პირველი ლიგა | ჭიათურამ ლიგაში დაბრუნება შთამბეჭდავი გამარჯვებით აღნიშნა

2023/24 წლების სეზონში დიდი 10-ის გუნდების ოდენობის შემცირების გადაწყვეტილებამ პირველი ლიგის გუნდებს მოტივაცია და პასუხისმგებლობა გაუორმაგა. რეგულარული სეზონის შემდეგ, მოწინავე კვარტეტი პლეი ოფით 2 წარმატებულ გუნდს გამოავლენს, რომლებსაც ელიტის საგზურისთვის დიდი 10-ის მე-8 და მე-7 ადგილოსნებთან მოუწევთ ჭიდილი.

პირველი ლიგის ორი ხელმოცარული გუნდი რეგიონულ ლიგაში დაქვეითდება, მე-8 და მე-7 ადგილზე გასულ გუნდებს კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ურთიერთობის გარკვევა რეგიონული ლიგის ორ წარმატებულ გუნდთან მოუწევთ. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით თითოეულ შეხვედრასა და სამატჩო ქულას „ოქროს“ ფასი ენიჭება და შესაბამისად, ლიგის ყველა შეხვედრაში გუნდებს მობილიზება და ძალთა დახარჯვა სრულად მოუწევთ.

ჭიათურას ‘მათემ’ ლიგაში დაბრუნება შთამბეჭდავი გამარჯვებით აღნიშნა. ზემო იმერლებმა მშობლიურ არენაზე უშანსოდ დიდი 10-ის ყოფილი ბინადარი ‘იუნკერები’ დატოვეს და თან პრემიალური ქულის აღებაც მოახერხეს. ‘მათეს’ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გოგა კაკოვინი უკეთეს დებიუტს ვერც ინატრებდა.

მასპინძელთა წარმატებას სათავე მარბიელ ლაშა ლოლაძის ლელომ დაუდო. მართალია, კიკეთელთა ფრთა გიორგი ვასაძემ „დუბლი“ შეასრულა, თუმცა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის მქონე ‘მათეს’ მატჩის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა არ გაჭირვებია. მასპინძლები ‘იუნკერებს’ სტატიკაშიც აღემატებოდნენ და ხაზშიც უკეთ ირჯებოდნენ. ზემო იმერლებმა მთლიანობაში მეტოქეზე 2-ჯერ მეტი, 6 ლელო გაიტანეს – 34:20 იმარჯვეს და პირველობაც ქულათა მაქსიმუმით დაიწყეს.

ქუთაისში, ადგილობრივი ‘ბაგრატი’ მარნეულის ‘არმაზსთან’ ფრთა ზურიკო ჩხობაძის ლელოთი დაწინაურდა, რის შემდგომ ქვემო ქართლელები უპირატესობას მეთოდურად დაეუფლნენ. ‘არმაზი’ რაციონალურად ირჯებოდა და მისმა გამოცდილმა მგეზავმა ბახვა კობახიძემ 3 გატანილი ჯარიმით შესვენებაზე საკუთარი გუნდის 4-ქულიანი უპირატესობა უზრუნველყო. მეორე ნახევარში სტუმრები მასპინძელთა იერიშებს კარგად უმკლავდებოდნენ და შეხვედრის მიწურულს მოედნის ცენტრიდან წამოღებული ოვალი ‘არმაზის’ ფრთა საბა ეფრემიძემ ლელოდ აქცია, რამაც ‘ბაგრატი’ სამატჩო ქულის გარეშე დატოვა – 14:5.

‘ბორჯომს’ საკუთარი არენის უქონლობის გამო საშინაო შეხვედრათა გამართვა კვლავაც რეგიონის მიღმა უხდება და გუნდს არც ფინანსურად ულხინს. ჯაბა გელაშვილის ბიჭებმა ‘არმიას’ დედაქალაქში, „ავჭალა არენაზე“ უმასპინძლეს. ‘არმიელებს’ სათავეში ახალი თაობის მწვრთნელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი ლევან ობოლაძე ჩაუდგა და თან ქვეყნის ექს-ჩემპიონმა სეზონის წინ შემადგენლობა რამდენიმე გამოცდილი მორაგბითაც გააძლიერა.

