7-კაცა | საქართველო შეიარაღებული ძალების მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს შეიარაღებული ძალების 7-კაცა ნაკრები, 18-19 ივნისს შეიარაღებული ძალების მსოფლიო ჩემპიონატში ითამაშებს, რომელიც საფრანგეთში, აჟენში გაიმართება.

გუნდი 7-კაცა რაგბში შეიარაღებული ძალების საქართველოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა. მას შემდეგ კანდიდატები ავჭალის სარაგბო სტადიონზე ემზადებოდნენ და საფრანგეთში წამსვლელი 12 მოთამაშე შეირჩა. გუნდის უკეთ მოსამზადებლად საწვრთნელ პროცესში ‘აკადემიასა’ და 18-წლამდე 7-კაცას ყოფილი მთავარი მწვრთნელო ლევან ობოლაძე ჩაერთო.

7-კაცა რაგბში შეიარაღებული ძალების მსოფლიო ჩემპიონატში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. „ა“ ჯგუფში საფრანგეთის, კოტ-დ’ივუარის, სამხრეთ კორეის, ესპანეთის და უზბეკეთის ნაკრებები მოხვდნენ. საქართველო ‘ბ“ ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები დიდი ბრიტანეთის, კამერუნის, ავსტრალიის და ნიდერლანდების ნაკრებები იქნებიან.

„პირველად ვიღებთ მონაწილეობას 7-კაცა რაგბში შეიარაღებული ძალების მსოფლიო ჩემპიონატში და ბიჭებს დიდი მონდომება ეტყობათ. ორგანიზების და მონაწილეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ მაღალი დონის ტურნირს ველოდებით. გვქონდა ამხანაგური შეხვედრები ‘არმიასთან’ და ‘ლოკომოტივთან’. ვთვლი, რომ ნორმალურად ვართ მომზადებული და ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ. რაც მთავარია, 7-კაცას ნებისმიერი ტურნირი დიდი ზეიმია და სასიხარულოა, რომ ამ ზეიმის მონაწილე საქართველოც იქნება“ – განაცხადა ობოლაძემ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების 7-კაცა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე: 1. ლევან რატიანი (კაპ.), 2. ოთარ ფორჩხიძე, 3. გიგა კაციტაძე, 4. ლექსო ნანოშვილი, 5. გიგლა ბობოხიძე, 6. გაგა ყენია, 7. დავით კალაიჩევი, 8. ლაშა დვალიშვილი, 9. ისმაილ მარსაგიშვილი, 10. გიორგი ზარქუა, 11. გიზო ლაბაძე, 12. გია შალამბერიძე.