ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ ფინალში რეკორდების ცვენით გავიდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის სატიტულო შეხვედრაში ‘ლელო’ და ‘აია’ შეიყრებიან. რეგულარულ სეზონში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო, ჩემპიონი მოედნის უპირატესობით ისარგებლებს და რიონისპირელებს გადამწყვეტ შეხვედრაში საკუთარ არენაზე, დიდ დიღომში უმასპინძლებს. ‘ლელოს’ მიჯრით ბოლო 4 პირველობა აქვს მოგებული, მათ შორის 3 ფინალი ‘აიასთან’. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონი პანდემიის გამო შეწყვეტილ და გაუქმებულ სეზონშიც დომინირებდა.  რიონისპირელებმა კი უფროსი ასაკის ჭაბუკებში ტიტული ბოლოს 2015 წელს მოიპოვეს.

ბრინჯაოს მედლის მფლობელის ვინაობა ნახევარფინალში ხელმოცარულ გუნდებს შორის ქვემო ქართლის დედაქალაქში გაირკვევა. რეგულარულ სეზონში მაღალი ადგილის მქონე რუსთავის ‘ხარებს’ გადამწყვეტ შეხვედრაში ‘აკადემიასთან’ მოედნის უპირატესობა ექნებათ. ‘ხარები’ ბოლოს პოდიუმზე 2016 წელს მოხვდნენ, „მხატვრებმა“ კი მედლების მოპოვება 2014 წელს შეძლეს.

‘ლელოს’ დამრიგებელმა თორნიკე ბუბუტეიშვილმა პლეი ოფის  შეხვედრათა წინ ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარა თავი, რამაც ჩემპიონის თამაშის ხარისხი კიდევ უფრო აამაღლა და მეტოქეებთან უპირატესობაც მეტად შთამბეჭდავი გახადა. ‘ლელომ’, დიდ დიღომში გამართულ ნახევარფინალში ‘აკადემიას’ 14 უპასუხო ლელო დაუდო და „მშრალი“ ანგარიშით სეზონში მეექვსე შეხვედრა მოიგო – 96:0. ‘ლელომ’ განვლილ შეხვედრაში მიმდინარე პირველობის 3 ახალი რეკორდიც დაამყარა. ჩემპიონმა სეზონში 1 მატჩში ყველაზე მეტი ლელო გაიტანა, ყველაზე მეტი სამატჩო ქულა აიღო და ანგარიშში ყველაზე სოლიდური სხვაობაც დააფიქსირა. ისიც აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან მოყოლებული, ‘ლელოს’ გამარჯვებათა სერია ლიგაში 60-მატჩამდე დაგრძელდა.

‘აკადემიასთან’ შეხვედრაში ‘ლელო’ განუზომელ უპირატესობას ფლობდა და „მხატვრებს“ რაგბის ყველა კომპონენტში საგრძნობლად აღემატებოდა. ჩემპიონმა  ქომაგს შემტევი, თვალსასეირო თამაშითა და სხვადასხვა კომბინაციურ სტილში დადებული ლელოების სიუხვით ასიამოვნა. ‘ლელოს’ მარჯვენა ფრთა შაკო აფციაურმა „პოკერი“ გაახერხა, მარცხენა ფრთა საბა არჩვაძემ კი „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა. გუნდის კაპიტანი და მგეზავი პეტრე ხუციშვილი კი ჩვეული ეფექტური თამაშით, გატანილი ლელოთი და 13 ზუსტად შესრულებული გარდასახვით გამოირჩა.

ქუთაისში, ‘აიას’ ჯეროვანი წინააღმდეგობა რუსთავის ‘ხარებმა’ მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს. სტუმართა კვაჭ ნიკა გომიაშვილის გარდასახულ ლელოს, ტაიმის ბოლო წუთებზე ქვემო ქართლელთა შუამარბ ალექს ზაზაძის არეკნიც დაერთო, რამაც მასპინძლები 9-ქულიან უპირატესობას დააჯერა – 19:10. ‘აიას’ მხრიდან შესვენებამდე ლელოს გატანა ფრთა ემზარ მინდიაშვილმა, შუამარბმა ამირან მაჩიტიძემ და კვაჭმა გიგი ჭუმბურიძემ მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ რეგულარული სეზონის სადებიუტო შეხვედრაში ‘ხარებს’ შინ  რიონისპირელები დამარცხებული ყავდათ, თუმცა მეორე წრის შეხვედრის მსგავსად, გიორგი ზირაქაშვილის შეგირდები ქუთაისში ამჯერზეც ვერაფერს გახდნენ.

პაატა ტყაბლაძის ბიჭებმა მთლიანობაში 8 ლელოს გატანა მოახერხეს, სტუმრებს კი მხოლოდ 2 ლელოს დადების შესაძლებლობა მისცეს. მეორე ტაიმში ‘აიამ’ ტემპს უმატა და პირველი ნახევარის მონაგარს კიდევ 5 ლელო წაუმატა. პირველ ხაზელთა აქტიურ და მობილურ ქმედებას, ბეკების მხრიდან გაშლილი, სწრაფი თამაშიც დაერთო, რამაც რიონისპირელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ‘აიას’ ბურჯმა გიგა თუთისანმა, ჰავბეკმა ლადო ტყაბლაძემ „დუბლი“ გაიფორმეს და საკუთარი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებაც დააფიქსირეს – 54:15.