პირველი ლიგა | ‘არმიელთა’ წინსვლა გრძელდება

პირველ ლიგაში გადადებულ შეხვედრათა სერია პირველობის აუტსაიდერ გორის ‘ჯიქისა’ და ლიდერ ‘არმიას’ დაპირისპირებით დაიწყო. ცხრილში მეტოქეთა პოლარულ მდგომარეობაში ყოფნისა და ძლიერი ქარის მიუხედავად შეხვედრა შედეგიანი და საცქერი გამოდგა.

მატჩის საწყის 11 წუთში ფავორიტმა 3 ლელო გაიტანა, რასაც მოგვიანებით 2 ლელო წაუმატა და 35 უპასუხო ქულით საქმე პრაქტიკულად შესვენებამდე მოამთავრა. ბექა სხულუხიას შეგირდები სისწრაფეზე მოქმედებდნენ, მასპინძლებს ხაზს იოლად უჭრიდნენ და მთლიანობაში 8 ლელოს დადება მოახერხეს. „დუბლი“ არმიელთა ფულბეკმა ბექა მაჭარაშვილმა შეასრულა. მეორე ნახევარში ასევე წყვილი ლელოს დადება ‘ჯიქის’ მარბიელმა რობერტ წიწიკაშვილმაც შეძლო – 14:52.

მატჩის გამორჩეული მოთამაშე კი ‘არმიას’ მგეზავი და კაპიტანი რამაზ ჯინაშვილი გახლდათ. რამაზმა მოედანზე პირველი ტაიმი დაჰყო, 5-ივე გარდასახავა პირქარში უზადოდ შეასრულა და ეფექტური ლელოს ავტორადაც იქცა. ჯინაშვილმა მეტოქის 22-მეტრიანი წყვეტილი ხაზიდან წამოღებული ოვალი, ფინტების კასკადის თანხლებით იშვიათი სილამაზის ლელოთი დააგვირგვინა.

ვაზისუბანში, მარნეულის ‘არმაზმა’ ლიდერის მდევარ ‘ხვამლს’ უმასპინძლა. ცხრილის მეშვიდე საფეხურზე ყოფნის მიუხედავად, ქვემო ქართლელები მოწინავე კვარტეტში მოხვედრის მცირე შანს ინარჩუნებდნენ, მუხიანელები კი წარმატების შემთხვევაში მეორე პოზიციაზე მკვიდრდებოდნენ.

შეხვედრა ‘ხვამლის’ კარნახით წარიმართა. მუხიანელები თამაშის მაღალი ორგანიზაციითა და სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილებებით გამოირჩნენ. ბურჯ ზაურ სურამელისა და კვაჭ გიორგი ვარდოსანიძის ლელოთა წყალობით ხვამლი შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ნახევარში ‘არმაზმა’ გაიბრძოლა, ლუკა კოხიას ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 9-ქულამდე შეამცირა, თუმცა ‘ხვამლს’ შეხვედრის სადავეები ხელთ მყარად ეპყრა, რასაც დავით ცხვედიანის ბიჭების კიდევ 3 გატანილი ლელოც ნათლად მოწმობს. მასპინძელთა მარცხს წერტილი მარქაფადან ჩართული ბურჯის გიორგი მაწკეპლიძის გატანილმა ლელომ დაუსვა – 33:10. სეზონში მოპოვებული მე-11 გამარჯვებით ‘ხვამლი’ ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და პირველობის დამთავრებამდე 4 ტურით ადრე ლიდერ ‘არმიას’ კვლავინდებურად 6 ქულით ჩამორჩება.

საკუთარი არენის საფართან არსებული პრობლემის გამო, პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ ოზურგეთის ‘არწივებს’ მეზობლად რუსთავში, „ხარები არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე უმასპინძლეს. შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა და ძლიერმა ქარმა მატჩის სანახაობრივი მხარეც ვერ დააკნინა. პირველი ტაიმის დებიუტში უკეთ გარე კახელები გამოიყურებოდნენ და 3 გატანილი ლელოთი კარგა ხანს ანგარიშში უპირატესობასაც ფლობდნენ. გურულებმა მეთოდურად მოახერხეს უპირატესობის მოპოვება და ფრთა ალექსი ტუჩაშვილის შესრულებული „დუბლით“ ტაიმი ფრედ-17:17 დაასრულეს.

