20-წლამდე ექვსი ერის ზაფხულის სერიები | მე-6 ადგილი იტალიაში

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 20-წლამდე ექვსი ერის ზაფხულის სერიებში ირლანდიას და შოტლანდიას გადაასწრეს და მე-6 ადგილი დაიკავეს.

ლადო კილასონიას შეგირდებს მე-5 ადგილისთვის საფრანგეთის დამარცხების შანსი ქონდათ, მაგრამ შეცდომები დაუშვეს, მატჩის დებიუტში მოპოვებული 10-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, მეორე ტაიმში კი რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს და იქით ასაღები ქულები აქეთ გაუშვეს.

მთლიანობაში, გუნდმა მაღალი დონის მეტოქეებთან თამაშით დიდი გამოცდილება შეიძინა, ოთხივე თამაშში იბრძოლა და ქართული რაგბი ექვსი ტურნირზე ღირსეულად წარმოაჩინა.

ფრანგები მაღალ ტემპში, ხელდახელ შეტევებით ცდილობნენ უპირატესობის მოპოვებას, ქართველები თავს კარგად იცავდნენ და როცა შანსი მიიღეს დაწინაურდნენ. ამჯერადაც კარგად იმუშავა კომბინაციამ დერეფნიდან. მცველებისთვის მოულოდნელად ბურთი ნიკა სუთიძეს დაუბრუნდა, მან მოკლე ფრთაზე შეუტია და ლელომდე ცოტა დააკლდა, თუმცა რაქიდან საქმეში ალექსანდრე ქუნთელია ჩაერთო და ოვალი ლელოში ოსტატურად გადადო, პეტრე ხუციშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა. 23-ე წუთზე მან 33 მეტრიდან ჯარიმით უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა, მაგრამ დასკვნით წუთებში მეტოქემ იმძლავრა.

საფრანგეთმა პირველი ლელო 28-ე წუთზე გაიტანა, როდესაც გრძელი გადაცემის შემდეგ შემტევი მცველთან დიდ სივრცეში 1-1-ზე დარჩა. 35-ე წუთზე ჩვენს 22-ში ძალისმიერი, ფაზური შეტევები მოვიგერიეთ, მაგრამ ზურგი მოგვიშიშვლდა და მოკლე გადაკიდების შემდეგ მეორე ლელო მივიღეთ. ამას სერგი აბრამიშვილის სინბინი მოყვა, გაწითლებულ დროზე ბურთი არ გადავაგდეთ, რასაც ფრანგების დასკვნითი შტურმი და ლელო მოყვა – 10:17.

დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი ფრანგებმა მორაგბე წითელი ბარათით დაკარგეს. მიუხედავად ამისა, იქვე შეცდომა დავუშვით და მეტოქემ ჯარიმა გაიტანა. ბურთზე კონტროლის დამყარება რომ გაძნელდა, მეტოქემ ფაზური შეტევების შემდეგ ნაცად ხერხს მიმართა და გრძელი გადაცემის შემდეგ მორიგი ლელო გაიტანა.

ამის შემდეგ შევძელით მეტოქის 22-ში ფეხის მოკიდება, მოლის და ფორვარდების მიძალებების შემდეგ კიდევ ერთი ფრანგი სინბინით დაისაჯა და 2-კაციანი უპირატესობა 55-ე წუთზე ლელოში ავსახეთ – 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი კარგად დაიძრა და ლაშა ციხისთავის ლელო ხუციშვილმა გარდასახა. საფრანგეთმა ჯარიმით მორიგი 3 ქულა აიღო და უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა, მაგრამ ხშირი ჯარიმების გამო კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მიიღეს და კვლავ 13 კაცით დარჩნენ.

აი აქ გარდამტეხი მომენტი დადგა, 66-ე წუთზე, როდესაც ხანგრძლივი შეტევა საქართველოს ლელოთი უნდა დასრულებულიყო, მცველმა გადაცემა საკუთარ 5-მეტრიანთან ჩაჭრა და ლელომდე ირბინა. ამან უმცროს ბორჯღალოსნებზე იმოქმედა, მათი შეცდომებით კი მეტოქემ ერთხელაც ისარგებლა და 44:17 გაიმარჯვა.

20-წლამდე 6 ერის ზაფხულის სერიები
12 ივლისი. ტრევიზო. V ადგილისთვის
საფრანგეთი საქართველო 44:17 (17:10)
საქართველო

ხაზი: 15. საბა ლიპარტელიანი, 14. შალვა აფციაური, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. ლუკა სახელაშვილი, 10. პეტრე ხუციშვილი, 9. დავით ხუროშვილი;

შერკინება: 1. სერგი აბრამიშვილი, 2. ნიკა სუთიძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. პაატა გალდავა, 6. ლაშა ციხისთავი, 7. რატი ზაზაძე, 8. ბექა შვანგირაძე;

მარქაფა: 16. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. გიორგი კერვალიშვილი, 20. გიგი ქურხული; 21. კოტე იაშვილი, 22. მატის მოდებაძე, 23. გიორგი ჩიქოვანი, 24. ბექა გელხვიძე, 25. თორნიკე ბაიხოიძე, 26. ვიტალი ირემაძე.

2 ლელო: ქუნთელია, ლ. ციხისთავი

2 გარდასახვა: ხუციშვილი

1 ჯარიმა: ხუციშვილი