მეტოქეთა კლასში არსებული საგრძნობი სხვაობის მიუხედავად, თორელებმა „არმიელებს“ ჯეროვანი წინააღმდეგობა ტაიმზე მეტი დროის მანძილზე უწიეს და მეორე ნახევრის დასაწყისში თორელთა ბურჯ თენგიზ მახათაძის ლელოთი ‘ბორჯომმა’ ანგარიშში ჩამორჩენა 9-ქულამდე შეამცირა, რამაც ფავორიტი დროულად გამოაფხიზლა. ლევან ობოლაძის ბიჭებმა მთლიანობაში 7 ლელო გაიტანეს და მატჩი დაგეგმილი ბონუსით – 45:8  მოიგეს. „არმიელთა“ ახალწვეულმა ფრთამ და კაპიტანმა რამაზ ხარაზიშვილმა დადებულ ლელოს 4 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო.

გორის ‘ჯიქმა’ სეზონის წინ ძველი სახელი დაიბრუნა და მიმდინარე სეზონში რაგბის კლუბ ‘გორის’ სახელით გამოდის. შიდა ქართლელებს სათავეში კვლავ გამოცდილი სპეციალისტი ნიკოლოზ ჭავჭავაძე უდგას და გუნდის პროგრამა-მინიმუმს ლიგაში დარჩენა წარმოადგენს. ჭალის დასახლებაში, საკუთარ არენაზე ‘გორმა’ მართალია ‘ტაოსთან’ მედგრად და ბოლომდე იბრძოლა, თუმცა დიდი ანგარიშით მარცხს ვერ გადაურჩა. მესხთა რიგებში ჩვეული, ახალგაზრდული შემართებით ჩაუქობდა 40 წელს მიტანებული ფულბეკი გოშა შკინინი. გამოჩენილი ბორჯღალოსანის დიდოსტატურმა და გააზრებულმა თამაშმა მესხებს წარმატება გაუიოლა. ‘ტაომ’ 8 უპასუხო ლელო მიითვალა და შეხვედრა „მშრალი“ ანგარიშით – 52:0  მოიგო. მესხთა შუამარბმა გიგი ჩაბაკაურმა პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა. სტუმართა მგეზავმა გიორგი ჯღამაიამ კი 6 გარდასახვა გამოიყენა.

პატარძეულის ‘ვეფხვებს’ პრინციპულ მეტოქე ოზურგეთის ‘არწივებთან’ საშინაო შეხვედრის გამართვა მეზობლად, რუსთავის „ხარები არენაზე“ მოუხდა. ხელოვნურსაფარიან მოედანზე ხვატმა გუნდებს თამაში საგრძნობლად გაურთულა, რასაც მხარეთა სადებიუტო მღელვარებაც დაერთო. ორმხრივი შეცდომების თანხლებით შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომლის ბედი გურულების მიერ სტატიკაში მოპოვებულმა საგრძნობმა უპირატესობამ გადაწყვიტა. ‘არწივებს’ შერკინებიდან ოვალი სწრაფად გამოქონდათ და სივრცეზე შექმნილი რიცხრობრივი უპირატესობის ხარჯზე არაერთი მწვავე იერიში განახორციელეს.

‘არწივებმა’, გარე კახელებზე მთლიანობაში 1-ით მეტი, 3 ლელოს გატანა მოახერხეს და ჩემპიონატის პირველი შეხვედრა – 22:15 მოიგეს, მასპინძლები კი ნუგეშ-ქულას დააჯერეს. გია ამირხანაშვილის შეგირდთაგან აქტიური თამაშით განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერები გამოირჩნენ. ლელოს გატანა ფრთა ჯაბულანი მკულვანმა და ფულბეკმა სვანეპულმა მოახერხეს. მატჩის საბოლოო ანგარიში კი გურულთა კიდევ ერთი აფრიკელი ლეგიონერის, მგეზავ მარვინ ფრედერიქსის გატანილმა ჯარიმამ დააფიქსირა. მარცხის მიუხედავად, ‘ვეფხვებმა’ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და გუნდის ხელნმძღვანელობა იმედოვნებს, რომ პატარძეულს თამაშის ხარისხის მატების სოლიდური რესურსიც გააჩნია.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე