დიდი 10 | ყოჩები 34:38 ბათუმი

ორკაცნაკლულმა ‘ბათუმმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ გაწითლებულ დროზე გამარჯვების ლელო გაუტანა და დაუმარცხებელი მატჩების სერია 9-მდე გაზარდა – 38:34.

ზღვისპირელებს სეზონის ერთადერთი მარცხი მე-6 ტურში სწორედ ‘ყოჩებმა’ აგემა, როდესაც სტუმრად 26:20 სძლია. ბოლნისელები გამარჯვებასთან ახლაც ახლოს იყვნენ, მაგრამ რევანშის წყურვილმა იმძლავრა და ‘ბათუმმა’ უახლოეს მდევართან ქულების სხვაობა 17 ქულამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგულარული გათამაშების პირველობა სამი ტურით ადრე გაინაღდა. ‘ყოჩებს’ 50 ქულა დარჩა, თუმცა მის მეორე ადგილს ჯერჯერობით არაფერი ემუქრება.

„რაგბი პლატოზე“ გამართული შეხვედრა დრამატული და სანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი მაღალ ტემპში, ხელდახელ ცდილობდა შეტევას და მაყურებელმა ჯამში 9 ლელო იხილა.

საწყის წუთებში უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, ჯარიმის დარტყმას მოლით შეტევა არჩიეს და მორიგი მიძალების შემდეგ, გიორგი მჭედლიშვილმა ლელო გაიტანა, ლაშა მალაღურაძემ კი გარდასახა. თამაშის ინტენსივობამ მკვეთრად იმატა და რეზი ჯინჭველაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მე-14 წუთზე კი სტუმრები დაწინაურდნენ. ცენტრში დანიშნული შერკინებიდან ბურთი ხაზზე გაიშალა და ბოლომდე ჩათამაშდა, სანდრო თოდუამ ლაშა ხმალაძეს ოფლოუდი ამოუგდო და ლამაზი კომბინაცია ლელოთი დასრულდა. ჯინჭველაშვილმა გარდასახა.

ზღვისპირელებმა შეტევები გააგრძელეს, თუმცა 22-ე წუთზე ლაშა ფოფხაძემ მეტოქეს ფეხით თამაშისას საკუთარ 22-თან დაუფარა, ბურთი აიტაცა და ლელომდე 80 მეტრი ირბინა. მალაღურაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. ‘ყოჩები’ დაცვაში კარგად იდგა, ფეხით თამაშით ტერიტორიის მოგებას ახერხებდა და ორჯერ დასარტყმელი ჯარიმაც გამოიმუშავა – პირველი ნიკოლოზ რეხვიაშვილმა 55 მეტრიდან გაიტანა, მეორე მალაღურაძემ საშუალო დისტანციიდან და ‘ყოჩები’ შესვენებაზე 10-ქულიანი (20:10) უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მალაღურაძეს ჯარიმა გაუცუდდა, 45-ეზე კი ‘ბათუმმა’ ჩამორჩენა შეამცირა. ვიტალი ირემაძემ მარჯვენა ფრთაზე მიიღო ბურთი, მბოჭავებს მაღალ ტემპში ჩაუქროლა და მისი ლელო ჯინჭველაშვილმა გარდასახა. 52-ე წუთზე სერგი ჩხაიძე ყვითელი ბარათით დაისაჯა და ‘ბათუმმა’ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა. 56-ე წუთზე მათ 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორეს და ის ბექა მამრიკიშვილის ლელოთი დასრულდა, მამუკა ნინიძემ კი გარდასახა და უკვე სტუმრები დაწინაურდნენ (20:24).

65-ე წუთზე ზღვისპირელებმა ზურა ძნელაძის ლელოთი და ნინიძის გარდასახვით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, თუმცა ‘ყოჩები’ სწრაფად დაბრუნდა თამაშში. მათ საკუთარ ნახევარზე დანიშნული შერკინებიდან ბურთი ხაზზე გაიტანეს, ის ირაკლი გეგენავას მიუვიდა, ცრუმოძრაობებით ხაზი გაჭრა და ინდივიდუალური ლელო გაიტანა, მალაღურაძემ კი გარდასახა.

მალე ‘ბათუმის’ მდგომარეობა დამძიმდა. 75-ე წუთზე მათ სინბინით ვანო ფუტკარაძე დაკარგეს. ერთ წუთში ‘ყოჩების’ მოლს საჯარიმო ლელო მოყვა და ბოლნისელები 34:31 დაწინაურდნენ, სტუმრები კი ვაჟა თაგაურის სინბინის შემდეგ, მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ. მაგრამ გაწითლებულ დროზე ბოლნისელთა დაცვა შეცდა, ბექა ურჯუკაშვილის ფეხით შეცურებულ ბურთს ერთბაშად ორი ბათუმელი მიყვა, სანდრო თოდუამ გამარჯვების ლელო დაამიწა, ნინიძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 38:34.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბექა მამრიკიშვილი გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი