პირველი ლიგა | დიდ 10-ს ახალი ბინადარი ეყოლება

პირველი ლიგის ერთმატჩა ნახევარფინალებმა მოსალოდნელისამებრ უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა. რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა ‘არმიამ’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოსთან’ საშინაო შეხვედრა თელავის „კავკასიონი არენაზე“ გამართა. „არმიელებმა“ სეზონის სადებიუტო შეხვედრაშივე მოახერხეს ‘ტაოს’ სტუმრად დამარცხება, მეორე წრეში კი მესხებმა თბილისში რევანში აიღეს და ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე ხსენებული მატჩი შედეგიანი და კარგი საცქერი გამოდგა.

მეტოქენი ამჯერად განსაკუთრებულ ყურადღებას დაცვას უთმობდნენ და ფეხით ხშირ თამაშს ამჯობინებდნენ. მატჩის მნიშვნელობით გამოწვეული გადამეტებული მღელვარების გამო, სეზონის ურთიერთშეხვედრებისაგან განსხვავებით, მეტოქეთა თამაშის სანახაობრივი მხარე ტექნიკური წუნის სიუხვემაც დააკნინა.

ტოლ-სწორ მეტოქეთა პაექრობაში გადამწყვეტი როლი ‘ტაოს’ უკეთესმა ფსიქოლოგიურმა მდგრადობამ ითამაშა. მესხთა მგეზავმა ოთარ ტალახაძემ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე და მატჩის მიწურულს გატანილი წყვილი ჯარიმით საკუთარი გუნდი ისტორიულ შედეგს მიუახლოვა – 6:0. „არმიელთა“ ყოველგვარი მცდელობა შეხვედრაში გარდატეხის შეტანაზე ამაო გამოდგა. „ჩაბეტონებულ“ დაცვასთან ერთად, ‘ტაომ’ გამარჯვების შესაშური სწრაფვა გამოავლინა. მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდებს, კლუბის ისტორიაში დიდ 10-ში პირველად თამაშის უფლების მოსაპოვებლად ერთი ნაბიჯიღა ჭირდებათ.

‘ხვამლი’-‘არწივების’ ნახევარფინალური შეხვედრა სანახაობრივად გაცილებით უკეთესი გამოდგა და ზედრამატული მატჩის გამარჯვებული ორ დამატებით, 10-წუთიან ტაიმში გამოვლინდა. მართალია, მეტოქეებმა სეზონი თანაბარი ქულებით დაასრულეს, თუმცა უკეთესმა პირისპირ ბალანსმა მუხიანელებს ცხრილში მეორე ადგილი და პლეი ოფის მატჩის მასპინძლობის უფლება არგუნა. ისიც აღსანიშნავია, რომ რეგულარული სეზონის ორივე შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა და აღნიშნული ტრადიცია არც ნახევარფინალში დაირღვა.

მატჩის პირველ ნახევარში მეტოქეებმა თითო ჯარიმის გატანა მოახერხეს, მეორე ტაიმში კი შუამარბ ზურა ლუტიძის ლელოთი (გარდასახვა – ფულბეკი ზურა ქობელაშვილი) ‘ხვამლი’ 7-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა, თუმცა აფრიკელ ლეგიონერთა აქტიურობის შედეგად (ლელო – ფულბეკი ჯაბულანი მკულვანი; გარდასახვა – ფრთა ჯასტინ ნაუდე) გურულებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – 13:13.

დამატებით დროში კი ‘არწივების’ გამოცდილი მგეზავის ბახვა კობახიძის გატანილმა წყვილმა ჯარიმამ გამარჯვებას უკვე სტუმრები მიუახლოვა, თუმცა მრავალრიცხოვანი ქომაგის ომახიანი ყიჟინით გამხნევებული ‘ხვამლი’ ბოლო წამებამდე გააფთრებით იბრძოდა და პრაქტიკულად ბოლო შეტევაში მოახერხა გამარჯვების მომტანი ლელოს გატანა. სტუმართა 10-მეტრიანში, კარგად გათამაშებული ოვალისა და დროულად გასუფთავებული რაქის ხარჯზე „ოქროს“ ფასის მქონე ლელო გურულებს მუხიანელთა ფრთა ლაშა კაკაურიძემ დაუდო – 21:19.

პირველი ლიგის გამარჯვებულს მომავალ უქმეებზე ‘ხვამლი’-‘ტაოს’ დაპირისპირება გაარკვევს. რეგულარულ სეზონში დაკავებული უკეთესი ადგილის გამო ‘ხვამლი’ მესხებს მშობლიურ „ხვამლი არენაზე“ დაუხვდება. აღსანიშნავია, რომ ფინალში გამარჯვებული გუნდი ისტორიაში, ელიტაში პირველად ითამაშებს და დიდი 10-ის ოჯახს ახალი ბინადარიც შეემატება.