ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ტიტული სენსაციურად ‘აიამ’ მოიგო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ‘ლელო-‘აიას’ „ოქროს“ პლეი ოფის სატიტულო შეხვედრა დიდ დიღომში გაიმართა. რეგულარულ სეზონში დაკავებული მაღალი ადგილის გამო,  ‘ლელო’ მოედნის უპირატესობას ფლობდა. ‘ლელოს’ მიმდინარე სეზონის ორივე შეხვედრაში რიონისპირელები უშანსოდ ყავდა დატოვებული (შინ – 57:0, ქუთაისში – 52:17) და თორნიკე ბუბუტეიშვილის ბიჭები ბუნებრივია ფინალის უპირობო ფავორიტად ითვლებოდნენ.

‘ლელოს’ პრეზიდენტ ბათუ (ვასილ) კევლიშვილის მიერ კარგად გათვლილმა კლუბის აკადემიის მენეჯმენტმა, იდეალურად შერჩეულმა სტაფმა და მრავალი წლის მანძილზე არაერთი თაობის მიზანმიმართულმა აღზრდა-დაოსტატების სწორმა პროცესმა შესაშური შედეგი გამოიღო. ‘ლელოს’ რაგბის აკადემია დღეს ქართული რაგბის ნამდვილ სამჭედლოდ იქცა, რაზეც ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში მივლინებული კლუბის მოთამაშეთა ოდენობა და მათი თამაშის ხარისხიც ნათლად მეტყველებს. ‘ლელოს’ უფროსი ჭაბუკების გუნდის რამდენიმე წევრს ქვეყნის 6-გზის ჩემპიონ ‘ლელოს’ რიგებში, მიმდინარე სეზონში დიდ 10-ში ერთობ წარმატებული დებიუტიც ქონდა.

ისიც აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან მოყოლებული, ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის პირველობაზე ‘ლელოს’ უნიკალური დაუმარცხებელი სერია 60 შეხვედრას შეადგენდა. თორნიკე ბუბუტეიშვილის (პარალელურად ’ლელოს’ მთავარი გუნდისა და 20-წლამდელთა ნაკრების სტაფში ნაყოფიერად იღწვის) თავკაცობის ხანიდან მოყოლებული კი ლელომ ჩემპიონის ტიტულები უნიკალური მაჩვენებლების თანხლებით მოიპოვა. 2 რეგულარული სეზონის მანძილზე ჩატარებული 28-ვე მატჩი პრემიალური ქულის თანხლებით მოიგო და პლეი ოფის შეხვედრებშიც მეტოქეებს წარმატების იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვა. ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ‘ლელო’ თამაშში საშუალოდ 59 ქულას აგროვებდა, მეტოქეებს კი მხოლოდ 4-ზე ოდნავ მეტი ქულის აღების შესაძლებლობას აძლევდა. ამის მიუხედავად, ფინალურმა შეხვედრამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა…

რაც შეეხება ‘აიას, რიონისპირელებმა სეზონის მიწურულს თამაშის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესეს, რაშიც მთავარ მწვრთნელ პაატა ტყაბლაძესთან ერთად, დიდი წვლილი გიორგი ნემსაძესაც მიუძღვის. მორაგბის კარიერის დასრულების შემდეგ გამოჩენილმა ბორჯღალოსანმა მშობლიურ ქალაქში მწვრთნელობას მოკიდა ხელი და ‘აიას’ ორივე ასაკის ჭაბუკთა გუნდებში კონსულტანტის ფუნქციას ერთობ წარმატებით ასრულებს.

ქარნარევმა ავდარმა თამაშს თავისი დაღი დაასვა. ფინალით გამოწვეულ მღელვარებას, მოთამაშეთა მხრიდან სველი ოვალის რთულად დამორჩილებაც ერთვოდა, რასაც ორივე გუნდის მხრიდან უჩვეულოდ უხვი ტექნიკური წუნი მოყვა. რიონისპირელთა მდგომარეობა მატჩის დებიუტში, გუნდის ერთ-ერთი ლიდერისა და ფულბეკის მიხეილ ჟორჟოლიანის ტრავმამ გაართულა. იძულებით შეცვლამდე, ჟორჟოლიანმა თანაგუნდელებს მეტოქის 5-მეტრიან ზონაში 2 სალელოვე შეტევის განხორციელების შესაძლებლობა მისცა, თუმცა ‘ლელომ’ თავი კარგად დაიცვა. მთლიანობაში მატჩის პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ნულოვანი ფრით დასრულდა.

