რეგიონული ლიგა | პლეი ოფის კვარტეტი ‘ივერიელმა’ შეავსო

რეგიონული ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტური პლეი ოფის ბოლო მონაწილეს არკვევდა. დასავლეთ ზონიდან საჩემპიონო პლეი ოფში თამაში ჭიათურას ‘მათეს’ და ფოთის ‘კოლხი რაინდებს’ ვადამდე ქონდათ განაღდებული. აღმოსავლეთ ზონის გამარჯვებულმა ‘რუსთავმა’ კი რეგულარული სეზონი საუკეთესო შედეგით დაასრულა. მონაწილეთა შორის ერთადერთმა დაუმარცხებელმა ქვემო ქართლელებმა რეგულარული სეზონის ყველა შეხვედრა მოიგეს და თან ბონუს-ქულის აღება მხოლოდ 1 მატჩში ვერ მოახერხეს.

‘რუსთავის’ კვალ, აღმოსავლეთ ზონიდან პლეი ოფში თამაშის უფლება ‘ივერიელმა’ მოიპოვა. ვაჟა პაიჭაძის ბიჭებმა უქულოდ მყოფ და თან ლიგის მონაწილეთა შორის ყველა მაჩვენებლით აუტსაიდერ ‘ივერიას’ სეზონის 3 რეკორდის თანხლებით და თან სამნიშნა ციფრით მოუგეს – 109:0. ‘ივერიელი’, ლიგის მონაწილეთა შორის 1 მატჩში აღებული ქულებით, გატანილ ლელოთა ოდენობითა და ანგარიშში დაფიქსირებული სხვაობით სეზონის რეკორდსმენი გახდა.  ‘ივერიელმა’ 17 ლელო გაიტანა. „ჰეთ-თრიკით“-ფრთა მიხეილ გოცირიძე გამოირჩა. 12 გარდასახვის ზუსტად შემსრულებელმა შუამარბმა თორნიკე ხურცილავამ კი ბოლო წუთებზე დადებული ლელოთი წერტილი აუტსაიდერის განადგურებას დაუსვა.

‘რუსთავმა’ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში უშანსოდ ‘წიქარა’ დატოვა. მასპინძლები პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ და მეტოქეს მთლიანობაში 7 ლელო დაუდეს. რუსთაველთა წარმატებას სათავე ბურჯმა მიხეილ კუპატაძემ დაუდო, სტუმართა მარცხს კი წერტილი ჰავბეკმა საბა წიქორიძემ დაუსვა. შუამარბ თორნიკე კიკნაძეს მხოლოდ ბოლო გარდასახვა გაუცუდდა. „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან ‘წიქარა’, მეორე ტაიმში ფრთა ლუკა ბურდულის დადებულმა ლელომ იხსნა – 47:5.

‘წიქარას’ მარცხით ‘დინამომ’ იხეირა. ქართული რაგბის უხნეს გუნდს  ‘დევები’ არ გამოუცხადდა. ‘დინამომ’ ბონუს-ქულით მოგება უბრძოლველად გაიფორმა (‘დევებს’ ტექნიკური მარცხი დაუფიქსირდა) და ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.

დასავლეთში, ცხრილში მესამე ადგილზე მყოფმა წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ „კარი გაიჯახუნა“, ზონის გამარჯვებულ ჭიათურას ‘მათეს’ სეზონში მეორე მარცხი აგემა და თან მეტოქე სამატჩო ქულების გარეშე ჩემპიონატში პირველად დატოვა. ზემო იმერლებთან საშინაო დაპირისპირებაში ‘დინოზავრი’ ანგარიშში უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა, მეტოქეზე ერთით მეტი, 3 ლელო გაიტანა და 25:16 იმარჯვა.

ზაზა ჩირგაძის შეგირდთაგან გატანილი ლელოებით თავი მარბიელმა ბორის ტუსკაძემ, ბურჯმა ალეკო ვაშაკიძემ და მხტომელმა ალეკო ჩიხლაძიმ გამოიჩინეს. ‘დინოზავრის’ ფულბეკმა საბა ყურაშვილმა კი 2 გარდასახვას, ამავე ოდენობის გატანილი ჯარიმაც დაურთო. სამართლიანობისათვის უნდა აღნიშნოს, რომ ‘მათეს’ ძირითადის 5 მოთამაშე აკლდა. ‘დინოზავრი’ ჯგუფის ლიდერებს ცხრილში 6 ქულით ჩამორჩა. წლებია, რაც წყალტუბოელებს ზაზა ჩირგაძე უნარიად დამრიგებლობს, იმერლები, თამაშის საკუთარ ხელწერასთან ერთად ცოცხალი რესურსის სიმწირესაც არ უჩივიან, თუმცა რეგულარულ სეზონში უშუალო კონკურენტებთან ნაჩვენებმა არასასურველმა შედეგმა ‘დინოზავრი’ პლეი ოფს მიღმა დატოვა.

ფოთში, ‘კოლხი რაინდებს’ ზესტაფონის ‘არწივები’ არ გამოუცხადდა. მარგველებმა პირველობის ბოლო 2 გასვლით შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხეს. დებულების თანახმად, კოლხებს ბონუსით ტექნიკური გამარჯვება გაუფორმდათ, რამაც ირაკლი სასანიას ბიჭებს ცხრილში ჭიათურას ‘მათესთან’ ქულებით (60) გატოლების შესაძლებლობა მისცა, თუმცა უკეთესი პირადი ბალანსის ქონის გამო, ზემო იმერლებმა პირველი ადგილი შეინარჩუნეს და ‘კოლხი რაინდები’ პლეი ოფში დასავლეთიდან მეორე ადგილით გავიდნენ.

საჩემპიონო 2-მატჩა ნახევარფინალებში ითამაშებენ:

ივერიელი (აღმ. #2) – მათე (დასავ. #1)

კოლხი რაინდები (დასავ. #2) – რუსთავი (აღმ. #1)

პირველი შეხვედრები ზონების მეორეადგილოსანი გუნდების მოედნებზე აპრილის მიწურულს გაიმართება

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე