დიდი 10 | ხარები 26:13 ლოკომოტივი

რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ 26:13 სძლია და დიდი 10-ის წლევანდელ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

„ხარები არენაზე“ გამართულ მატჩში მაყურებელმა საინტერესო სანახაობა იხილა. ორივე გუნდი ხელდახელ ბევრს უტევდა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სტუმრები საკუთარი 22-იდან იწყებდნენ კონტრშეტევებს და დიდ მანძილს იგებდნენ.

შეხვედრის დებიუტში ‘ხარები’ შერკინებაში ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდა და დიტო კალანდაძემ ანგარიში გახსნა. მე-15 წუთზე რუსთაველებმა მეტოქის შეცდომით ისარგებლეს და გიორგი ნათელაშვილმა ლელო გაიტანა, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ ეპიზოდი გადაამოწმა და 5 ქულა გააუქმა. მიუხედავად ამისა, ‘ხარებმა’ იერიშები გააგრძელა, ორ წუთში მოლს ვაჟა ხუციშვილი მოწყდა და მოკლე ფრთაზე ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

თამაში მასპინძლების იერიშებით გაგრძელდა, თუმცა ‘ლოკომოტივმა’ 27-ე წუთზე მათი შეცდომით ისარგებლა და სწრაფი კონტრშეტევა წამოიღო, მარცხენა ფრთაზე დიმიტრი კალანდაძე გაიქცა და საპასუხო ლელო გაიტანა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო. 35-ე წუთზე ‘ხარების’ მონდომებამ შედეგი გამოიღო, ხუციშვილმა კარის წინ ხაზი გაჭრა, მისი ოფლოუდის შემდეგ გიორგი პეტრიაშვილმა იგივე გაიმეორა და თავისივე ლელო გარდასახა – 12:8. ტაიმის ბოლოს ვახტანგ კავთიძემ ითამაშა კარგად, ‘ლოკომოტივმა’ ჯარიმა გამოიმუშავა, მაგრამ კალანდაძეს დარტყმა გაუცუდდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ხარების’ უპირატესობა გამოიკვეთა. ლევან ჭავჭავაძემ რამდენჯერმე სახიფათოდ გაჭრა ხაზი, 47-ე წუთზე ხუციშვილთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და ლელო გაიტანა. პეტრიაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა – 19:8. 70-ე და 74-ე წუთებზე რუსთაველებმა სინბინით ცოტნე დარჩია და ლუკა გელაშვილი დაკარგეს, ‘ლოკომოტივმა’ 2-კაციანი უპირატესობით ისარგებლა და მოკლე დარტყმების შემდეგ დავით თედელურმა ლელო გაიტანა. განახლდა თუ არა შეხვედრა სანდრო ილურიძემ მეტოქეს მისსავე 22-ში ხელიდან ამოგლიჯა ბურთი და ‘ხარებს’ უპირატესობა დაუბრუნა, გიორგი ნათელაშვილმა კი გარდასახა – 26:13.

დარჩენილ დროში პრემიალურ ქულაზე თამაში ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ხარებმა’ სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვაჟა ხუციშვილი გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე