უხვქულიან და დრამატულ მატჩში, რუსთავის ‘ხარებმა’ ქუთაისის ‘აიას’ 45:38 სძლია და ფლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობით სარგებლობა, პრაქტიკულად დაიბევა.
მე-13 ტურის გადადებული მატჩის პირველ ტაიმში, რუსთავში მასპინძლებმა 19-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ნახევარში სტუმრებმა ორჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ბოლო შეტევას ვერ გაუმკლავდნენ.
თამაში დაიწყო თუ არა, ‘ხარებმა’ დერეფნიდან ხაზზე გაშალა შეტევა, გიორგი კოშაძემ ბოლო მცველი ხელის კვრით მოიშორა და ლელო ალამთან გაიტანა. გიორგი პეტრიაშვილმა ჯერ გარდასახვა შეასრულა ზუსტად, მერე ჯარიმა. მე-15 წუთზე მისი წამოწყებული შეტევა ლევან ნარიმანიძემ გააგრძელა და ხელდახელ იერიში ლელოთო ლევან ჭავჭავაძემ დაასრულა. გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო.
ტაიმის შუაში მოლის შემდეგ გიორგი კურტანიძემ ერთი ლელო გაქვითა. 35-ე წუთზე მოლი უკვე რუსთაველებმა ააგორეს და გიორგი ნარიმანიძის ლელო პეტრიაშვილმა გარდასახა – 24:5.
მეორე ტაიმი ‘აიას’ შეტევებით დაიწყო და მალევე ოფლოუდის შემდეგ შოთა არეშიძემ ლელო გაიტანა. 46-ე წუთზე სტუმრებმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს, დავით კლდიაშვილი მიყვა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, ბონდო აბაშიძემ კი გარდასახა. 52-ე წუთზე ‘აიას’ მოლს ტექნიკური ლელო მოყვა და ანგარიში გათანაბრდა.
64-ე და 68-ე წუთებზე ‘ხარებმა’ სოლიდური უპირატესობა დაიბრუნა. პირველ ჯერზე მოლის შემდეგ დუბლი ჭავჭავაძემ შეასრულა, ხოლო მეორე ეპიზოდში ხელდახელ შეტევა გიორგი ნარიმანიძემ დაასრულა. პეტრიაშვილმა ორივე რთული გარდასახვა ზუსტად შეასრულა. თამაშის დასკვნითი წუთები დაძაბული გამოდგა. ქუთაისელთა მიერ ცენტრში სწრაფად გათამაშებულ ჯარიმას ოფლოუდების სერია და ლადო ტყაბლაძის ლელო მოყვა. ორიოდე წუთში ხელდახელ შეტევისა და ოფლოუდების სერიის შემდეგ ლელო ლისალა ნასეგემ მიითვალა, ლაშა ლომიძემ ორივე გარდასახა (პირველი რთული პოზიციიდან) და წონასწორობა აღდგა.
უკვე გაწითლებულ დროზე, გიორგი ბასილაიამ გადაცემა ჩაჭრა და გამარჯვების ლელომდე 40 მეტრი ირბინა, პეტრიაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლევან ჭავჭავაძე დასახელდა. ‘ხარებს’ 49 ქულა აქვს, დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს ‘ლელოს’ და ადგილის შესანარჩუნებლად, დასკვნით ტურში დაქვეითებული ‘იუნკერების’ ძლევა არ უნდა გაუჭირდეს. ‘აიას’ ბონუსი ერგო, 45 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და დიდი ალბათობით, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე კვლავ რუსთავში მოუწევს სტუმრობა.