მეორე ტაიმში ‘არწივების’ უპირატესობა გამოიკვეთა. გია ამირხანაშვილის შეგირდებმა ტემპს უმატეს, დაცვაში არსებული ხარვეზი მკვეთრად შეამცირეს და თან გამოცდილი მგეზავის ბახვა კობახიძის გააზრებული თამაშის წყალობით კიდევ 4 ლელოს გატანა მოახერხეს. ტექნიკური ლელოს კვალ, თავი მღლეტელმა გივი ცინცაძემ, ბურჯმა მუხრან ბახტაძემ და მარბიელმა ზურაბ გოთაიძემ გამოიჩინეს. ‘არწივებმა’ საშური პრემიით იმარჯვეს – 41:29 და 48 ქულით ლიდერთა სამეულს დაუბრუნდნენ.

‘არწივებს’ პოტენციურად მეორე ადგილზე დაბრუნების კარგი შანსიც გააჩნიათ, თუკი გურულები კიდევ ერთ გადადებულ შეხვედრაში, ოზურგეთში მარნეულის ‘არმაზის’ ძლევას მოახერხებენ. მართალია, ‘ტაომ’ ცხრილში მეოთხე პოზიციაზე ჩაინაცვლა, თუმცა რეგულარული სეზონის დამთავრებამდე 4 ტურით ადრე მესხები მდევარ ‘ვეფხვებს’ 9 ქულით უსწრებენ და 2 უახლოეს შეხვედრას ცხრილის ქვედა საფეხურებზე მყოფ ‘ჭადარისა’ და ‘ბორჯომის’ წინააღმდეგ გამართავენ.

ლიგაში დარჩენაზე მებრძოლ ‘ბორჯომი’-‘ჭადარის’ შეხვედრას დედაქალაქში, „შევარდენის“ არენამ უმასპინძლა. მატჩის ნომინალური მასპინძელი კი ლიგის დებიუტანტი თორელები გახლდნენ. პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ‘ბორჯომი’ ბურჯ ზურა აფციაურის გარდასახული ლელოთი დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს კახელებმა მხტომელ ალუდა ლიქოკელის ლელოთი ანგარიშში სხვაობა 2-ქულამდე შეამცირეს, რამეთუ ფრთა ლუკა ნაყეურს გარდასახვა გაუცუდდა – 7:5. ნაყეურმა მეორე ტაიმში გატანილი ლელოთი ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, თუმცა კახელთა ერთ-ერთი ლიდერის მეორე გაცუდებულმა გარდასახვამ გია ჭუმბურიძის ბიჭებს დაწინაურების შესაძლებლობა არ მისცა.

მეორე ნახევრის უმეტესი ნაწილი ‘ბორჯომის’ კარნახით წარიმართა. თორელებმა უპირატესობა ძირითადად მარქაფადან ჩართულ მოთამაშეთა ხარჯზე მოიპოვეს. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ლადო ეფხოშვილის კარგი თამაში. ეფხოშვილი მგეზავის პოზიციაზე ეფექტურად გაისარჯა და გუნდიც მწყობრად და პროდუქტიულად აათამაშა. თორელთა მხრიდან დადებული ლელოებით მხტომელი გიორგი ვადაჭკორია და ფრთა გოჩა ჯიქია გამოირჩნენ. ეფხოშვილმა კი საკუთარი გუნდის უპირატესობა 2 გატანილი ჯარიმით გაამყარა – 25:10.

სეზონში მესამე გამარჯვებითა და 13 დაგროვილი ქულით ‘ბორჯომმა’ ლიგაში დამრჩენი მე-8 პოზიცია გაიმყარა და პლეი აუტის ადგილზე მყოფ ‘ჭადარს’ 7 ქულით გაუსწრო.

 

ფოტო: სოფიო ბილანიშვილი