შავი ლომი – განახლებული შემადგენლობით ახალ სეზონში

პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ 2022/2023 წლების სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი განახლებული შემადგენლობით 15 აგვისტოს შეიკრიბა და ვარჯიშებს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზის დარბაზსა და რუსთავის სტადიონის მოედანზე ატარებს.

შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ‘შავმა ლომმა’ 3-ით ნაკლები, 33 მოთამაშე დააკონტრაქტა. სხვადასხვა მიზეზების გამო, გუნდი დატოვეს ნიკა აბულაძემ, გოგა ხუროშვილმა, გიორგი პერტაიამ, მიხეილ ორაგველიძემ, მიხეილ წიკლაურმა, ლაშა ჯაიანმა, იოსებ გუშარაშვილმა, კოკი თხილაიშვილმა, გიორგი ბეგაძემ, დავით მოძღვრიშვილმა, სანდრო სვანიძემ და გურამ ქანდაურაშვილმა.

ფრენჩაიზს შეუერთდნენ დავით აბდუშელიშვილი (ლელო), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა), გიორგი ჩხარტიშვილი (ბათუმი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი), პაატა გალდავა (აია), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი-სტმ), გიორგი მარგალიტაძე (ლელო), თორნიკე კახოიძე (ლელო) და თემო ჭიჭინაძე (ყოჩები). გამოჯანმრთელდა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს სოსო მათიაშვილი.

ახალი ფორმაციის ‘შავ ლომში’ 18 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. შემადგენლობის ცვლილებასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა:

„შემადგენლობაში როტაცია სხვადასხვა მიზეზებით იყო განპირობებული. გრიგორ ქერდიყოშვილი საფრანგეთიდან, ხოლო გიორგი ჭყოიძე და მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთიდან დაგვიბრუნდნენ. შარშანდელი შემადგენლობიდან ორი მოთამაშე საფრანგეთში, ერთი კი ინგლისში გააგრძელებს კარიერას. ასევე, მოთამაშეთა ნაწილის აქტივობებით არ ვიყავით კმაყოფილი და მოხდა მათი ჩანაცვლება იმ მორაგბეებით, რომლებმაც გასულ სეზონში თავ-თავიანთ კლუბებში გამოიჩინეს თავი“.

„თავიდანვე ვამბობდით, რომ ფრენჩაიზში როტაცია მუდმივი პროცესი იქნებოდა. ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეროვნული გუნდისთვის სიღრმეების გაზრდაა. ჩვენ მუდმივად გვექნება ‘შავ ლომში’ იმ მორაგბეების შემოყვანის მცდელობა, რომლებიც სანაკრებო სივრცეში მოიაზრებიან და დიდ 10-ში გამოიჩენენ თავს“.

„ასევე მუდმივად გვექნება გუნდის გაახალგაზრდავების მცდელობა, თუმცა ეს ყოველთვის ვერ მოხდება. შერკინების პირველ და მეორე ხაზში რთულია ახალგაზრდა მოთამაშეების მოძიება. ამ პოზიციის ძლიერი და პერსპექტიული მორაგბეები, ფაქტობრივად სრული შემადგენლობით, 18-19 წლის ასაკში საფრანგეთში მიდიან. გარდა ამისა, არის პოზიციები, სადაც გამოცდილი მოთამაშეები გვჭირდება“.

„ამ ეტაპზე სელექცია ორ ძირითად მომენტზეა დამყარებული – გვსურს ნაკრების ის მოთამაშეები, რომლებიც საფრანგეთსა და ინგლისში არ თამაშობენ, ‘შავ ლომში’ იყვნენ მობილიზებული. ასევე, მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშის შემოდინება მოხდეს. ეს წელიწადი ‘შავი ლომისთვის’ სპეციფიურია, რადგან წინ მსოფლიო თასი გველის და აქედან გამომდინარე ბევრი რამ იცვლება“.

სამით ნაკლები

მაისაშვილმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც წელს ნაკლები მოთამაშის დაკონტრაქტება მოხდა, თუმცა არაა გამორიცხული, საჭიროების შემთხვევაში, სეზონის მსვლელობისას ‘შავ ლომს’ დიდი 10-იდან ვინმე დაემატოს:

„სეზონის განმავლობაში შემადგენლობის ცვლილება ძალიან რთულია. დიდი 10-ის კლუბებს უკვე დაკომპლექტებული ყავთ გუნდები და მტკივნეული იქნება სეზონის მსვლელობისას მათთვის მოთამაშეების გამოცლა. გასული სეზონის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცადეთ ‘შავი ლომის’ მოთამაშეებს საკმარისი სათამაშო დრო ქონოდათ და ძირითადად, ეს მოვახერხეთ. მაგრამ ტურნირზე, რომელსაც ზუსტად ვიცით ვთამაშობთ – რაგბი ევროპის სუპერ თასზე, დეკემბრამდე მხოლოდ 8 თამაშის გამართვა გვიწევს (ფინალში გასვლის შემთხვევაში) და ბევრი მორაგბის დაკონტრაქტების შემთხვევაში შესაძლოა ისე მოხდეს, რომ რამდენიმე მათგანს საკმარისი სათამაშო დრო ვერ მივცეთ“.

„ამავდროულად, არის ტრავმების რისკი. ასეთ დროს მოგვიწევს დიდი 10-ის კლუბები ვაზარალოთ და ‘შავ ლომში’ წავიყვანოთ მორაგბეები. მე კლუბის წიაღიდან ვარ წამოსული და კარგად მესმის ამ დროს რა პრობლემები ექმნებათ გუნდებს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის სანაკრებო სივრცე და სხვანაირად ფიზიკურად არ გამოდის. თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამოცანას არსებული რესურსით გავართვათ თავი“.

