დიმა (დიმიტრი) ფულარიას სამძიმარი

ქართული რაგბის თემმა უდიდესი დანაკლისი განიცადა. 62 წლის ასაკში  ქუთაისური რაგბის დიდი მოამაგე დიმა (დიმიტრი) ფულარია გარდაიცვალა.

ქუთაისის მკვიდრი დიმა ფულარია, მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, სპორტისადმი ნიჭითა და ლტოლვით სიყრმის პერიოდიდანვე გამოირჩა. მრავალმხრივ ნიჭიერმა ჭაბუკმა ბოლოს არჩევანი რაგბზე შეაჩერა, რაც ლეგენდარული მწვრთნელის, რამაზ სვანიძის დამსახურება გახლდათ.

სვანიძის თავკაცობით ფულარიამ პირველ დიდ წარმატებას 1978 წელს მიაღწია, როდესაც ქუთაისის ‘სახლმშენის’ ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში საბჭოეთის ჩემპიონის ტიტული მოიგო, რის შემდგომ კვაჭის პოზიციაზე მოთამაშე დიმა ფულარია რიონისპირელთა მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მყარად დამკვიდრდა. 1980-85 წლების პერიოდში დიმა ფულარიამ სსრკ-ს პირველობებზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და საბჭოეთის სპორტის ოსტატის წოდებაც მიიღო.

ხერხემლის მძიმე ტრავმამ ფულარიას მოქმედი სპორტსმენის კარიერა იძულებით 26 წლის ასაკში, 1985 წელს დაასრულებინა, თუმცა ფულარიას სარაგბო სამყაროსთან განშორება წუთითაც არ უფიქრია. ფულარიამ რაგბში მოღვაწეობა ‘აიას’ რაგბის სკოლაში მწვრთნელად განაგრძო და ლამის 3 ათეული წლის მანძილზე ქართული რაგბის სამყაროს არაერთი გამოჩენილი მოთამაშე გაუზარდა: აქვსენტი და ირაკლი გიორგაძეები, ბესიკ ხამაშურიძე, თედო ზიბზიბაძე, დავით აშვეთია, გიორგი ნემსაძე, ლევან შარვაშიძე…

ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის დიმა ფულარიას საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა, ოდნავ მოგვიანებით კი მშობლიური ქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვასა და გაწეული სამსახურის გამო, საპატიო ქუთაისელის წოდებაც ირგუნა.

დიმა ფულარია ბოლო წლებში რაგბის მშობლიურ სკოლაში დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და მისი განვითარების საქმეში უდიდესი ძალისხმევა და წვლილი მიუძღვის. რაგბის ამაგდარ ფუნქციონერსა და ღირსეულ მამულიშვილს უკურნებელმა სენმა კიდევ მრავალი კეთილი საქმის კეთება არ დაანება.

რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიმა ფულარიას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ფულარიების ოჯახს და სამძიმარს უცხადებს.