მეორე ტაიმში ‘ლელოს’ უპირატესობა გამოიკვეთა. უკეთესი ფიზიკური კონდიციების მქონე ჩემპიონმა მეტოქეზე წნეხი გააძლიერა, ხაზის მოძრაობა მაქსიმალურად შეუზღუდა, საკუთრივ კი კარგად „წაკითხული“ თამაშით, სივრცეზე ოვალი დროულად გადაქონდა, რაც რიონისპირელებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. მეორე ნახევრის მე-10 წუთზე მოედნის ცენტრთან ჩაჭრილი ოვალი ‘ლელოს’ ჰავბეკმა დავით ხუროშვილმა ‘აიას’ ძელთა სიახლოვეს თავადვე დადო, რომლის გარდასახვა პეტრე ხუციშვილს არ გაჭირვებია – 7:0. ჩემპიონმა დარჩენილ დროში ანგარიშში უპირატესობის გაღრმავება ზემოთ ხსენებული პრობლემების გამო ვერ მოახერხა.

მატჩის კულმინაციად დასკვნითი, 7-წუთიანი მონაკვეთი იქცა. ‘ლელოს’ კაპიტანმა ხელსაყრელი პოზიციიდან კარში დასარტყამი ჯარიმა მოულოდნელად მოედნის კიდეზე გადაიტანა, რამაც ჩემპიონი ვერ ახეირა. ‘აიას’ ერთ-ერთი იშვიათ შეტევას კი მოლის განზრახ ჩაქცევის მცდელობისათვის, მთავარი მსაჯის საბა მახარაძის მხრიდან დაფიქსირებული ტექნიკური ლელო მოჰყვა – 7:7.

ჩემპიონატის დებულების თანახმად, მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში ამოქმედდა 3.3.4 პარაგრაფის ‘ბ’ პუნქტი, რომლის თანახმად, რაკიღა მეტოქეებს თანაბარი, 1-1 ლელო ქონდათ გატანილი, გამარჯვებულად ნაკლები დისციპლინარული სასჯელის მქონე გუნდი – ‘აია’ გამოცხადდა. რიონისპირელებმა, მეტოქეზე 1-ით ნაკლები ყვითელი ბარათი მიიღეს.

‘აიამ’ ფინალში შესაშური ბრძოლისუნარიანობა და გამარჯვებისკენ სწრაფვის დაუოკებელი ლტოლვა გამოავლინა და ჩემპიონის ტიტულს 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაეუფლა. ‘ლელოს’ მოთამაშეებმა (მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა წესით დიდი რაგბი უნდა ითამაშოს) კი სპორტული და ცხოვრებისეული კარგი გაკვეთილი მიიღეს, სადაც 2 ყველაზე საგულისხმო ფაქტორია გამოსარჩევი: 1) ფინალში სუსტი მეტოქე არ არსებობს და მისი დაუფასებლობა ხშირ შემთხვევაში არასასურველი შედეგით მთავრდება. 2) სარაგბო „ბუღალტერიის“ დაუწერელი წესის დარღვევით ისტორიაში პლანეტის არაერთმა საკულტო გუნდმა ნახა ზარალი. გუნდი მოვალეა სამატჩო ქულები ნებისმიერი დაშვებული ხერხით აიღოს და თავი აარიდოს თამაშის ზედმეტად აკადემიურ, თავდაჯერებულ სტილს, მით უფრო როცა საქმე ფინალურ შეხვედრას ეხება…

სატიტულო შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ‘აიას’ მარბიელი დავით ვარდანიძე დასახელდა. ვარდანიძეს სპეციალური პრიზი, ხოლო ‘აიას’ კაპიტან გიორგი გერგედავას საჩემპიონო თასი საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ გადასცა.