„ჩვენ ვიცით, რომ 8 თამაშს 15 ჯობია და 15-ს – 30, მაგრამ ყველაფერი ჩვენი სურვილის მიხედვით არ ხდება. დეკემბრამდე გვაქვს სუპერ თასი, თებერვალ-მარტში ნაკრები თამაშობს რაგბი ევროპის ჩემპიონატს და ძალიან რთულია ჩვენზე მორგებული ტურნირის გამოძებნა. სწორედ ამიტომ მოგვიწია შარშან სამხრეთ აფრიკის ქარის თასზე მონაწილეობა და მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, ვთვლი რომ ის საკმაოდ წარმატებული იყო და შედეგად, ივლისში იტალიასთან გამარჯვებამდე მივედით. ახლა ძიების პროცესში ვართ. ის მოთამაშეები, რომლებიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის პერიოდში ნაკრებში ვერ მოხვდებიან, დიდი 10-ის კლუბებში ითამაშებენ და შემდგომ პერიოდში ვეცდებით ისეთი თამაშები დავგეგმოთ, რომლებიც მსოფლიო თასის წინ ნაკრების კანდიდატებს მოსამზადებლად საკმარის სათამაშო დროს და შესაბამის ხარისხს მისცემს. ეს სელექციაში დაგვეხმარება“.

ერთი თვე მოსამზადებლად

‘შავი ლომი’ რაგბი ევროპის სუპერ თასის 2022 წლის სეზონს და ტიტულის დაცვას 11 სექტემბერს ბათუმში, საქართველს ჩემპიონ ‘ბათუმთან’ მატჩით იწყებს. მანამდე გუნდი ორი კვირის განმავლობაში რუსთავსა და თბილისში ემზადება, 29 აგვისტოდან კი შეკრებას ქუთაისში დაიწყებს და ბათუმშიც პირდაპირ იქიდან გაემგზავრება.

„გასულ სეზონში ‘შავი ლომის’ მოთამაშეებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ნაკრებში თამაშობდა, რთული წელიწადი ჰქონდათ. ისინი ფაქტობრივად მთელი წელი ყაზარმულ რეჟიმზე იყვნენ და სეზონი 19 ივლისს დაასრულეს. ამიტომ, აუცილებელი იყო მათთვის ფიზიკურად და მენტალურად დასვენების შესაძლებლობა მიგვეცა და ვარჯიში გვიან, 15 აგვისტოს განვაახლეთ. თუმცა, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან მათ დაეგზავნათ პროგრამები და ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტესტები ყველამ კარგად ჩააბარა“.

„გამონაკლის წარმოადგენენ ის მორაგბეები, რომლების 7-კაცა ნაკრებში მივავლინეთ. უნდა ითქვას, რომ ახლა სანაკრებო ვერტიკალი მაქსიმალურად კოორდინირებულად მუშაობს, როგორც ახალგაზრდულ ნაკრებებთან, ასევე 7-კაცასთან მიმართებაში, რომლის მწვრთნელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. 7-კაცაში თამაში წაადგა როგორც გუნდს (რაც ჩილეს ტურნირზე ნათლად გამოჩნდა), ასევე თავად ამ მოთამაშეებს. მოხარული ვარ, რომ დღეს ყველა ფორმაციის ნაკრები და ‘შავი ლომი’ ისეთ ერთიან ორგანიზმად ჩამოყალიბდა, რომლის მსგავსიც აქამდე არასდროს ყოფილა“ – განაცხადა მაისაშვილმა.

მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია იმით, რომ წელს სუპერ თასი შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება:

„ტურნირის მთელ სეზონზე გაჭიმვა, მაშინ, როდესაც მხოლოდ 8 თამაშია ჩასატარებელი, აზრს მოკლებული იყო. თამაშებს შორის ძალიან დიდი შუალედი გვქონდა და მისი ვადების შემცირების ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოს რაგბის კავშირი იყო. სასურველია, რომ ტურნირში ჩართული გუნდების რაოდენობა გაიზარდოს, რაც თამაშების რაოდენობასაც გაზრდის“.

„რაც შეეხება წლევანდელი ტურნირის ახალ მონაწილეებს, ვფიქრობ, რუმინეთს საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი ეყოლება და რა თქმა უნდა სასიხარულოა, რომ ‘ბათუმს’ მიეცემა სუპერ თასზე თამაშის შესაძლებლობა. დიდი 10-ის ჩემპიონის ევროტურნირში ჩართვა, შიდა ჩემპიონატშიც გაზრდის მოტივაციას და შესაბამისად, კონკურენციას, რაც საერთო ჯამში ჩვენი მიზანია“.

შავი ლომი 2022 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასზე

პირველი ხაზი: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, გოგა ქადარია; შალვა მამუკაშვილი, გიორგი ჭყოიძე, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი ჩხარტიშვილი, ნიკა პატარაია, ტარიელ დონაძე;

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, თორნიკე აქუბარდია;

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ნიკო აფციაური, პაატა გალდავა, მიხეილ გაჩეჩილაძე;

9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, ლუკა მატკავა;

12-13: მერაბ შარიქაძე, თორნიკე კახოიძე, დემე თაფლაძე, ლაშა ლომიძე;

11-14: აკა ტაბუცაძე, სანდრო თოდუა, თემო ჭიჭინაძე, ოთარ ლაშხი;

15: ლაშა ხმალაძე, მირიან მოდებაძე, სოსო მათიაშვილი.