ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ქუთაისის ‘არესს’ ბონუსით, 54:27 სძლია და დიდი 10-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, მეორე ადგილი პრაქტიკულად დაიბევა.
ბოლნისელებს 55 ქულა მოუგროვდათ და უახლოეს მდევარს 6-ით გაასწრეს, რისი აღმოფხვრაც ერთ მატჩში შეუძლებელია. თეორიულად, რუსთავის ‘ხარებს’, რომელსაც ერთი გამოტოვებული შეხვედრა აქვს და 45 ქულით მე-5 ადგილზეა, ‘ყოჩებთან’ გატოლების და ურთიერთშეხვედრების ხარჯზე მისი გადასწრების შანსი აქვს. რუსთაველები ‘აიასთან’ გამოტოვებულ თამაშს 22 აპრილს გამართავენ და ბევრი რამ სწორედ მაშინ გაირკვევა.
„რაგბი პლატოზე“ გამართულ მატჩში მაყურებელმა 12 ლელო იხილა, რომელთაგან 8 მასპინძლების ანგარიშზეა. ‘არესი’ მე-4 წუთზე დავით კვირიკაშვილის ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა ‘ყოჩები’ სწრაფად დაეუფლა ინიციატივას და შესვენებამდე მატჩის ბედი გადაწყვიტა.
კოტე მარჯანიშვილმა, ლაშა ფოფხაძემ (ორი), სერგი ჩხაიძემ, ლევან გოგოლაშვილმა, იოსებ გუშარაშვილმა და თემურ ჭიჭინაძემ, მასპინძლებს პირველსავე ტაიმში სოლიდური უპირატესობა შეუქმნეს. სამი ლელო ‘არესის’ შეცდომებს მოყვა, სამი ხელდახელ კომბინაციას, ერთი კი მოლის შემდეგ დაიდო. ‘არესმა’ ტაიმში მხოლოდ დავით კვირიკაშვილის ლელოთი უპასუხა – 47:8.
მეორე ტაიმში იაგო ხაბულიანის ლელოს ბოლნისელებმა კარგი შეტევით და კოტე მარჯანიშვილის ლელოთი უპასუხეს. დარჩენილ დროში ლევან სანიკიძემ და ირაკლი ცხადაძემ ლელოებით ჩამორჩენა შეამცირეს, თუმცა ამით ‘ყოჩებს’ ხასიათი ვერ გაუფუჭეს – 54:27. მატჩის საუკეთესო მოთამაშე იოსებ გუშარაშვილი გახდა.
ფოტო: თაკო კიკალიშვილი