დიდი 10 | ყოჩები 47:3 იუნკერები

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ კიკეთის ‘იუნკერებს’ 7 უპასუხო ლელო გაუტანა და დიდი 10-ის მე-12 ტურში ბონუსით, 47:3 გაიმარჯვა.

„რაგბი პლატოზე“, ქარში გამართულ მატჩში ‘ყოჩები’ პირველსავე წუთზე, პირველ შერკინებაში დაჯარიმდა და ‘იუნკერების’ სამხრეთ აფრიკელმა ლეგიონერმა ჟაკ დუმამ ანგარიში გახსნა, თუმცა სტუმრებმა მეტი ქულის აღება ვეღარ მოახერხეს. მასპინძლებმა მე-6 წუთზე უპასუხეს, ამჯერად 5-მეტრიანი შერკინებიდან მეტოქეს წესების დაცვით მიაწვნენ, იოსებ გუშარაშვილმა ბურთი აიტაცა და ლელო გაიტანა, ლაშა მალაღურაძემ კი გარდასახა.

მე-18 და 29-ე წუთებზე, ‘ყოჩებმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან ორჯერ ააგორა მოლი და პირველი ლაშა ფოფხაძის, ხოლო მეორე გუშარაშვილის ლელოთი დასრულდა. 33-ე წუთზე ბოლნისელებმა უკვე ხელდახელ შეუტიეს, სერგი ჩხაიძემ ხაზი გაჭრა და თემურ ჭიჭინაძის გავლით ლელო კოტე მარჯანიშვილმა გაიტანა. ტაიმის მიწურულს, 5-მეტრიანი დერეფნიდან დაყენებული მოლიდან, ბურთი გიორგი ბეგაძემ მოულოდნელად გაიტანა და მოკლე ფრთაზე ლელო გაიტანა. მალაღურაძეს მხოლოდ ბოლო გარდასახვა გაუცუდდა – 33:3.

მეორე ტაიმი კვლავ ‘ყოჩების’ შეტევებით დაიწყო. ამჯერად ისინი ხელდახელ ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას და ‘იუნკერებმა’ სინბინით გუჯა ალავიძე დაკარგეს, 53-ე წუთზე კი, სერგი ჩხაიძე ფეხით შეცურებულ ბურთს შეყვა და ის ლელოში დაამიწა. მალაღურაძემ კარის წინიდან გარდასახა. 62-ე წუთზე ბოლნისელებმა ნაცად ხერხს მიმართეს, დერეფნიდან მოლით შეუტიეს და ლევან გენებაშვილმა მასპინძელთა ბოლო ლელო გაიტანა, ნიკოლოზ რეხვიაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 47:3.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სერგი ჩხაიძე გახდა. ‘ყოჩებს’ 12 თამაშიდან 44 ქულა მოუგროვდა, მეორე პოზიციაზე რჩება და ლიდერს 9 ქულით ჩამორჩება, მდევრებთან კი უპირატესობა გაზარდა. ‘იუნკერები’ 10 ქულით კვლავ ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი