სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. მესამე ტურში ის ‘ხვამლს’ გორში დაუხვდა და ტაიმის 0:13 დათმობის შემდეგ, საბოლოოდ 33:13 იმარჯვა.
მასპინძლებმა ბონუს-ქულაც აიღეს და ჯამში 13-ით, სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. გორში შეკრებილმა მაყურებელმა ეპიზოდებში კარგი ხელდახელ შეტევები იხილა. პირველი ტაიმის შუაში, სწორედ საკუთარი ნახევრიდან ხელით წამოწყებულ კონტრშეტევას მოყვა ‘ხვამლის’ ლელო. ცენტრის გადალახვის შემდეგ მათ ფეხით ითამაშეს, მცველებმა ბურთი ვერ აიღეს და ლაშა კაკაურიძემ ის ძელთან დაამიწა. ზურა ქობელაშვილმა გარდასახვის გარდა სამი ცდიდან ორი ჯარიმაც გაიტანა – 0:13.
მეორე ტაიმში ‘ყაზბეგი’ სრულ უპირატესობას დაეუფლა და ზურგქარში 5 უპასუხო ლელო გაიტანა. მათი ფაზური, ხელდახელ შეტევის შემდეგ ‘ხვამლი’ კაცნაკლული დარჩა, ბურთში ხელის ჩარტყმისთვის ყვითელი ბარათი ნიკა ცინცაძემ მიიღო. ჯარიმიდან ბურთის დერეფანში გადატანის შემდეგ, მოლს ყაზბეგელთა ფორვარდების მიძალებები მოყვა და გელა მახარაშვილმა ლელო გაიტანა, ოთარ ტალახაძემ კი გარდასახა.
57-ე წუთზე ‘ყაზბეგმა’ მეტოქის 22-ში მოლით დაახლოებით 18 მეტრი იარა, მერე მას გიორგი შუკაკიძე მოწყდა და ლელო გაიტანა, ტალახაძემ კი გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა. მალევე სტუმრებმა ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ აიღეს, ტალახაძემ მას ფეხი მიკრა და ლელოში დაამიწა – 19:13. მასპინძლებმა წნეხი კიდევ უფრო გააძლიერეს და დასკვნით 10 წუთში ორი ლელო გაიტანეს. პირველ ჯერზე მათ 5-მეტრიანი შერკინებიდან ხაზზე გაიტანეს ბურთი და გუგუა ხულელიძემ კარის წინ გაგლიჯა დაცვა, მერე კი ნოშრე ფაფიაშვილმა შეუტია რაქიდან.
ტალახაძემ ორივე გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გუგუა ხულელიძე გახდა.
ფოტო: თაკო კიკალიშვილი