სამედიცინო ტრენინგების სერია ნიუ ვიჟენთან ერთად

23-24 მარტს, საქართველოს რაგბის კავშირისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პარტნიორობით, მოქმედი და დამწყები სპორტული ექიმების, ფიზიო-თერაპევტებისა და სტუდენტებისთვის, ტრავმების დიაგნოსტიკისა და მისი მკურნალობის დაგეგმვის ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს ნიდერლანდური სამედიცინო კომპანია S3 Sportservices-ის ხელმძღვანელი დევიდ შერმანი უძღვებოდა, რომელიც ამავდროულად მსოფლიო რაგბის მეორე დონის ედუკატორია და უკვე წლებია (2017 წლიდან) საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობს. მასში ასევე ჩართული იყვნენ ნიდერლანდური კომანიის -Fysio Holland-ის წარმომადგენლები იარნო კრაინე და მარტაინ სნუკი.

ამ ჯგუფმა 2021 წლის ნოემბერში, სანაკრებო ვერტიკალისა და ქართული კლუბების სპეციალისტებისთვის სახსრების ტრავმის მექანიზმის, მისი ამოცნობისა და ვარჯიშში დაბრუნების სემინარი გამართა, ამჯერად კი ყურადღება მხრის და ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმაზეა გამახვილებული. ტრენინგი სამ ეტაპადაა დაგეგმილი და პირველი ეტაპი ტრავმის სიმძიმის დიაგნოსტიკას და მომავალი მკურნალობის დაგეგმარებას ეხებოდა, მომავალი ორი ტრენინგი კი, რომლებიც წლის განმავლობაში გაიმართება, აღნიშნული ტრავმების შემდეგ, ვარჯიშში და შემდგომ თამაშში დაბრუნებას დაეთმობა.

სწავლებაში რაგბის კავშირის აკადემიის სივრცის სპეციალისტები, ქართული კლუბების მწვრთნელები და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ ჩართული.

„ვცდილობთ იმ გუნდის შენარჩუნებას, რომელმაც სემინარის პირველი ნაწილი ნოემბერში გაიარა, რათა მათი ცოდნა მაქსიმალურად გავაღრმავოთ, მომავალი წლიდან კი, ტრენინგს ახალი ჯგუფი გაივლის. პარტნიორული ურთიერთობა დავამყარეთ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან, რომელსაც სპორტულ მედიცინაში ჩართვის მსურველი სტუდენტების დიდი ბაზა აქვს და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში სპორტული მედიცინის კუთხით ახალი კადრები გამოჩნდებიან. სასიამოვნოა, რომ სტუდენტების მხრიდან ინტერესი დიდია. ამ ეტაპზე ჯგუფში მხოლოდ ოთხი მათგანი მოხვდა, რადგან სწავლებაში ყველა მსურველის ერთობლივად ჩართვა ვერ მოხერხდებოდა, თუმცა მომავალში სწავლების სრულ კურსს ყველა მათგანი გაივლის“ – ამბობს რაგბის კეთილდღეობის დირექტორი ნონო ანდღულაძე.

რაგბის კავშირთან მსგავსი თანამშრომლობით კმაყოფილია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ხათუნა საგანელიძე:

„ჩვენი უნივერსიტეტის ძირითადი მიზანი უკვე დაგროვილი ცოდნის გაზიარება და ახლის შეძენა და დანერგვაა, რაც სრულად ემთხვევა რაგბის კავშირის მიზნებს და თანამშრომლობის პროცესიც უპრობლემოდ დაიწყო. ორივე ორგანიზაციის სურვილია ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება და გადამზადება სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებით. მოწვეული არიან „ფიზიო ჰოლანდის“ უკვე გამოცდილი ტრენერები, რომლებიც საქართველოში პირველად არ არიან და მათი მუშაობით ყველა კმაყოფილია. ტრენინგი საოცარ გარემოში მიმდინარეობს და მასში ჩართული არიან როგორც მოქმედი სპეციალისტები, ასევე ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც ქართული სპორტული მედიცინის მომავალი გახდებიან. ფორმატიდან გამომდინარე, ყველა მსურველის ერთობლივად ჩართვა ვერ მოხერხდა, თუმცა სწავლება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ყველა მსურველი ჩაერთვება“.

დევიდ შერმანი: „საქართველოში არაერთი წარმატებული სემინარი ჩავატარეთ და გადავწყვიტეთ, წელს კონკრეტული ტრენინგები ჩავატაროთ. ეს არის გზა, ტრავმის მიღებიდან თამაშში დაბრუნებამდე და პირველი ორი დღე დაეთმო მხრისა და ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმის დიაგნოსტიკას უშუალოდ მოედანზე, ასევე პირველად დახმარებას და მომავალი მკურნალობის დაგეგმარებას. მოხარულები ვართ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. აქ შესანიშნავი გარემო და ინფრასტრუქტურაა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ახალგაზრდებს სრულად გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ჯგუფი ძირითადად იმ მსმენელებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც ზოგადი კურსის სემინარი გაიარეს, თუმცა არიან ახალი მსმენელებიც, რაც ძალიან მახარებს. ეს იმის მანიშნებელია, რომ კიდევ უფრო გავიზრდებით“.

ფოტო-რეპორტაჟი ?