესმა’ ხელდახელ, ოფლოუდებით შეუტია, გიორგი თავაძე ზედ ლელოსთან შეაჩერეს, თუმცა რაქიდან ნიკა ძნელაძემ შეუტია და ლელო გაიტანა, თევდორაძემ კი გარდასახვით სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა. ორმხრივი შეცდომების ფონზე, ‘ხვამლმა’ 26-ე წუთზე საკუთარ ნახევარზე ჯარიმა გამოიმუშავა და ზურა ქობელაშვილის 55 მეტრიდან დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა.

ქუთაისელებს საპასუხო დარტყმა გაუფუჭდათ, თუმცა 32-ე წუთზე არსენ მაჩალაძემ, რეზო არჩვაძემ და პაატა ზედაშიძემ ხელით სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს და ამ უკანასკნელმა ლელო გაიტანა, თევდორაძემ კი გარდასახა. 14-ქულიანი ჩამორჩენა ‘ხვამლმა’ სულ რაღაც 3 წუთში აღმოფხვრა. 35-ე წუთზე სტუმრებმა მოლის შემდეგ ხაზზე გაიტანეს ბურთი, ორსვლიანი, სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს და ლაშა კაკაურიძემ ლამაზი ლელო გაიტანა. შემდეგ ჯერზე დერეფნიდან ბოლომდე ჩათამაშდა ბურთი და საბა არაგველმა მეორე ლელო გაიტანა, ქობელაშვილმა კი ორივე გარდასახა – 17:17.

50-ე წუთზე სტუმრებმა მეტოქე წნეხში მოაქციეს და შეცდომა დააშვებინეს, მერე 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შეუტიეს და გიორგი ვარდოსანიძის ლელოთი დაწინაურდნენ. გარდასახვა არაზუსტი იყო. დასკვნით მეოთხედში ‘არესმა’ ძალისმიერ თამაშში იმძლავრა და ‘ხვამლმა’ 4 წუთის ინტერვალში სინბინით ტატო ლეჟავა და საბა კურტანიძე დაკარგა. მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს თავის დაცვა, თუმცა შემადგენლობა შეივსეს თუ არა, ლუკა ცხვედიანმა უხეში ბოჭვა შეასრულა და წითელი ბარათით დაისაჯა.

‘არესმა’ ძალები მოიკრიბა და დერეფნიდან მოლი დააყენა, მასში თითქმის მთელი გუნდი ჩაერთო და 15 მეტრი იარა, ზედ ლელოს ხაზთან წარმოქმნილი რაქიდან ნიკა სირაძემ შეუტია და წონასწორობა აღადგინა. თევდორაძემ გარდასახვა ზუსტად შესრულა და ზედიზედ მეორე მატჩში საკუთარ გუნდს გამარჯვება ბოლო წუთზე მოუტანა – 24:22. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ზურაბ ერისთავი გახდა.