„აისბერგ ფოთი“ და ‘კოლხი რაინდები’ დამეგობრდნენ

რაგბის კავშირის ხელშეწყობით, რეგიონული ლიგის კლუბ ფოთის ‘კოლხ რაინდებსა’ და კომპანია „აისბერგ ფოთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ფოთს ზოგადად სპორტში და მათ შორის რაგბში დიდი ტრადიციები აქვს. ბორჯღალოსნების კვართით ამ ქალაქის აღზრდილთაგან დიმა ბასილაიას, ზურაბ ჟვანიას, ირაკლი მირცხულავას და ანზორ სიჭინავას უთამაშიათ, გენერალური სპონსორის დახმარებით კი, ეს ტრადიცია გაგრძელდება.

არის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც კლუბისა და კომპანიის თანამშრომლობა ფოთელ ახალგაზრდებს მოუტანს:

„ეს არის ძალიან კეთილშობილი საქმე, რადგან ინვესტიცია ხდება არა მხოლოდ ფოთის რაგბის, არამედ ზოგადად ფოთის ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საქმეში, ჯანსაღ თაობაშია. ფოთს ყოველთვის ყავდა გამორჩეული მორაგბეები. ამ ქალაქის აღზრდილ არაერთ მორაგბეს უთამაშია ეროვნულ ნაკრებში. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია თავად კლუბისთვისაც, რომელიც დიდ კონტრიბუციას ახდენს ქართული რაგბის მომავალში. „აისბერგ ფოთის“ ინვესტირება ფოთის რაგბში დიდი საქმეა და ქართული რაგბის სახელით მათ დიდ მადლობას ვუხდი. იმედია, ეს თანამშრომლობა მაგალითი გახდება სხვა კომპანიებისთვის, რომლებიც უხვად არიან წარმოდგენილი ქალაქ ფოთში“ – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ.

კლუბის დირექტორი ლევან სახოკია დარწმუნებულია, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევა ფოთში რაგბის მნიშვნელოვნად განავითარებს:

„მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტი ფოთში რაგბის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რაგბის კავშირს, პირადად სოსო ტყემალაძეს და ბაჩო ხურციძეს. რომ არა მათი ძალისხმევა შესაძლოა, ეს დღე არც დამდგარიყო. ასევე მადლობა კომპანიის ხელმძღვანელობას, რომლებმაც, მთელ ქალაქთან ერთად, დაინახეს ჩვენი ბიჭების თავდადება და სათანადოდ დააფასეს. დარწმუნებული ვარ, ამ მხარდაჭერის შემდეგ, გაისად აუცილებლად მოვიპოვებთ პირველი ლიგის საგზურს და ეს კიდევ უფრო გაზრდის ფოთში ბავშვთა რაგბში ჩართულობას“.

გიორგი კაჭარავა („აისბერგ ფოთის“ დირექტორი): „ჩვენი საქმიანობა ფოთთანაა დაკავშირებული და გვსურდა ამ ქალაქის რაგბის გუნდის მშენებლობაში საკუთარი წვლილი შეგვეტანა. დარწმუნებული ვარ, ამ თანამშრომლობის ფარგლებში წინსვლას გავაგრძელებთ და ‘კოლხი რაინდები’ ერთი წლის შემდეგ პირველი ლიგის საგზურს მოიპოვებს. გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება“.